__
 

 იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“, და მე ვფიქრობ, არავის გამოუთქვამს უფლის ამაზე უფრო ზუსტი სახელწოდება. მართლაც, ღმერთი არის სათავე სიყვარულისა და სადაც სიყვარულია, იქ სიხარულია, იქ მშვიდობაა.

* * *

მთავარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის დღესასწაული.

* * *

მეფე დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობდა: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. დღეს, როცა საოცარი წინააღმდეგობა და ბრძოლაა ადამიანებს შორის, შევთხოვოთ უფალს, რომ როგორც დავით მეფეს მიმადლა სიმშვიდე, ისე მიანიჭოს საქართველოს!

* * *

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სიტყვები ბიბლიიდან: „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“.

* * *

მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არ არის. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს.

* * *

მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სახარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლიდან.

* * *

გულმოწყალება ცხოვნებისაკენ მიმავალი ყველაზე სწორი და უმოკლესი გზაა. ამიტომაც ბრძანებს უფალი, რომ საშინელი სამსჯავროს დროს მოწყალენი იქნებიან შეწყალებულნი და დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს.

* * *

რწმენა ღვთის არსებობის დაჯერებას კი არ ნიშნავს მხოლოდ, იგი უპირველესად გულისხმობს ცხოვრებას ღმერთში, სასოებას, იმედს მისი წყალობისას.

* * *

სიმშვიდე გულისხმობს თავმდაბლობას, რადგან სწორედ თავმდაბლობა გამორიცხავს ყოველგვარ გაღიზიანებასა და მრისხანებას, ანუ მიზეზს შფოთისას.

* * *

ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს.

* * *

არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ძალიან საყურადღებო სიტყვები თქვა დავით მეფე წინასწარმეტყველმა: „უფალი მეფობს“. ყველაფერში, ყოველთვის, ყველგან უფალი მეფობს. მართლაც, ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ყოველ ნაბიჯზე ღვთის კვალია, ღვთის განგებაა და მისგან მოცემული წყალობაა. ჩვენ არაფერი შეგვიძლია ღვთის გარეშე.

* * *

ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს.

* * *

დიდია ჩვენი ტკივილი: ქვეყანა იცლება სისხლით. დარწმუნებული ვართ, რომ უფალმა ეს მძიმე განსაცდელი მოგვივლინა ერის სულიერი გამოფხიზლების, განწმენდისა და სარწმუნოების აღორძინებისათვის... მე მჯერა, რომ მალე დადგება ის დრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოსა და გაერთიანებულ ერს.
ღმერთმა ინებოს, რომ ერთსულოვნება მოგვცეს უფალმა, წმიდა სამებამ. მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა.

* * *

თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.

* * *

ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან.

* * *

ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას.

* * *

მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება.

* * *

თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლებდა ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი...

* * *

ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს.

* * *

როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან
 

Add to Favorites Send us an e-mail
Interesting websites
Back to home__ / "ღმერთი სიყვარული არს" / წერილები / მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

0.00 (0)

საფეხურები


ქრისტიანობის შესახებ

რა არის ქრისტიანობა? როგორ უნდა დარჩე ქრისტიანად დღევანდელ დღეს? ერთი შეხედვით ქრისტიანობა თითქოს ძალიან ადვილია. მთავარია იყო ქრისტეს მოწაფე და მეგობარი. ეს ორი ცნება თითქოსდა ერთი და იგივეა, მაგრამ მათ შორის განსხვავება ნამდვილად არის. ერთის მხრივ, ჩვენ, ქრისტეს მოწაფეებმა და მიმდევრებმა სახარებიდან უნდა ვისწავლოთ, რაც სწამს თვით ქრისტეს და რასაც ის გვასწავლის. მე ტყუილად როდი ვამბობ „რაც მას სწამს“. ერთხელ მოსკოვში ერთმა ახალგვაზრდა ოფიცერმა მკითხა:

- თქვენ კი გწამთ ღმერთი, მაგრამ თვით ღმერთს რისი სწამს?

- ადამიანისა. - ვუპასუხე მე.

ქრისტიანობაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია: ღმერთთან ერთად ადამიანისაც უნდა გწამდეს, საკუთარი თავიდან დაწყებული. ქრისტე ტყუილუბრალოდ როდი ამბობს, რომ მოყვასი საკუთარი თავივით უნდა გვიყვარდეს. მოყვასის სიყვარული კი იმას ნიშნავს, რომ აკეთებდე ყველაფერს, სხვამ კარგად რომ იგრძნოს თავი და შესძლოს თავისი ადამიანური ღირსებების გამოვლინება. ამიტომ, პირველი, რასაც ქრისტე გვასწავლის, როცა მას დავემოწაფებით, ეს არის გვჯეროდეს ადამიანის, გვქონდეს მისი იმედი, თავი დავდოთ მისთვის საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი, მაგრამ არა ამ სიტყვის პიდაპირი გაგებით. თუმცა ქრისტეს მოწაფენი ფიზიკურადაც კვდებიან ქრისტესთვის თავისი რწმენის დასამოწმებლად. ზოგჯერ ადამიანი უნდა მოკვდეს, სხვამ რომ თავისუფლად ისუნთქოს, გაცოცხლდეს, ცხოვრებაში გასაქანი რომ მიეცეს, მსხვერპლად შეეწიროს სხვას, დაივიწყოს საკუთარი თავი მისი გულისთვის. არ არსებობს სიყვარული იმაზე დიდი, ვიდრე მოყვასისთვის თავის დადება. ეს ძალიან ძნელია, რადგან ცხოვრება შეიძლება იყოს ხანგრძლივი და მძიმე, მან კი ეს ცხოვრება სხვაზე ფიქრში უნდა განლიოს. ქრისტიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი სწორედ, საკუთარ თავზე კი არა, სხვაზე ზრუნვაა.

იყო ქრისტეს მოწაფე ნიშნავს - გწამდეს ადამიანისაც - შენი თავიდან დაწყებული ყველა ადამიანით დამთავრებული, გჯეროდეს, რომ ყველა ადამიანში არის ნათელი, არის სიკეთე. ნათელი კიწყვდიადსაც ანათებს. წყვდიადი ყოველთვის როდი იღებს ამ ნათელს, მაგრამ მას არ ძალუძს მისი ჩაქრობა. ნათელს გააჩნია თვითმყოფადობა, ძალა, სიცოცხლე, მაშინ როცა წყვდიადი მოკლებულია ყოველივე ამას. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ გვჯეროდეს ადამიანისა. გარდა ამისა, სახარებაში ჩვენ მრავალგზის ვპოულობთ მითითებას იმის შესახებ, რომ ღმერთთან ერთად ადამიანისაც ვიწამოთ; ღმერთთან ერთად სიცოცხლის ბოლო წუთამდე ჩვენც გვჯეროდეს, რომ თვით ბოროტმოქმედშიც კი შეიძლება გაიღვიძოს ადამიანურმა ღირსებებმა. ხდება ისეც, რომ ადამიანი მთელ თავის ცხოვრებას უღირსად გაატარებს, და მოულოდნელად, როცა პირისპირ აღმოჩნდება არამცთუ სიკვდილის საშიშროების, არამედ გარდუვალობის წინაშე, გონს მოეგება და სრულიად სხვა ადამიანად გარდაიქმნება. ასე რომ, ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრება ბოროტმოქმედებას ჩადიოდეს და ბოლოს მართალ ადამიანად გარდაიცვალოს, ამის შემდეგ მოწმობს წმიდა სერაფიმე საროველის სიტყვები:

- ადამიანის ცხოვრების პირველი წლები - ბავშვობა და სიცოცხლის უკანასკნელი წლები უმეტესად მშვიდია, ნათელი და კარგი, ცხოვრების შუა პერიოდი კი - ბობოქარი. ეს უნდა გავითვალისწინოთ, როცა განვსჯით საკუთარ თავს თუ სხვას.

ხშირად ამბობენ: ქრისტიანი რომ იყო, ქრისტეს მცნებანი უნდა დაიცვა. რა თქმა უნდა! მაგრამ ქრისტეს მცნება ბრძანება როდია იცხოვრო ასე და ამგვარად, და თუ არ იცხოვრებ მცნებების მიხედვით, დაისჯები. არა! ქრისტეს მცნებები ეს არის ქრისტეს მცდელობა დაგვანახოს როგორი იქნება თითოეული ჩვენგანი, ნამდვილი, ღირსეული ადამიანი რომ გახდეს. ქრისტეს მცნებები ბრძანება კი არა, გამოცხადებაა იმისა, თუ რისთვისა ვართ ჩვენ მოწოდებულნი და აქედან გამომდინარე, როგორები უნდა ვიყოთ.

ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რომ ჩვენ ქრისტეს მოწაფეებიც უნდა ვიყოთ და მეგობრებიც.

ხდება ხოლმე, რომ 7-8 წლის ბავშვები ჩემთან პირველ აღსარებაზე მოსულნი, ცოდვათა მთელ წყებას ჩამომითვლიან. მე ვუსმენ, მერე კი ჩვეულებისამებრ ვეკითხები:

- მითხარი: შენ ყოველივე ამაში გრძნობ თავს დამნაშავედ, თუ იმას მიმეორებ, რაშიც მშობლები ბრალს გდებენ?

- არა, ეს დედამ მითხრა, რომ ასე უნდა ვაღიარო ცოდვები, რადგანაც, როცა მე ვარღვევ ოჯახის მყუდროებას, ჩემი საქციელი მის გულისწყრომას იწვევს.

- მოდი ამას თავი დავანებოთ. მთავარი სულ სხვა რამაა. შენ აქ იმისთვის ხომ არ მოსულხარ, ის მიამბო, დედ-მამას როგორ აბრაზებ. ერთი ეს მითხარი, გსმენია რაიმე ქრისტეს შესახებ?

- დიახ.

- წაგიკითხავს სახარება?

- დედა და ბებია მიამბობენ ხოლმე; რაღაც მეც წამიკითხავს და ტაძარშიც მომისმენია.

- მითხარი, მოგწონს ქრისტე, როგორც ადამიანი?

- დიახ.

- ისურვებდი მასთან მეგობრობას?

- რა თქმა უნდა!

- იცი კი რას ნიშნავს მეგობრობა?

- დიახ, ეს ნიშნავს: იყო მეგობარი.

- მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მეგობარი ის ადამიანია, ვინც მეგობრის ერთგული რჩება ცხოვრების ნებისმიერ ვითარებაში, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეგობარს იმედი არ დაუცრუოს, არ მოატყუოს და ბოლომდე მასთან დარჩეს, მაშინაც კი, როდესაც მას სხვები ზურგს შეაქცევენ. მეგობარი ის ადამიანია, ვინც ბოლომდე თავისი მეგობრის ერთგული რჩება. ახლა წარმოიდგინე: ხარ სკოლაში, ქრისტე რომ ჩვეულებრივი ბიჭი იყოს და მთელი კლასი მის წინააღმდეგ ამხედრდეს, მაშინ რას იზამდი? გამოიჩენდი იმდენ ერთგულებასა და გამბედაობას, რომ მას გვერდში ამოდგომოდი და გეთქვა: თუ ამის ცემას აპირებთ, მეც მცემეთ, მეც მასთან ვარ? თუ შენ მზად ხარ, იყო ასეთი მეგობარი, მაშინ შეგიძლია თქვა: დიახ, მე ქრისტეს მეგობარი ვარ და მაშინ უკვე სულ სხვა კითხვებს დაუსვამ საკუთარ თავს აღსარების წინ. იკითხე სახარება! ამ წიგნიდან შეიტყობ, თუ როგორ უნდა იცხოვრო, საკუთარ თავზე გული რომ არ აგიცრუვდეს; როგორ უნდა იცხოვრო, ქრისტე რომ შენით გაახარო; იგი მაშინ გაიხარებს, თუ დაინახავს, მისი მეგობრობისთვის სულ სხვა ადამიანად რომ იქცევი. შენთვის ეს გასაგებია?

- დიახ.

- მზადა ხარ ასეთი მეგობრობისთვის.

- დიახ...

ქრისტიანული ცხოვრება იმაში მდგომარეობს, რომ იყო ქრისტეს ერთგული მეგობარი და მუდამ სწავლობდე რა უყვარს მას, რა არ მოსწონს, რომ მიიყვანა იგი ჯვარცმამდე და შენც ამის მიხედვით იცხოვრო. I საუკუნეებში ქრისტეს ერთგულება ნიშნავდა მზადყოფნას, დაუფარავად გეღიარებინა ქრისტე მდევნელთა წინაშე:

„- მეც ერთი იმათგანი ვარ“. და თუ საჭირო იქნებოდა ჯვარზე გაკრულიყავი, და ამისთვის არ დაგნანებოდა ყველაზე ახლობელი ადამიანიც კი! ადრე ქრისტესთვის ვნება ღირსებად, პატივად, ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო ხვედრად ითვლებოდა მნიშვნელოვანი ნაამბობი ერთ დედაზე, რომელიც რომის კოლიზეუმში ბავშვთან ერთად გარბოდა. გზაზე იგი გააფრთხილეს:

- სად გარბიხარ?! იქ ქრისტიანებს აწამებენ!

- ვიცი. მეც მინდა ვეწამო ქრისტესთვის.

- ეს ბავშვი მაინც დატოვე, არ გეცოდება?

- განა შემიძლია იგი მოვაკლო ქრისტესთვის თავის განწირვის სიხარულს?!

დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვემუქრება სიკვდილის ამგვარი საფრთხე. მაგრამ ყოველთვის მაინც დგას ჩვენს წინაშე კითხვა: ქრისტესთან ვართ, თუ მის წინააღმდეგ? თუ შენ სულ უმნიშვნელო რამისთვისაც კი მზადა ხარ ტყუილი თქვა, მზადა ხარ იცრუო სიმხდალის ან რაიმე გამორჩენის მიზნით - მაშინ შენ არა ხარ ქრისტეს მოწაფე. თუ შენ შეგიძლია დაივიწყო სხვისი გასაჭირი, იმიტომ, რომ ეს სარგებლობას არ მოგიტანს, პირიქით, თუ ეს შენგან ძალისხმევას მოითხოვს, და შენ ამ შესაძლებლობებს დაზოგავ, მაშინ შენ არა ხარ ქრისტეს მოწაფე. ქრისტეს მოწაფეობა სულაც არ ნიშნავს აუცილებლად საგმირო საქმეების ჩადენას. საკმარისია გმირულად მოიქცე ყოველდღიურად, სულ უმნიშვნელო წვრილმანებში; განდევნო შენგან ბოროტი გულისთქმანი, განიწმინდო გული ისე, რომ ღირსი შეიქმნე იმ სიყვარულისა, რაც ღმერთს შენდამი გააჩნია, არ გრცხვენოდეს შენს თავს უწოდო ქრისტიანი.

იყო ქრისტეს მოწაფე - ნიშნავს მზად იყო იმისათვის, რომ ადამიანებს უთხრა:

- დიახ, მე ქრისტესი ვარ. და თუ თქვენ ამის გამო შემაქცევთ ზურგს, იყოს ნება თქვენი; მე არ ვაპირებ ქრისტეს უარყოფას თქვენთან მეგობრობის სანაცვლოდ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გმირობის ჩასადენად ზოგჯერ ერთი წამიც სამკარისია. მაგრამ გმირული საქმეები ადამიანს ყოველთვის როდი ეძლევა. ყოველდღიური გმირობა არც არის აუცილებელი. მამა სერგი ბულგაკოვს ერთი ასეთი სტატია აქვს: „გმირობა და მოღვაწეობა“. „გმირობა - ამბობს მამა სერგი, - არის მხოლოდ რაღაც კონკრეტული ქმედების განხორციელების მომენტი და იგი შეიძლება დამთავრდეს გამარჯვებით ან მარცხით“. მოღვაწეობა კი ცხოვრების ისეთი წესია, რომლის დროსაც ადამიანი დღენიადაგ სწავლობს ქრისტესგან, თუ როგორ იცხოვროს; მოიხვეჭს თავის სულში ქრისტეს ნათელს; მტკიცედ იღწვის იმისათვის, რომ იცხოვროს და ღირსეულად ატაროს ადამიანისა და ქრისტიანის სახელი. მაგრამ რას ნიშნავს ადამიანის სახელი? ვიმეორებ: შეხედე ქრისტეს. კაცობრიობის ისტორიაში იგია ერთადერთი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ადამიანი, ამ სიტყვის სრული გაგებით, ადამიანი, ისეთი დიდი, ისეთი სუფთა და გახსნილი ღვთის წინაშე, რომ მასში ღმერთი და ადამიანი ერთმანეთს შეერწყა და ამ ერთობაში ადამიანი არ იკარგება.

ქრისტეს განკაცების ისტორიაში ეს ასრულებს კოლოსალურ, უდიდეს როლს. ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი გახდა ადამიანი, განკაცდა; რომ ქალწულისაგან შობილი იესო, იყო ადამიანი, ამ სიტყვის სრული გაგებით.

მაგრამ როგორ ხდება ეს?

როგორ ხდება ღვთაებრივისა და ადამიანურის შეერთება?

ამაზე პასუხი წმიდა მაქსიმე აღმსარებელს აქვს. იგი გვეუბნება, რომ ქრისტეში ღვთაებრივი ისევე შეერწყა ადამიანურს, როგორც ღუმელში რკინას ერწყმება ცეცხლი. დააკვირდით ჯერ როგორ ნაცრისფერდება, იბურება ცეცხლში რკინა, მერე იქიდან გამოღებული როგორი მანათობელი და ცეცხლოვანია. რკინა და ცეცხლი ისე შერწყმია ერთმანეთს, რომ ცეცხლით შეიძლება გაჭრა რკინა, რკინით კი ცეცხლი ააელვარო (ასე იძენენ ისინი ერთმანეთის თვისებებს). ჩვენ მოწოდებულნი ვართ ასევე გავერთიანდეთ ქრისტეში და მისი ცხოვრება ჩვენს ცხოვრებად ვაქციოთ. საიდუმლოებებში, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრეთ, სწორედ ჩვენი ქრისტესთან შეერთების მომენტია განცხადებული, როდესაც თითოეული ადამიანის სხეული ქრისტეს სხეულად იქცევა. მამა სერგი ბულგაკოვი წერს:

- ქრისტიანული ტაძარი ეს არის მიწაზე განკაცებული ქრისტეს სამყოფელი, ამიტომ ჩვენ ყველანი მისი განკაცებული ღვთაებრივი სხეულის ნაწილები ვხდებით.

აი, რას ნიშნავს ქრისტიანობა.

როგორ განვახორციელოთ ყოველივე ეს პრაქტიკულად ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე? ზოგჯერ ეს ძალზე იოლია, ზოგჯერ კი რთული. მახსოვს ერთი მეგობრის ნაამბობი, რომელიც ჩემზე ათი წლით უფროსია. იგი შვეიცარიის ქალაქ ციურიხის ეპისკოპოსი იყო. ახალგაზრდობაში პარიზში სწავლობდა. ისეთი მაღალი და მხარბეჭიანი იყო, რომ შეუძლებელი იყო ვინმესთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ამის გამო ყოველთვის წუწუნებდა. ერთხელაც მეტროში ერთმა ბიჭუნამ სახელოზე მოქაჩა და ჰკითხა:

- ძია, არ გწყინდებათ იქ, მაღლა მარტო დგომა?

ბიჭი ცეროდენა იყო, ჩემი მეგობარი კი ძალიან მაღალი.

როცა ომი დაიწყო, მისგან წერილი მივიღე. მწერდა:

- ყოველთვის ვუჩიოდი ჩემს სიმაღლესა და მხარბეჭს, ახლა კი ისე მიხარია ასეთი რომ ვარ. სროლისას ჩემს უკან ორ ადამიანს მაინც თავისუფლად შეუძლია თავის შეფარება.

ეს არ იყო ლიტონი სიტყვები, რადგან ომში იგი, მართლაც, ასე იქცეოდა, თავს სდებდა არა მარტო თავისი მეგობრისთვის, არამედ ყველა ჯარისკაცისთვის, რომელსაც შეეძლო მის უკან დამალვა. იგი ამ ომში არ დაღუპულა. მაგრამ მთავარია, რომ მას შეეძლო თავგანწირვით აფარებდა სხვა ადამიანს.

ჩვენ შეიძლება ცხოვრების მანძილზე ვერ გამოვიჩინოთ ასეთი გმირობა, რადგანაც ასეთი შესაძლებლობა ადამიანს ძალიან იშვიათად ეძლევა; მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დიდსა და მცირე საქმეში ვიღვაწოთ, ყოველთვის წინ ვიაროთ, რომ მივემსგავსოთ ქრისტეს და გავახაროთ იგი ჩვენი განწმენდით, იმით, რომ გავითავისოთ მისი თვისებები, შევიმეცნეთ რა არის მისთვის მიუღებელი და რა სასიხარულო.

მახსოვს მღვდელი გიორგი შუმკინი, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, თუმცა მე იგი ხანდაზმული მეჩვენებოდა, რადგან მე 10 წლისა ვიყავი. მან თავი ჩვენდამი დამოკიდებულებით დამამახსოვრა. იგი ჩვენი ბანაკის მოძღვარი იყო. ყველას გვანცვიფრებდა იმით, რომ ჩვენს შორის არავინ ჰყავდა გამორჩეული, ყველანი ერთნაირად ვუყვარდით. როცა კარგად ვიქცეოდით ხარობდა, როცა ცუდად, კი ვუყვარდით, მაგრამ უკვე გულისტკივილს გამოხატავდა და ამ ტკივილით გვაფხიზლებდა და გვკურნავდა. მაშინ მე ღმერთის შესახებ არაფერი ვიცოდი და მისი ასეთი საქციელი მაოცებდა. მერე კი, როცა ღვთის შესახებ გავიგე, მივხვდი, რომ ღმერთსაც ასე ვუყვარვართ. ჩვენით ხარობს და ჯვარსაც ეცვა ჩვენთვის. ამიტომაც გახდა მამა გიორგის გულისტკივილი ჩვენი განახლების საფუძველი. ბევრი ჩვენგანი შეიცვალა იმიტომ, რომ ვერ გავუძელით მისი გულისტკივილის და განცდების ასე მძაფრად გამოხატვას.

აი, რაში მდგომარეობს, ჩემის აზრით, მარტივად და უბრალოდ რომ ვთქვათ, დღეს ქრისტიანობა.


ტაძრის შესახებ

პირველი, რაც მინდა გითხრათ, და რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, არის ის, რომ პირადად ქრისტეს არაფერი დაუწერია. სახარება, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეკლესიის ხსოვნაა, ქრისტეს უახლოეს მოწაფეთა ხსოვნაა, ისაა, რაც მათ განიცადეს, რაც მათ ქრისტესთან ურთიერთობის დროს ისწავლეს.

ქრისტეს ჩვენთვის არ დაუტოვებია სახელმძღვანელო წიგნი, როგოროც ამას აკეთებდნენ სხვა მოძღვრები. მაშ რა დაგვიტოვა მან? შეგვიძლია კი ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ სახარება სწორედ იმას მოიცავს, რასაც ის გვასწავლიდა, რომ სწორედ ასეთი იყო მისი მოძღვრება?! დიახ, შეგვიძლია. და ამის წარმოდგენა იმაზე უკეთ შეგვიძლია, ვიდრე მისგან რომ გვქონოდა წიგნი, რომლის წაკითხვისას თითოეული იმას აღმოვაჩენდით მასში, რასაც მოვისურვებდით, როგორც ეს ყოველთვის ხდება სხვა მწერლების ნაწარმოებთა კითხვისას. განა ჩვენ მათში მხოლოდ საკუთარ თავს არ ვხედავთ და ნაწარმოებსაც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში არ აღვიქვამთ?!

ქრისტეს წიგნები არ დაუტოვებია, მაგრამ დატოვა ცოცხალი საკრებულო, რომელსაც ეწოდება ეკლესია და რომელიც უშუალოდ იცნობს ქრისტეს. მე ვამბობ: „იცნობს“, და არა „იცნობდა“. პირველი საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, ყველა, ვინც გახდა მორწმუნე, ასე თუ ისე უშუალოდ შეხვდა ქრისტეს, და ამიტომ შეუძლია გაიმეოროს პავლე მოციქულის სიტყვები: - ჩვენ გიამბობთ იმის შესახებ, რაც საკუთარი თვალით გვინახავს, რასაც ჩვენი ხელების შეხებია, რაც ჩვენს ყურს სმენია.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ჩვენთვის აბსოლუტურ, უეჭველ რეალობას წარმოადგენს, რადგანაც იგი ჩვენი გამოცდილების საზღვრებშია მოქცეული. საუკუნეებიდან მოყოლებული ყველა მორწმუნე ამას განიცდის. და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია ეს არის საზოგადოება, გაერთიანებული - როგორც ეს კატეხიზმოში წერია - არა მარტო საიდუმლოებებით, დოგმატებითა და წესებით (ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, არის ეკლესიაში და გარვეულწილად წარმოადგენს მის შემადგენელ ნაწილს). ეკლესიის გული კი უფრო სხვაა. ეს არის - შეხვედრა, ადამიანის ქრისტესთან პირისპირ შეხვედრა. ეს შეხვედრა შესაძლოა იყოს უჩვეულო, და იგი შეიძლება თანდათან მოხდეს, შეუმჩნევლად, მაგრამ იგი უნდა შედგეს, რათა ადამიანმა შეძლოს თქმა: „მე მორწმუნე ვარ“.

რწმენა, ეს არის ქრისტესთან შეხვედრის გამოცდილება, მაგრამ იმის გადმოცემა, რაც ამ დროს ხდება, შეუძლებელია. ადამიანურ ენაზე იგი გამოითქმება მხოლოდ ჩვენი გაგების, ჩვენი აღთქმის შესაძლებლობის ფარგლებში. მე მოგიყვებით, რაც თვითონ შემემთხვა და მერე შევეხები საკითხს, თუ რაში გამოიხატება რწმენა. დავიბადე პირველ მსოფლიო ომამზე. ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება მოიცავს რუსეთის ტრაგიკულ წლებს, შემდეგ ემიგრაციაში ცხოვრების პერიოდს. ვითარება ისეთი იყო, რომ მე უბრალოდ ქრისტიანული სწავლების შესახებ არაფერი მსმენოდა. ემიგრაციაში დახურულ სკოლაში მიმაბარეს. იქიდან მხოლოდ კვირაობით თუ გამოვდიოდი, ისიც სულ რამდენიმე საათით. ამ დროს კი ჩემს ნუგეშისცემასა და გახარებას უფრო ანდომებდნენ მშობლები, ვიდრე ასეთ სწავლებას. ამიტომ მე ღმერთზე არავითარი წარმოდგენა არ მქონდა. ვიცოდი, რომ ჩემს მშობლებს სწამდათ ღვთისა, მაგრამ ამაზე მეტი არაფერი ვიცოდი. ასე გრძელდებოდა დიდხანს.

ჯერ კიდევ პატარა, რუსულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში შევედი. სწორედ იქ შევხვდი მამა გიორგის, ვის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ (ქადაგება „ქრისტიანობის შესახებ“ - მ.ბ.), და რომელიც საუბრობდა ყოვლისმომცველი სიყვარულის საიდუმლოზე, სიყვარულისა, რომელსაც სიხარულიც შეუძლია და ჯვარცმაც. მაშინ მე ეს აღვიქვი როგორც მისი პირადი, ჩემთვის გაუგებარი რამ. გავიდა წლები. ღმერთზე ბევრი რამ მესმოდა, მაგრამ არ დავინტერესებულვარ. ერთხელაც, 14 წლის ყმაწვილებს თამაშისას, მოგვიახლოვდა ჩვენი ხელმძღვანელი და გვითხრა:

- ბიჭებო, მალე ვნების კვირა დადგება. ამიტომ თქვენთან სასაუბროდ მღვდელი მოვიწვიეთ. წამოდით დარბაზში.

წასვლაზე ყველამ უარი განვაცხადეთ. ყველაზე მეტად მე არ მინდოდა წასვლა; დანარჩენები ასე თუ ისე ეკლესიურნი მაინც იყვნენ, მე კი წარმოდგენაც არ მქონდა ამაზე. ხელმძღვანელს ვუთხარი, რომ არც ღმერთისა მწამდა, არც მღვდლისა, და რომ არავითარი სურვილი არ მქონდა მესმინა ის, რაც სრულებით არ მჭირდებოდა. ჩემი ხელმძღვანელი ჭკვიანი კაცი იყო. მას არ უთქვამს ჩემთვის, რომ ეს „ჩემს სულს წაადგებოდა“.

მან მითხრა:

- წარმოდგინე რა მოხდება, არავინ რომ არ წამოხვიდეთ. მთელი პარიზი გაიგებს. მე შენგან სრულიადაც არ მოვითხოვ უსმინო მას. წამოდი, მიდექი კუთხეში და იფიქრე რაზეც გინდა.

„კარგი, სკოლის პატივისცემის გამო, სადაც ვსწავლობ, ამის გაკეთება შემიძლია“ - გავიფიქრე. და წავედი. დავჯექი კუთხეში, ვაპირებდი კიდეც საკუთარ ფიქრებში ჩაძირვას, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, თუ საბედნიეროდ მღვდელი ისე ხმამაღლა ლაპარაკობდა, ფიქრში ხელს მიშლიდა. ხოლო მისმა საუბარმა ისე ამაღელვა, რომ ჩემდა უნებურად ყური მივუგდე. იგი საუბრობდა ქრისტეზე. მაშინ ჩვენ ყველა გვასწავლიდა, რომ ხმლით ხელში უნდა დავბრუნებულიყავით რუსეთში და დაგვეხსნა იგი ბოლშევიზმისაგან; იგი კი საუბრობდა მორჩილებაზე, დათმენაზე, თავმდაბლობაზე, ყველა იმ სათნეობაზე, რომლებიც ჩვენ არ გვჭირდებოდა, რადგან, როგორც გვეგონა, მათ ჩვენი საქმისთვის არავითარი სარგებლობის მოტანა არ შეეძლოთ. სულ უფრო და უფრო მიპყრობდა მღელვარება. მისი საუბრის დასრულების შემდეგ, შინისაკენ გავეშურე და დედაჩემს ვთხოვე, თავისი სახარება მოეცა ჩემთვის, რათა შემემოწმებინა...

მახსოვს, როგორ ვუთხარი დედას:

- თვითონ მინდა დავრწმუნდე, და თუ სახარებაში მართლა ის წერია, რასაც ეს მღვდელი ამბობდა, მაშინ ჩემთვის აღარ არსებობს ღმერთი, არ არსებობს ქრისტე და ნათლობის ჯვარსაც მოვისვრი!

სანამ კითხვას დავიწყებდი, გამახსენდა, როგორ გვითხრა მღვდელმა, რომ არსებობს ოთხი სახარება, და როგორც მე დავასკვენი, მათში ერთ-ერთი ყველაზე მოკლეა. დრო რომ არ დამეკარგა, გადავწყვიტე წამეკითხა ყველაზე მოკლე.

სწორედ აქ გავები მახეში. დავიწყე მარკოზის სახარების კითხვა, რომელიც განკუთვნილია ჩემისთანა ველური ბიჭებისათვის. თავიდან გაგება გამიჭირდა, სლავური ჩემთვის გაუგებარი იყო, მაგრამ უცებ ვიგრძენი, მაგიდის მოპირდაპირე მხარეს ცოცხალი ქრისტე რომ იდგა. იგი არ დამინახავს, არც შევხებივარ, არც ხმა გამიგონია. გადავწექი სკამზე, შევყურებდი და ვრწმუნდებოდი, რომ ეს არ იყო ხილვა, არც ჰალუცინაცია. ეს უბრალოდ იყო რწმენა იმისა, რომ იგი იქ იდგა. მაშინ გავიფიქრე:

„თუ ეს ასეა, მაშინ ყველაფერი, რაც მასზე თქმულა, მართალი უნდა იყოს. თუ იგი მოკვდა და ახლა ცოცხალია, მაშასადამე ეს ისაა, ვიზეც საუბრობდა მამა სერგი“.

დავიწყე სახარების კითხვა და იმდენი რამ აღმოვაჩინე, რომ გავოცდი. მე ხომ მიჩვეული ვიყავი ცხოვრებისათვის, როგორც ჯუნგლებისათვის ისე მეცქირა. ყველა ადამიანი ჩემთვის საფრთხეს, მტერს წარმოადგენდა. და იმისათვის, რომ მეარსება ემიგრაციის ამ „ჯუნგლებში“, მტკიცე და შეუვალი უნდა გავმხდარიყავი. და აი, უცებ სახარებაში ვკითხულობ, რომ ღმერთი უნათებს თავისი ნათლით კეთილებსაც და ბოროტებსაც. ვიფიქრე, თუ ეს ასეა, და თუ მეც მინდა ღმერთთან ყოფნა, უნდა შევიყვარო არა მარტო კარგები, არამედ ბოროტებიც, რომლებისაც მეშინია, და რომლებიც აქამდე მძულდნენ. და მე გადავწყვიტე: ქრისტესთან თუ მინდა დარჩენა, მეც უნდა მიყვარდეს ყველა, როგორადაც არ უნდა მომექცნენ ისინი მე. თუნდაც მდუღარე გადამასხან, მაინც არ უარვყოფ ამ სიყვარულს.

ასეთი იყო ჩემი პირველი შეხვედრა ქრისტესთან.

მეორე დღეს, სადგურზე გამოსული (ჩვენ მაშინ ქალაქგარეთ ვცხოვრობდით) შევცქეროდი ადამიანებს და ვფიქრობდი: „ყველანი ღმერთმა შექმნა, მას ყველა უყვარს, და მეც ყველა მეყვარება“. სრულად არ შემიძლია ამის გადმოცემა რაც ჩემს სულში მოხდა, როცა პირისპირ დავრჩი ქრისტესთან.

რას ნიშნავს ეს? პავლე მოციქულის სიტყვებით, რწმენა - ეს არის „იწამო უხილავი“. ქრისტე მე არ დამინახავს, მაგრამ მე მას შევხვდი; ამაში სავსებით დარწმუნებული ვარ ახლაც, თითქმის 80 წლის შემდეგაც. მერე კი მომიწია გამომეხატა ჩემი რწმენა. როგორღაც მრავალი წლის შემდეგ ხელში ჩამივარდა ღირსი მაკარი მეგვიპტელის წიგნი, სადაც იგი მიგვანიშნებს განსხვავებაზე, რომელიც არსებობს რწმენაში გამოცდილებასა და მის სიტყვებით გადმოცემას შორის. იგი ამბობს:

- „წარმოიდგინეთ, ზიხართ ნავში, რომელსაც მიაცურებს ზღვა ან მდინარე უკუნეთში. თქვენ წევხართ, თქვენს ზემოთ უძირო ცა და ვარსკვლავებია; ანათებს მთვარე; თქვენ კი გარწევთ ტალღა და მაშინ თქვენ მთელი არსებით შეიგრძნობთ ამ რწევას, მერე იწყება წყლის უკუქცევა და თქვენი ნავი ქვიშაზე აღმოჩნდება. ამ მომენტში უკვე აღარ გრძნობთ რწევას. მაგრამ თქვენში იგი მაინც გრძელდება. თქვენ იცით, რომ იგი იყო, და მას ისევ გრძნობთ“.

აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი სულიერ ცხოვრებაში, მომენტი, როცა რწმენის გამოცდილებიდან უკვე შეგვიძლია მისი გადმოცემა, შეგვიძლია საუბარი იმის შესახებ, რაც განვიცადეთ მთელი სულითა და სხეულით. ყველა მოციქულს, ყველა წმინდანს, ყველა ცოდვილს, რომელიც კი ოდესმე შეხებია ქრისტეს სამოსის კალთას, შეუძლია თქვას: ამ დროს მე რაღაც დამემართა, ამ დროს რაღაც განვიცადე, და რაღაც შევიგრძენი. შევეცდები როგორღაც მაინც გადმოგცეთ ეს.

ჩვენ ყველას შეგვიძლია ამაზე საუბარი, მაგრამ ნუთუ ასე, უბრალოდ დამიჯერებენ მე ან სხვას, რომ ვთქვა: ასე დამემართა. განა არ მეტყვიან:

- ხომ არ გვატყუებ? ან იქნებმოგეჩვენა...

მე მახსენდება ამბავი სახარებიდან, როცა ქრისტე თავის 10 მოწაფეს აღდგომის შემდეგ გამოეცხადა. იუდა უკვე მკვდარია, თომა მათთან არაა. ისინი შეხვდნენ ქრისტეს და გაიხარეს, რომ სიკვდილმა ვერ სძლია მას, რომ გამარჯვება მას დარჩა, რომ იგი კვლავ ცოცხალია. მერე მოვიდა თომა, და უამბეს მას ამის შესახებ, უთხრეს, რომ იხილეს აღმდგარი ქრისტე. მან თვალი მოავლო ყველას და თქვა:

„თუ არ შევეხები მის იარებს, ამას ვერ დავიჯერებ“.

რატომ არ ირწმუნა თომამ მოწაფეების ნათქვამი?

იმიტომ, რომ როცა მოწაფეები მომხდარზე უყვებოდნენ, მათში ვერავითარი ცვლილება ვერ შეამჩნია. ისინი გახარებულები კი იყვნენ, მაგრამ იყვნენ ზუსტად ისეთები, როგორებიც ადრე ენახა. მან ვერ დაინახა მათში ფერისცვალება. ეს ფერისცვალება მოხდა ცოტა მოგვიანებით, როცა მათზე გადმოვიდა სული წმიდის მადლი. მას არ შეეძლო ერწმუნა მათი სიტყვები, რადგან ვერ დაინახა მათში ვერანაირი ცვლილება. თუ ადამიანი ჩვენში დაინახავს რაიმე ნათელს, მაშინ ირწმუნებს ჩვენს სიტყვას. იგი ირწმუნებს ჩვენსას, თუ დაინახავს, რომ ისეთები არა ვართ, როგორც ყველა, თუ დაინახავს, რომ ჩვენგან იღვრება უკვდავების ნათელი. მაშინ იგი ირწმუნებს ჩვენსას. ერთი წმინდანი ამბობდა, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთი დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის. ქანდაკება შესაძლოა შესანიშნავი იყოს, ყველა ადამიანს სჯობდეს, მაგრამ იგი ყოველთვის დარჩება ხედ ან ქვად. ადამიანი შეიძლება შეუხედავი იყოს, მაგრამ მასში ყოველთვის არის რაღაც, რასაც შეუძლია ღვთაებრივი ნათლით გამობრწყინება. სწორედ ამაშია ეკლესიის არსი და იგი შეიძლება გამოვლინდეს ყოველ ადამიანში ქრისტეს სიახლოვის შესაბამისად, მასთან ზიარებით და სული წმიდის მადლის მოხვეჭით.

ეს შესაძლოა განიცადოს ურწმუნო ადამიანმაც, რადგან რწმენისაგან შორს მდგარიც ადამიანია, ამ სიტყვის სრული გაგებით. და თუ მას ნაპერწკალი მოხვდება, გამხმარი ხესავით იგიც ყოველ წუთს შეიძლება აელვარდეს, აენთოს. მაგრამ აქ იგულისხმება ადამიანი, რომელსაც ჯერ ვერ უპოვია ცხოვრებაში ჭეშმარიტება და არა ურწმუნოებით გადაგვარებული. და ჩვენ მორწმუნეებს, რომლებიც შევხვდით ღმერთსა და ქრისტეს, გვმართებს ვაფრქვევდეთ ასეთ ნათელს, ამ ნათლის მატარებლები ვიყოთ. არ არის აუცილებელი იგი თვალის მომჭრელი იყოს. იგი შეიძლება პატარა სანთელივით ანათებდეს, მაგრამ ამით გამოვხატოთ ეკლესიის არსი, მისი ჭეშმარიტი ბუნება.

სწორედ ამ ნათლის მეშვეობით წარმოაჩენს ეკლესია ურწმუნო ადამიანთა ცნობიერებაში, რომ თავისი ნამდვილი არსით იგი ქრისტეს სხეულია, ე.ი. ეს არის ათასწლეულებისა და საუკუნეების მანძილზე არსებული ხსოვნა განკაცებული ღმერთისა - ხორცით ძე ღვთისა (რომელაც ვეზიარებით) და სული წმიდისა.

ეკლესია - ეს არის ქრისტეს, სული წმიდის, სამარადისო სიცოცხლის განცხადება. ეკლესია - ეს ის ადგილია, სადაც ღმერთი და ადამიანი ერთიანდება, სადაც ღმერთი შეიძლება შეხვდეს აქამდე მის მიმართ გაუცხოებულ ადამიანს. ეს არის სასწაულებრივი შეხვედრის ადგილი.


ეკლესიის საიდუმლოებათა შესახებ

საეკლესიო საიდუმლოებათა მნიშვნელობის გასაგებად უნდა ჩავუღრმავდეთ თვითონ ეკლესიის არსს. ეკლესია ეს არის ადგილი, სადაც ღვთაებრივი და ადამიანური მთელი თავისი სისავსით წარმოგვიდგება. ამასთანავე იგი სულის ცხონების გზაზე მიმავალ ადამიანთა საზოგადოებაა. აი, ეს კი უნდა განვმარტოთ.

ეკლესიის ღვთაებრივი ბუნება იმით განისაზღვრება, რომ მის პირველ წევრს წარმოადგენს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელშიც, წმიდა წერილის მიხედვით, ღვთაებრივი ხორციელად არის დამკვიდრებული. და რადგან ქრისტე მთელი თავისი ღვთაებრივი და კაცობრივი სავსებით წარმოდგება ეკლესიაში, ამიტომ ეკლესიაც განუყოფლად დაკავშირებულია მამა ღმერთთან და სული წმიდასთან, რომელიც 50-ე დღეს, სულთმოფენობისას გადმოვიდა ეკლესიაზე და რომელიც მოქმედებს ეკლესიის თითოეულ წევრზე. ეკლესიაში კაცობრივი ბუნება ორი სახითაა წარმოდგენილი. ერთის მხრივ სრულყოფილი, როგორადაც ჩვენ მას ვხედავთ ქრისტეში, ხოლო მეორეს მხრივ არასრულყოფილი სახით, როგორსაც წარმოვადგენთ თითოეული ჩვენგანი და ყველა ერთად. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია დავაკვნათ, რომ ეკლესია ეს არის ღმერთკაცობრივი საზოგადოება, მაგრამ ადამიანური ელემენტი მასში უმნიშვნელო როდია.

ერთის მხრივ, აქ განცხადებულია ის სრულყოფილება, რისი შესაძლებლობაც და აუცილებლობაც მიცემული აქვს ადამიანს, ხოლო მეორეს მხრივ, ეს არასრულყოფილება, რაც ახასიათებს მას ამჟამად.

ერთის მხრივ, რაიმეს მიმატება იმაზე, რასაც უკვე წარმოადგენს ეკლესია, არ შეიძლება, მეორეს მხრივ კი, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოიხვეჭოს სული წმიდის მადლი და ამით შეიმეცნოს და თავისი ცხოვრების მანძილზე სულ უფრო ღრმად ჩაწვდეს ეკლესიის სრულყოფილებას. ეს არ ხდება მხოლოდ ადამიანის, თუნდაც ყველაზე კეთილი სურვილითაც კი. ჩვენ უნდა გვწყუროდეს, უნდა ვილტვოდეთ ღვთისაკენ, ჩვენ ძალგვიძს ვაკეთოთ ყველაფერი, თავი რომ დავაღწიოთ ჩვენს ცოდვილ მდგომარეობას. მაგრამ ბოლომდე საკუთარი ძალებით ამის გაკეთების უნარი არავის შესწევს. და აუცილებლობაც მიცემული აქვს ადამიანს, ხოლო მეორეს მხრივ, ეს არასრულყოფილება, რაც ახასიათებს მას ამჟამად.

ერთის მხრივ, რაიმეს მიმატება იმაზე, რასაც უკვე წარმოადგენს ეკლესია, არ შეიძლება, მეორეს მხრივ კი, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოიხვეჭოს სული წმიდის მადლი და ამით შეიმეცნოს და თავისი ცხოვრების მანძილზე სულ უფრო ღრმად ჩაწვდეს ეკლესიის სრულყოფილებას. ეს არ ხდება მხოლოდ ადამიანის, თუნდაც ყველაზე კეთილი სურვილითაც კი. ჩვენ უნდა გვწყუროდეს, უნდა ვილტვოდეთ ღვთისაკენ, ჩვენ ძალგვიძს ვაკეთოთ ყველაფერი, თავი რომ დავაღწიოთ ჩვენს ცოდვილ მდგომარეობას. მაგრამ ბოლომდე საკუთარი ძალებით ამის გაკეთების უნარი არავის შესწევს.

მსგავსი რამ ხდება ადამიანთა ურთიერთობებშიც: შეიძლება მთელი გულით, მთელი არსებით გიყვარდეს ადამიანი, მაგრამ თუ საპასუხო სიყვარული არა გაქვს, ერთობა არ მოხდება. რასაკვირველია, ჩვენ ღმერთს ვუყვარვართ, მას ადრეც ვუყვარდით, მანამდე, სანამ მას შევიცნობდით, სანამ გავათვითცნობიერებდით, ვინ არის იგი და როგორია. პავლე მოციქული ამბობს: რა საოცარია, რომ ღმერთმა თავისი სიცოცხლე გაწირა ჩვენთვის მაშინ, როცა ჩვენ ჯერ კიდევ მისი მტრები ვიყავით. ქრისტემ ჩვენ ასე შეგვიყვარა; ასეთი სიყვარული გამოამჟღავნა ჩვენს მიმართ ღმერთმა ქრისტეს მიერ. ადამიანი კი თავის სიცოცხლეს არამცთუ მტრისათვის, მეგობრისთვისაც იშვიათად იმეტებს. ამიტომ ჩვენ რომ შევძლოთ იმის გაკეთება, რისთვისაც ადამიანია მოწოდებული, უფალმა დააწესა საეკლესიო საიდუმლოებანი.

რა არის საეკლესიო საიდუმლოებანი?

საეკლესიო საიდუმლოება ეს ისეთი ღვთაებრივი მოქმედებაა, რომელიც გვაზიარებს ქმნილი და მადლმოსილი ბუნების სრულყოფილებასთან.

ერთის მხრივ, ჩვენ აღარა ვართ ის ქმნილებანი, როგორადაც ღმერთმა შეგვქმნა: უცოდველი, უბიწონი, ღვთის წინაშე ბოლომდე გახსნილნი, მანკიერებათაგან თავისუფალნი. მეორეს მხრივ კი, მოწოდებულნი ვართ, რომ ასეთები გავხდეთ. ამიტომაც საიდუმლოება გასაოცრად იყენებს ქმნილი სამყაროს ნივთიერებას, რომ გვაზიაროს ღვთის საიდუმლოს. მაგრამ როგორ შეუძლია ქმნილ ნივთიერებას გვაზიაროს იმას, რისი კეთებაც თვითონ არ შეგვიძლია?

საქმე იმაშია, რომ ქმნილება ცოდვამ დაიმონა, უფრო სწორად, იგი დამარცხებულია არასრულყოფილებით, ადამიანური ცოდვით. მაგრამ ქმნილება თავისთავად უცოდველია. ამიტომაც ღმერთს შეუძლია ყოველი ქმნილება განწმინდოს მადლით და ეს მადლი ჩვენ გადმოგვეცემა ამ განწმენდილი ქმნილების მეშვეობით. როცა ღმერთი გახდა ადამიანი, იგი შეერთო მთელ სამყაროს, რადგანაც მატერიას შეეძლო მისი მიღება. მას არასდროს არ უღალატნია ღვთისთვის, არასდროს არ ამხედრებულა მის წინააღმდეგ. უფალი იესო ქრისტე ზიარებისას პურს და ღვინოს, ნათლისღებისას – წყალს, ზეთისცხებისას – ზეთს თვითონ უერთდება, რათა ამ ნივთიერებებმა განგვწმინდოს. ნათისღებისას ნაკურთხი წყლის ძალით ჩვენ ვიწმინდებით ცოდვისაგან. ზიარებისას ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს. პურსა და ღვინოს შეუძლია გვაზიაროს ღმერთს უშუალოდ ღვთის მადლით, მაშინ როცა ამის გაკეთება ჩვენი ნებით არ ძალგვიძს. ასე რომ, საეკლესიო საიდუმლოება წარმოადგენს ღვთის მოქმედებას.

ყოველგვარი საეკლესიო საიდუმლოების აღმსრულებელი არის თვითონ უფალი, იესო ქრისტე და სული წმიდა. ადამიანს თავისი ძალებით, არც მღვდლად ხელდასხმისას, არც ეპისკოპოსად კურთხევისას არ ეძლევა ქმნილ სამყაროზე ძალაუფლება, მას არ ძალუძს თვითონ შესცვალოს ღვინო ქრისტეს სისხლად, ეს მხოლოდ უფალს, იესო ქრისტეს შეუძლია. ასე რომ, საიდუმლოებათა ერთადერთი აღმსრულებელი არის ღმერთი.

მაშინ რას აკეთებს მღვდელი?

არის კი იგი საჭირო?

დიახ, არის.

სასწაული რომ მოხდეს, საჭიროა ადამიანის თანამშრომლობა, საჭიროა მისი კეთილი ნება, მისი რწმენა, მისი გულგახსნილობა, საჭიროა მისი ნიჭი. მღვდელი ეს ის ადამიანია, რომელსაც ღმერთი იყენებს იმ ზღვარზე, სადაც უფლება აქვს იდგეს მხოლოდ იესო ქრისტეს. ცხოვრებაში, ყველაზე საოცარი განცდაა, როდესაც ადამიანი ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად კურთხევისას საკურთხეველში, აღსავლის კარების ზღურბლს გადააბიჯებს. მანამდე იგი საკურთხეველში გვერდითა კარიდან შედის, ახლა კი მას უფლება აქვს აღსავლის კარით შევიდეს, რომელშიც მთელი თავისი დიდებითა და ღირსებით შებრძანდება მხოლოდ მეუფე დიდებისა. კურთხევის ამ მომენტში ვეკითხები ხოლმე მღვდელს:

– გესმის, რა ხდება ახლა? შენ ახლა გაივლი იმ ზღვარს, რომლის გადალახვის უფლება მხოლოდ ქრისტეს აქვს. და შენ შეგიძლია ამ ზღურბლის გადალახვა, თუ ისე ხარ შეერთებული ქრისტესთან, რომ მასავით შეგიძლია მოკვდე ცოდვისთვის; და მისი სიცოცხლეც შენად იქცევა... მხოლოდ ამ შემთხევევაში შეუძლია ადამიანს ამ ზღურბლის გადალახვა და საიდუმლოებებში მონაწილეობა. დიახ, იგი მასში ხატივით მონაწილეობს. იგია ღვთის ხმა. იგია ადამიანების ხმაც. ეგე ეძახის ღმერთს ყოველი ქმნილებისა და შეკრებილი ხალხის სახელით:

– უფალო, მოდი! უფალო, შეგვაერთე შენთან, განგვწმინდე ჩვენ ცოდვისაგან, გვაზიარე შენს სიწმინდეს...

და ამის პასუხად სული წმიდა გარდამოდის ნათლობისას წყალზე, ზიარებისას – პურსა და ღვინოზე, ზეთის კურთხევისას – ზეთზე. ეს უნდა გვახსოვდეს, ეს უნდა ახსოვდეს ყველა მღვდელს, რადგან ის დგას მთელი ხალხის სახელით, როგორც ნაწილი იმ ადამიანებისა, რომელიც ითხოვს ხსნას. იგი დგას და წარმოთქვამს იმ სიტყვებს, რომლებიც მხოლოდ ქრისტეს შეუძლია წამორსთქვას პურზე, ნათლობისას – წყალზე და ა.შ. საიდუმლოება წარმოადგენს ღვთის მოქმედებას, იგი გვაზიარებს ჩვენ ღვთაებრივ და ჭეშმარიტი ადამიანობის საიდუმლოებებს. ნათლობის საიდუმლოთი ჩვენ თავდათან ვხდებით ისეთნი, როგორადაც მოწოდებული ვართ რომ ვიყოთ, და ამ მიმართებით ყოველდღიურად ვიზრდებით: ვიწმინდებით იმ ცოდვისაგან, რომელიც გვაშორებს ღმერთს; ვხდებით პირველქმნილ ადამიანთა მსგავსნი; ამას ვაღწევთ ზიარებით ქრისტესთან, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ თავის ჭეშმარიტ და სრულყოფილ ადამიანურობასთან და ამით გვაზიარებს თავის ღვთაებრიობას.

გვინდა შევჩერდეთ ნათლობაზე, იმიტომ რომ, სახარებაში აღწერილ ყველა საიდუმლოებებთან შედარებით, ნათლობის საიდუმლოება ყველაზე მეტადაა ჩვენთვის გასაგები. ეს საიდუმლოება მოიცავს თითქოსდა სამ მომენტს. პირველი – იოანეს ნათლობა. იოანე ნათლისმცემელი მოუწოდებდა ხალხს: მოინანიეთ და უკუაგდეთ ყველაფერი ბიწიერი, ამის ნიშნად კი შთაეფლეთ წყალში და ასე ჩამოირეცხეთ ყველანაირი უწმინდურება.

ერთი მღვდელი ასე მიხსნიდა ნათლობის საიდუმლოს:

– ქრისტე წყალში შთაფლვით სიკვდილში იძირება, რომელიც ჩვენი ცოდვებითაა დამძიმებული, მაგრამ მან ცოდვა კი არ მიიღო ჩვენგან, არამედ მისი შედეგი. ეს შთაფლვა ჰგავს თეთრი მიტკლის წითელ საღებავში ჩადებას. მიტკალი ამ დროს, რა თქმა უნდა, არ იცვლის თავის არსს და მიტკლად რჩება, მაგრამ იღებება. სწორედ ასე ხდება ქრისტესმიერი ნათლისღებისას, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული იოანეს ნათლისცემასთან. სინანულის ნათლობაში ეს წყალი თითქოსდა ივსება ადამიანური სიკვდილიანობით და მას, როგორც მთელი კაცობრიობის სიკვდილს, თავის თავზე იღებს ქრისტე და ატარებს ჯვარცმამდე.

ნათლისღებისას ჩვენ შთავეფლობით იმ წყალში, რომელსაც შეეხო ქრისტე თავისი სიწმიდით და ამიტომ ღვთაებრივი ცეცხლით აღსავსე წყალი წვავს სიკვდილს. ამდენად ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნათლობისას ადამიანი წყალში შთაფლვით სიმბოლურად კვდება და ისევ აღსდგება.

ადამიანი თავით რომ ჩააყუდო წყალში ხომ კვდება?! და ნათლობისას, როცა თავით წყლის ქვეშ აღმოვჩნდებით, უნდა ვიგულისხმოთ, რომ დაგვიდგა სიკვდილის ჟამი და ამ სტიქიიდან მხოლოდ ღვთის ხმა თუ გამოგვიყვანს. შემდეგ ხდება წყლიდან გამოსვლა, რაც წარმოადგენს სიმბოლურად აღდგომას. სუნთქვას ახლებურად ვიწყებთ, ჩვენ განწმენდილნი ვართ ჩვენი პირველშობილი ცოდვისაგან – ღვთისაგან განდგომისაგან, ღმერთთან გაუცხოვებისაგან. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახლა უკვე ვართ ქრისტიანები. უკვე ჩვენში ვატარებთ ქრისტეს სიწმინდეს უკვდავებასთან ერთად, რომელიც ჩვენ მოგვეცა.

რას ნიშნავს ეს?

პავლე მოციქული ამის შესახებ ამბობს:

ნათლობამდე ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს ვბილწავდით, ნათლობის შემდეგ კი, როცა უწმინდურობას ჩავდივართ და ვბილწავთ საკუთარ ხორცსა და სულს, ამით ვბილწავთ თვით ქრისტეს და მერე შეშფოთებული კითხულობს:

ნუთუ ჩვენ ქრისტეს სხეულის ასოებს ე.ი. ჩვენი სხეულის ნაწილებს შევაბილწინებთ სიძვას. სიტყვა „სიძვა“ აქ პირდაპირი მნიშვნელობით როდია ნახმარი. მასში იგულისხმება ყველაფერი ის, რაც ღვთის წინაშე სიბილწეა: ქცევა, ზრახვა, გრძნობა, სურვილი, მოქმედება, რომელიც არაფრით არ ეთავსება ქრისტესთან ჩვენს ერთობას. აი, ამაშია ნათლობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა, ამაშია მისი დანიშნულება. ნათლობით ჩვენ ვხდებით ქრისტეს სხეულის ნაწილები და როცა ჩვენ ვცოდავთ, ამით ჩვენ ვხდებით ღვთის მკვლელები და ისევ უარვყოფთ ქრისტეს, მას შემდეგ, რაც შევუერთდით. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

და ბოლოს უკვე ნათელღებულებს შეგვიძლია ვეზიაროთ მის წმიდა ნაწილებს, რომელიც მაშინვე გვეძლევა, როგორც ნათლობის შემდეგ იორდანიდან გამოსულ ქრიტეს მიეცა. და ჩვენ უკვე შეგვიძლია წავიდეთ აღსავლის კარისკენ, რომელშიც ჯერ ვერ შევალთ, მაგრამ რომლიდანაც გამოვა ქრისტე და გვაზიარებს თავის სისხლსა და ხორცს.

ამაში ყველა საიდუმლოებათა არსიც.



Comments: 9 Views: 3512 [History of changes] Size:85652 byte
Last changes are made by: kirieeleison1 __ __ 1558 days ago 11.01.2010 09:46:45
Posted byText

kirieeleison1 Send a message
__ __
სინანულის შესახებ
1573 days ago 27.12.2009 11:09:39 Quote('4452643','4452643','7','801')">Report spam


რაში მდგომარეობს სინანული?

ადამიანი, რომელიც თავისთვის ცხოვრობდა, ღმერთს ზურგი აქცია, ერთბაშად ან ნელ-ნელა იწყებს ფიქრს იმაზე, რომ მისი ცხოვრება არ შეიძლება იყოს სრულყოფილი, თუ ასე გაგრძელდა, როგორადაც ის ამას ატარებს. და ადამიანი ასე იწყებს ღვთისკენ შემობრუნებას. სინანულიც სწორედ ამაში, ღვთისკენ შემობრუნებაში, მდგომარეობს. სწორედ ეს არის თავდაპირველი და გადამწყვეტი. და როცა ჩვენ უცებ ვიცვლით კურსს, ვუბრუნდებით ღმერთს, ჭეშმარიტებას, იმას, რისთვისაც საერთოდ ადამიანია მოწოდებული, ეს უკვე ნიშნავს, რომ გადავდგით პირველი ნაბიჯი სინანულისკენ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მონანიებას, რადგან ჯერ არ შევცვლილვართ. ეს რომ მოხდეს, რაღაც უნდა გადავიტანოთ. ისე უბრალოდ ადამიანი ვერ შეელევა ჩვეულ ცხოვრებას, ვერ უარყოფს თავს და ვერ შემობრუნდება ღვთისკენ. როცა ადამიანი თავისთვის მშვიდად ცხოვრობს და არაფერი განსაკუთრებული მის თავს არ ხდება, იგი თითქოსდა „ძოვს“ ცხოვრების ველზე, განცხრომაშია და არ უფიქრდება მის თავზე რომ უძირო ცაა, არ ფიქრობს არავითარ საფრთხეზე. მისთვის ცხოვრება საამურია. მაგრამ თუ უეცრად რაღაც დაატყდება თავს, იგი დაფიქრდება ყოველივეზე, დაფიქრდება, რომ თურმე არც ისე მარტივადაა ყველაფერი.

ხდება ხოლმე, რომ ადამიანი დაუფიქრებლად, თითქოსდა უმნიშვნელო საქციელს სჩადის და უეცრად საშინელ მდგომარეობაში ვარდება. ასე დაემართა ერთხელ ბიჭს, რომელიც თავისი დის წინ უაზროდ იქნევდა დანას. უეცრად დანა თვალში მოარტყა. მაშინვე მიხვდა, როგორი სიგიჟე და უპასუხისმგებლობაა ასე თამაში. მისი და მთელი ცხოვრების მანძილზე ცალი თვალით ბრმა დარჩა. ვერც ძმამ შეძლო ამის დავიწყება. და ეს გამოიხატებოდა არა იმით, რომ ხანჯალთან ან ჯიბის დანასთან მიკარების ეშინოდა, არამედ იმით, რომ მას უკვე ესმოდა, რომ ყველაზე უმნიშვნელო მოქმედებასაც შეიძლება ტრაგიკული დასასრული ჰქონდეს.

ზოგჯერ ადამიანის სინანულის შედეგი ტრაგიკული შემთხვევა კი არა, ის შეხედულებაა, რომელიც თურმე სხვებს გააჩნიათ მასზე და რომელიც შემთხვევით მოისმინა. ჩვენ თავი ყოველთვის საუკეთესო ადამიანად წარმოგვიდგენია და როცა გვაკრიტიკებენ, არ ვიღებთ ამ კრიტიკას, რადგან გვგონია, რომ ის ადამიანი ჩვენს არაჩვეულებრივ თვისებებს ვერ ხედავს. მაგრამ აი, შემთხვევით ყური მოვკარით იმას, რასაც დაფარულად ჩვენზე ამბობენ. აღმოჩნდა რომ გმირად რომ წარმოგვედგინა თავი, სინამდვილეში თურმე სხვები ლაჩრად აღგვიქვამენ. თავი სამართლიანი გვეგონა, სხვები კი თურმე ცბიერად გვთვლიან და ა.შ. როცა ყოველივე ამაზე დავფიქრდებით, გვებადება კითხვები: მაინც ვინა ვარ მე? რა არის ჩემი მოწოდება? მე, რა თქმა უნდა, პროფესიულ მოწოდებას კი არ ვგულისხმობ, არამედ იმას, თუ როგორი ადამიანი უნდა გავხდე. ნუთუ მე კმაყოფილი ვარ იმით, რასაც წარმოვადგენ?! ნუთუ მე არ შემიძლია შევიცვალო და გავხდე უკეთესი?!

ისეც ხდება, რომ ყოველივე ამაზე ფიქრს ადამიანი სახარების კითხვისას იწყებს. ვკითხულობთ სახარებას და ვხედავთ როგორი უნდა იყოს ადამიანი. ვხედავთ ქრისტეს სახეს მთელი თავისი სილამაზით, ან რამდენადაც მისი დანახვა ძალგვიძს. და მერე ვიწყებთ მასთან შედარებას. ვიწყებთ დაკვირვებას არა საკუთარ თავზე, არამედ ქრისტეზე, ან კიდევ იმაზე, თუ რას ამბობს ჩვენზე ხალხი.

ასე იწყება საკუთარი თავის განსჯა. განსჯის მომენტიდან კი უკვე მოდის სინანული. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის სრული მონანიება, რადგან საკუთარი თავის გაკიცხვა, სულაც არ ნიშნავს, რომ სული ტკივილს გრძნობდეს ჩადენილი საქციელის გამო.

ზოგჯერ გონებით კი ვგრძნობთ ცუდები რომ ვართ და ამა თუ იმ შემთხვევაში სხვაგვარად რომ უნდა მოვქცეულიყავით, მაგრამ ამის განცდა არა გვაქვს. მახსენდება ერთი შემთხვევა. დიდი ხნის წინათ (ჯერ კიდევ 20-იან წლებში) ერთ-ერთ რუსულ სტუდენტურ-ქრისტიანული მოძრაობის ყრილობაზე, გვესწრებოდა ერთი შესანიშნავი მღვდელი - მამა ალექსანდრე ელჩანინოვი. სწორედ მასთან მივიდა ერთი ოფიცერი აღსარებაზე და უთხრა:

- მე შემიძლია მოგიყვეთ მთელი ჩემი ცხოვრება, თუ რა უსამართლობები ჩამიდენია. მაგრამ ის, რაც გამიკეთებია, მხოლოდ გონებითა მაქვს შეცნობილი. ჩემი გული კი ყოველივე ამის მიმართ უგრძნობია. ჩემთვის სულერთია. გონებით კი მესმის, ყველაფერი ეს რომ ბოროტებაა, გულით კი ვერა ვგრძნობ: ვერც ტკივილს, ვერც სირცხვილს.

და მამა ალექსანდრემ მაშინ მას უთხრა ასეთი არაჩვეულებრივი რამ:

- ჩემთან ნუ მოინანიებთ. ეს ფუჭად ჩაივლის. სჯობს ხვალ, წირვის დაწყებამდე მოდით აღსავლის კარებთან და როცა ყველა შეიკრიბება, მაშინ თქვით ის, რაც მე ახლა მითხარით. ყველას წინაშე, ვინც კი მსახურებას დაესწრება, აღიარეთ თქვენი ცოდვები.

ოფიცერი დათანხმდა, რადგანაც გრძნობდა, ყოველგვარი თანაგრძნობისა და განცდის უნარი დაკარგოდა, მხოლოდ მახსოვრობა და გონება შერჩენოდა, გული კი მოკვდომოდა, თითქოს მასში სიცოცხლეც ჩამქრალიყო. იგი მღვდელს აფორიაქებული გაშორდა. განიცდიდა, როგორ უნდა ეთქვა ყველაფერი სხვების წინაშე?! ფიქრობდა ყველანი ზურგს შეაქცევდნენ, შეიზიზღებდნენ: „ჩვენ იგი წესიერი ადამიანი გვეგონა და თურმე რა საზიზღარი ყოფილა“-ო. მაგრამ იგი იმდენად შეწუხებული იყო თავისი მდგომარეობით, რომ დასძლია ეს შიში და სირცხვილი. მეორე დღეს მსახურების დაწყებამდე დადგა აღსავლის კარებთან და იწყო მოყოლა.

და მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ.

ყრილობის ყველა მონაწილე თანაგრძნობით შემობრუნდა მისკენ და მან იგრძნო ყველამ თითქოსდა გულში ჩაიკრა, რომ ყველა თანაუგრძნობდა და განიცდიდა მის ტკივილს. მაშინ იგი ატირდა და ქვითინითა და ცრემლებით განაგრძო აღსარება;

ამ დღიდან მან ახალი ცხოვრება დაიწყო. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი... მონანიება. მონანიება მდგომარეობს არა იმაში, გულცივად რომ ჩამოვთვალოთ ცოდვები და ასე ვაღიაროთ იგი ღვთის წინაშე, არამედ იმაში, რომ ყოველივე ამან ისე შეგვძრას, რომ ცრემლები გვადინოს.

საინტერესო მოსაზრება აქვს ამის შესახებ სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფეს, ღირს ნიკიტა სტიფატს. ის ამბობს, რომ წრფელი სინანულის ცრემლებს შეუძლია ადამიანს დაუბრუნოს დაკარგული ქალწულება.

სინანული სწორედაც ასეთი უნდა იყოს.

მაგრამ ჩვენ რომ არ ძალგვიძს ყოველთვის ასეთი სინანული?! მაშ როგორ მოვიქცეთ? თქვენ ალბათ წაგიკითხავთ თუ როგორ ხდება ძველი ქალაქებისა და ძეგლების არქეოლოგიური გათხრები. მოდის არქეოლოგი და იწყებს მიწის თხრას. თავიდან იგი ხედავს ჩვეულებრივ ნიადაგს, მერე თანდათან გამოარჩევს რაღაც მონახაზებს, იმას, რაც დიდი ხნის წინ მოქცეულა მიწის ქვეშ. ასე ხდება პირველი ხილვა იმისა, რასაც ეძებს. ასევეა ადამიანის გულში. ჯერ მხოლოდ ჩანასახის სახით აღმოვაჩენთ იმას, რაც ღირსებას გვილახავს, რომ ღირსნი არა ვართ იმ პატივისცემისა და სიყვარულის, რითაც გარემოცულნი ვართ და არც იმ სიყვარულისა, რომელსაც ღმერთი ჩვენდამი ამჟღავნებს. ასე ხდება ჩვენი თვალის ახელა. ახლა უკვე შეგვიძლია მივიდეთ აღსარებაზე და ვთქვათ, რომ ჩვენი სულის სიღრმეში, შეიძლება უფრო ღრმადაც დევს ცოდვების მთელი სამყარო, რომლის ზედაპირზეც უკვე მეცნო რაღაც-რაღაცეები და სურვილი მიჩნდება იგი გავანდო ღმერთს და ვუთხრა:

- უფალო, მე ეს დავინახე! შენ დამეხმარე მის დანახვაში და ამიტომ მინდა უარი ვთქვა ამ ბოროტებაზე. მე ჯერ არ ვიცი როგორ უნდა მოვინანიო, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩემი ცოდვები შეუთავსებელია ჩვენს მეგობრობასთან, იმ ურთიერთობასთან, რაც ჩემს ახლობლებთან მაქვს, იმასთანაც, როგორიც მინდა ვიყო.

არსებობს ძველი შუასაუკუნეების დროინდელი შენდობის ლოცვა, რომელიც ასეთი სიტყვებით მთავრდება:

- შეგონდოს ღმერთმა ყოველი ცოდვა, რომელიც მთელი სიწრფელით მოინანიე. ე.ი. შეგინდობს არა იმას, რაც თქვი, არამედ იმას, რამაც მთელი სულით შეგძრა, რამაც შეგაძრწუნა. აი, ეს ცოდვები შეგენდობა. დანარჩენები კი უკვე ახალი ამოცანაა. უნდა შეეცადო უფრო ღრმად ჩაწვდე თავს, ჩაეძიო და აღმოაჩინო ის, რაც უღირსობად მიგაჩნია საკუთარი თავის, ღვთისა და იმ ადამიანთა წინაშე, რომლებსაც სულ სხვაგვარად ჰყავხარ წარმოდგენილი. ასე იქცევა აღსარება პროგრესულ, თანდათანობით ჩაღრმავებულ სინანულის ნაწილად. ასე თანდათან გაგეხსნება ახალ-ახალი სიღრმეები. მაშინ დაგებადებათ კითხვა:

- რაში მდგომარეობს სიცოცხლე? ნუთუ იმაში, რომ ჩაუღრმავდე თავს და დაინახო მასში მხოლოდ ბოროტება, ბოროტება, ბოროტება?.. ჩაიძირო წყვდიადში? ასე ხომ შეუძლებელია ცხოვრება!

დიახ, ძნელია. მაგრამ სხვაგვარად წყვდიადს ვერ განვდევნით. წყვდიადს მხოლოდ ნათელით თუ შევებრძოლებით. და თუ ჩვენში დავინახავთ გონიერს, ეს ნიშნავს, რომ ნათელი შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში.

მინდა მოგიყვანოთ მაგალითი, რომელსაც აღასარებაზე მოსულ ბავშვებს ვუყვები, რომლებიც მოდიან და მეუბნებიან:

- კი ვხედავ ჩემში ბოროტებას, მაგრამ არ შემიძლია მისი აღმოფხვრა, ამოგლეჯა.

ვეკითხები:

- როცა ბნელ ოთახში შედიხარ, ცდილობ განა თეთრი პირსახოცის ქნევით წყვდიადის განდევნას და განა იმედი გაქვს, რომ ასე გაფანტავ?

- არა, რა თქმა უნდა, არა!

- მაშ რას აკეთებ?

- ვაღებ დარაბებს, გადავწევ ფარდებს, ვაღებ ფანჯარას.

- აი, სწორედ ასე უნდა მოიქცე. შენ უშვებ სინათლეს იქ, სადაც მანამდე წყვდიადი იყო. ასევე უნდა მოიქცე ამჯერადაც. თუ ნამდვილად გინდა მოინანიო და შეიცვალო, მაშინ მარტო იმას კი არ უნდა მიაპყრო ყურადღება, რაც ცუდი გაქვს, შენში უნდა შეუშვა სინათლე. ამიტომ უნდა მიაპყრო ყურადღება იმას, რაც შენში ნათელია. და აი, ამ ნათლის მეშვეობით უნდა ებრძოლო შენში დაბუდებულ წყვდიადს.

- დიახ, მაგრამ როგორ უნდა გავაკეთო ეს? ნუთუ უნდა ვიფიქრო, რომ კარგი ვარ?

- არა. უნდა იკითხო სახარება, მონიშნო ის ადგილები, რაც გულში მოგხვდება, რაც შეგიკრთობს გულს, რომელთა მეშვეობითაც გონება გინათდება, რომელიც განგაწყობს ახალი ცხოვრების დასაწყებად. უნდა იცოდე, რომ ამ სიტყვაში, ამ სახეში, ამ მცნებაში, ქრისტეს ამ მაგალითში შენ იპოვე ღვთაებრივი ნათლის ნაპერწკალი. და შებილწული, დაბნელებული ხატი, რასაც შენ წარმოადგენ, ნათდება. ამით კი უკვე ცოტათი ემსგავსები ქრისტეს, შენში იწყებს გამოვლინებას ღვთის ხატება. და თუ ეს ასეა, უნდა დაიმახსოვრო ეს. მაშინ, თუ განაგრძობ ცოდვის ჩადენას, გეცოდინება, რომ იმ სიწმინდეს ბილწავ, რაც შენში უკვე ცხოვრობს, უკვე მოქმედებს, უკვე იზრდება. გეცოდინება, რომ ცოდვით აქრობ შენში ღვთის ხატებას, აქრობ შუქს და ამით აძლიერებ წყვდიადს. ნუ იზამ ამას.

რწმენა იმისა, რომ შენში არის შუქი, წყვდიადს თანდათან ფანტავს. იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, სადაც შუქია, იქ წყვდიადი იფანტება. მეორეც, როცა აღმოაჩენ შენში სინათლის რაღაც ნაწილაკს, დაინახავ სიწმინდეს, ჭეშმარიტებას; როცა უყურებ თავს და ფიქრობ, რომ ბოლოს და ბოლოს ნამდვილი ადამიანი ხარ, მაშინ შეგიძლია ებრძოლო იმას, რაც მტერივით გიტევს, რომელიც ქალაქის ასაღებად წამოსულა, ებრძოლო იმას, რაც აბნელებს ამ ნათელს შენში. ასე ისწავლი სიწმინდის ფასს. მერე კი იწყება უხილავი ბრძოლა. წამოიშლებიან ბილწი აზრები, ხორციელი ვნებანი და ახლა გმართებს გაუძლო მათ შემოტევას. ამ დროს შეგიძლია უთხრა თავს: არა, მე აღმოვაჩინე ჩემში უბიწოების ნაპერწკალი, სიწმინდე, სურვილი იმისა, მიყვარდეს ისე, რომ არ შევბილწო ეს ადამიანი ფიქრებშიც კი, რომ არაფერი ვთქვათ მის შეხებაზე. არ შემიძლია და ვერ დავუშვებ ამ აზრებს, შევებრძოლები. ამაში დამეხმარება ქრისტე და სწორედ მას შევღაღადებ:

- „უფალო, განმწმინდე! უფალო, მიხსენ! უფალო, შემიწყალე!“

და უფალი შემეწევა.

დიახ, შეგეწევა, მაგრამ არ შეგეწევა მანამ, სანამ თვითონვე არ შეებრძოლები ყოველივე ამას. ანტონი დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ თუ როგორი სასოწარკვეთილი ებრძოდა იგი ერთხელ საცდურს. ისეთი თავგანწირვით ებრძოდა, რომ ბოლოს მიწაზე ღონეწართმეული დავარდა. უეცრად მას ქრისტე გამოეცხადა. ღონემიხდილი ანტონი ეკითხება:

- უფალო, სად იყავი მაშინ, სასოწარკვეთილი რომ ვიბრძოდი?

ქრისტე პასუხობს:

- შენს გვერდით ვიდექი. რათა თუ საჭირო გახდებოდა, მოგშველებოდი. მაგრამ შენ ეს აე დაგჭირდა; შენ არ დასთმე და გაიმარჯვე.

ჩემის აზრით, თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ისწავლოს სინანული და აღსარებაზე ახალი გამარჯვებებით მისვლა. ასე აღმოვაჩენთ ცოდვასთან ბრძოლაში ბრძოლის ველს, რომელიც სულ უფრო ფართოდ და ღრმად გადაიშლება. მხოლოდ ასე შეგვიძლია მივიღოთ შენდობა და მადლი, ახალი ძალა ქრისტესგან, შენდობა იმაზე, რის წინააღმდეგაც დავიწყეთ ბრძოლა. დავძლიოთ რაც ჯერ კიდევ არ დაგვიძლევია.


kirieeleison1 Send a message
__ __
აღსარების შესახებ
1573 days ago 27.12.2009 11:10:43 Quote('4452643','4452643','7','802')">Report spam

ზემოთ გესაუბრეთ სინანულზე და შევეხე აღსარებასაც. მაგრამ აღსარება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მასზე კიდევ უფრო დაწვრილებით უნდა შევჩერდე.

მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება შემდეგს: ადამიანი აღსარებას ამბობს ღვთის წინაშე. დარიგებაში, რომელსაც მღვდელი წარმოთქვამს ყოველი ადამიანის აღსარების წინ, არის ასეთი სიტყვები:

- „შვილო, იცოდე, რომ ქრისტე უხილავად დგას შენს წინაშე და იღებს შენგან აღსარებას. მე მხოლოდ მოწმე ვარ ამისა“. ეს უნდა გვახსოვდეს, გვახსოვდეს იმიტომ, რომ ჩვენ აღსარებას მღვდელს კი არ ვაბარებთ და ის კი არ არის ჩვენი მსაჯული, უფრო მეტიც, ამ დროს ქრისტეც კი არ არის ჩვენი მსაჯული, არამედ იგი მაცხოვარია, რომელიც გვითანაგრძნობს ჩვენ.

ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსარება მოწმის თანდასწრებით ხდება. მაგრამ ვინ არის ეს მოწმე? რა როლი აკისრია მას?

მოწმე სხვადასხვაგვარი არსებობს. მაგალითად, მოხდა საგზაო შემთხვევა. ამის მოწმე ერთი კაცი გახდა. მას ეკითხებიან:

- რა მოხდა?

მისთვის სულერთია, ვინ არის დამნაშავე და ვინ არის მართალი. იგი უბრალოდ ამბობს იმას, რაც დაინახა. არსებობს სხვაგვარი მოწმეც. სასამართლოზე ერთი გამოდის ბრალდებულის წინააღმდეგ, მეორე მის სასარგებლოდ ლაპარაკობს. აი, ასეთი მოწმეა აღსარებისას მღვდელი. იგი დგას ქრისტეს წინაშე და ამბობს:

- უფალო, მიიღე იგი, იმიტომ, რომ ეს ადამიანი შენთანა მოსანანიებლად მოვიდა. მიიღე იგი. და თუ მე იგი მეცოდება, ესე იგი შენც გეცოდება და გეცოდება ჩემზე მეტადაც. მე მისი ცხონება არ შემიძლია. მე მას შემიძლია მხოლოდ რაღაც გავუზიარო, რაღაცით დავეხმარო, შენ კი მისი შეცვლა შეგიძლია.

არსებობს მოწმის მესამე ტიპიც. ასეთ მოწმედ ითვლება ქორწინებისას ყველაზე ახლობელი ადამიანი. ასეთი მოწმე სახარებაში მოხსენებულია სიძის მეგობრად. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს პრაქტიკაში, ასეთია პატარძლის ხელისმომკიდეც. სიძისა და პატარძლის ხელისმომკიდენი ინაწილებენ მათ სიხარულს, მათი შეერთების სასწაულს. მღვდელსაც ამგვარი პოზიცია უჭირავს. სიძის მეგობარია. იგი მეგობარია ქრისტესი, რომელსაც მონანული მიჰყავს სიძესთან - ქრისტესთან. იგია ის, ვინც ისე ახლოსაა მონანულთან, რომ მზადაა გაიზიაროს მისი ტრაგედია და დააყენოს ცხონების გზაზე. ტრაგედიაში მე ვგულისხმობ რაღაც ძალიან სერიოზულს. მახსენდება ერთი მოღვაწე მამა, რომელსაც ჰკითხეს:

- რატომ ხდება, რომ ყველა შენთან მოსული, გიყვება რა თავის ცხოვრებაზე, ყოველგვარი სინანულის გარეშე და მერე კი უცებ მას ეუფლება საშინელი განცდა იმისა, რომ იგი ცოდვილია? მას სინანული ეუფლება, ამბობს აღსარებას, ტირის და იცვლება.

- როცა ადამიანი მოდის ჩემთან ცოდვებით, მე ამ ცოდვას საკუთარ ცოდვად აღვიქვამ, რადგანაც ეს ადამიანი და მე ერთნი ვართ. და ის ცოდვები, რაც მან ჩაიდინა, მეც ჩავიდინე გონებით ან სურვილით, ან ზრახვით. და ამიტომაც განვიცდი მის აღსარებას, როგორც საკუთარს. მე მივყვები მას ნაბიჯ-ნაბიჯ მისი წყვდიადის სიღრმეში. როცა მივდივართ გარკვეულ სიღრმემდე, მე ვაკავშირებ მის სულს ჩემს სულთან და ვინანიებ მთელი სულითა და გულით იმ ცოდვებს, რომელსაც ის აღიარებს და რომელსაც მე ვითავისებ. მაშინ ჩემი სინანული მასზე გადადის და აღარ შეუძლია თვითონაც არ მოინანიოს. იგი ჩემგან მიდის გათავისუფლებული, მე კი ახლებურად ვინანიებ ამ ცოდვებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვაერთიანებს ერთმანეთის თანამგრძნობი სიყვარული.

ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია მღვდელს მიუდგეს ყოველი ადამიანის აღსარებას, როგორი ახლობლობა შეუძლია მას სიძისა, როგორ შეუძლია მას მონანული იხსნას დაღუპვისაგან. ასე რომ, მღვდელს უნდა შეეძლოს თანაგრძნობა, მონანულის ცოდვების გაზიარება. შენდობის ლოცვის შემდეგ იგი აღმსარებელს დარიგებებსაც აძლევს, რომლის დროსაც მან მთელი ყურადღება უნდა მოიკრიბოს, რადგან ზოგჯერ სწორედ აღსარებისას ღვთისაგან, სული წმიდისაგან ეხსნება ის, რაც უნდა უთხრას მონანულს. შესაძლოა ზოგჯერ ეს მას უმნიშვნელოდ ან უადგილოდ მოეჩვენოს, მაგრამ მან უნდა უსმინოს ამ ხმას და უთხრას მონანულს, რაც მას იმ დროს დაუდო გულზე ღმერთმა, მაშინაც კი, თუ ფიქრობს, რომ ამის თქმა არ არის მნიშვნელოვანი, იგი არ ეხება აღსარებას. ზოგჯერ მღვდელი გრძნობს რომ მისი სიტყვები ღვთისაგან არ არის. პავლე მოციქული სწორედ ამაზე წერს თავის ეპისტოლეებში:

- ამას მე გაუბნებით ღვთის სახელით, ქრისტეს სახელით, ამას კი - ჩემგან. ეს არის ის, რაც მე თვითონვე განვიცადე, და მე გიზიარებ გამოცდილებას ჩემი სინანულის შესახებ და იმას, რაც მე ვისწავლე იმ ადამიანებისაგან, რომლებიც ჩემთან შედარებით წმინდები და ღირსეულნი არიან.

ზოგჯერ შეიძლება მღვდელმა ეს ვერ გითხრათ, მაგრამ გითხრათ ის, რაც წმიდა მამებთან ან სახარებიდან ამოუკითხავს. მას ეს შეუძლია შემოგთავაზოს, ამიტომ უსმინე მას ყურადღებით, იფიქრე ნათქვამზე. შესაძლოა სახარების ამ სიტყვების მეშვეობით ღმერთმა გითხრას ის, რისი თქმაც მან ვერ შეძლო. მღვდელმა ზოგჯერ შეუძლია ასეც გითხრას:

- შენი აღსარება მთელი გულისყურით მოვისმინე, გითანაგრძნობ, მაგრამ არაფრის თქმა არ შემიძლია.

ჰქონდა ასეთი შემთხვევა ღირსს მამა ამბროსი ოპტინელს, რომელთანაც ორჯერ მივიდნენ ადამიანები, ჩააბარეს აღსარება, უთხრეს თავიანთი გასაჭირი და ორი დღე ელოდნენ მისგან პასუხს. მესამე დღეს მან უთხრა:

- სამი დღე ვევედრებოდი ღვთისმშობელს გაეხსნა ჩემთვის, რაც უნდა მეპასუხა. ის კი დუმს. როგორღა შემიძლია მისი მადლის გარეშე რაიმე გითხრათ?

კერძო აღსარებაზე ადამიანმა უნდა გადაუშალოს მოძღვარს გული. იგი არ უნდა ცდილობდეს ჩანაწერებში ჩახედვას და არ უნდა იმეორებდეს სხვების ნათქვამს. მან ამ დროს თავს ასეთი კითხვა უნდა დაუსვას:

- რად უნდა შემრცხვეს იმის თქმა, რაც ქრისტე მაცხოვრის და იმ ადამიანთა წინაშე ჩამიდენია, რომლებმაც კარგად იციან ვინცა ვარ?! რისი უნდა შემრცხვეს და რად უნდა მეშინოდეს იმის აღიარება, რომ სინამდვილეში წამოვადგენ?!

მაგრამ მაინც რა უნდა ვთქვათ აღსარებაზე?! დაუსვი შენს თანს კითხვა: ჩემმა მეუღლემ, ჩემმა შვილებმა, ჩემმა ყველაზე ახლო მეგობრმა, ჩემმა თანამშრომლებმა რომ იცოდნენ ჩემი ესა თუ ის საქციელი, შემრცხვებოდა მათი? და რისიც შეგრცხვებოდა, სწორედ ის უნდა აღიარო. აღიარე ეს ღვთის წინაშე, რადგანაც რასაც აღიარებ და ნათელს მოჰფენ, ის იქნება გულითადი აღსარება და არა ტრაფარეტული სიტყვები.

რაც შეეხება ბავშვებს, ჩვენ უფროსებს უნდა გვახსოვდეს, რომ მათ თავს არ უნდა მოვახვიოთ, თუ რა უთხრან მღვდელს, რადგან ეს არ იქნება მათი აღსარება. არ არის საჭირო მათი დარიგება:

- გახსოვდეს, რომ მაწყენინე, რომ არასწორად მოიქეცი, აი, ეს მოინანიე.

ღვთის წინაშე ბავშვი უნდა დადგეს, როგორც მეგობრის წინაშე, მთელი გულის და სულით გაუზიაროს მას თავისი ცხოვრებისეული და სულიერი გასაჭირი, მშობლებთან დამოკიდებულება, ყველაფერი, რასაც განიცდის.

ზოგჯერ ადამიანები ჩამომითვლიან ხოლმე იმ ცოდვების გრძელ სიას, რომლებიც ჩემთვის ნაცნობია, რადგან მეც გამაჩნია ისინი. მე მათ ვაწყვეტინებ:

- შენ შენი ცოდვები მოინანიე, - ვეუბნები მათ, - იმას კი ნუ მეუბნები, რასაც ლოცვებში და ფსალმუნებში წააწყდი. მე შენი აღსარება მჭირდება, უფრო სწორად მე კი არა, ქრისტეს უნდა შენი აღსარება და არა ასეთი ზოგადი ჩამონათვალი ცოდვებისა, არა ასეთი, ტრაფარეტული მონანიება. იმის შეგრძნებაც კი არა გაქვს, რომ განწირული ხარ საუკუნო ტანჯვისათვის, რადგან არ კითხულობ ძილის წინა ლოცვებს და ფსალმუნებს, არ მარხულობ.

ზოგჯერ ასეც ხდება: ადამიანი მარხულობს, მაგრამ არღვევს მას; ამ დროს იგი ფიქრობს, რომ ვერ გაუძლო განსაცდელს და აღარ უნდა გააგრძელოს მარხვა, რომ აღარ აქვს აზრი მის ღვაწლს. მაგრამ სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. ღმერთი ყოველივე ამას სხვაგვარად უყურებს. ამის განმარტება ერთი ასეთი, საკუთარი მაგალითით შემიძლია. ექიმად რომ ვმუშაობდი, ერთ ძალიან გაჭირვებულ ოჯახში დავდიოდი. ფულს არ ვართმევდი, რადგან იგი მათ არც გააჩნდათ. ერთხელაც როგორღაც დიდი მარხვის ბოლოს, რომელსაც მე მთელი სიმკაცრითა და წესების დაცვით ვინახავდი, მათ სადილზე მიმიპატიჟეს. აღმოჩნდა, რომ მთელი მარხვის მანძილზე ისინი კაპიკ-კაპიკ აგროვებდნენ ფულს, რათა ეყიდათ წიწილა და მე გამმასპინძლებოდნენ. დავხედე წიწილას და მივხვდი, რომ დამთავრდა ჩემი ღვაწლი ამ მარხვაში. რა თქმა უნდა, მივირთვი წიწილის ნაჭერი. არ შემეძლო მათი გაწბილება.

მერე კი მივედი ჩემ მოძღვართან და ვუამბე, რა უბედურებაც დამატყდა თავს, რომ სწორედ ვნების კვირაში იძულებული გავხდი წიწილა მეჭამა.

მაშინ მამა ათანასემ მითხრა:

- იცი რა? ღმერთს რომ დაენახა, რომ ცოდვა არ გქონდა, ამ ცოდვისაგან დაგიფარავდა. მაგრამ მან ხომ უკეთ იცის, იმდენი ცოდვები რომ გაქვს, არანაირ წიწილას არ შეეძლო შენი შებილწვა.

ვფიქრობ, ბევრი თქვენგანი დაიმახსოვრებს ამ მაგალითს, რათა ბრმად არ დაიცვას წესები, არამედ პატიოსნად იცხოვროს. დიახ, მე შევჭამე ხორცი, რათა არ გამენაწყენებინა ადამიანი. მე იგი შევჭამე არა როგორც ჩემი შემბილწველი, არამედ ადამიანთაგან სიყვარულით მორთმეული. მე მახსოვს მამა ალექსანდრე შმემანის წიგნიდან ადგილი, სადაც ის ამბობს, რომ ყველაფერი ამ ქვეყანაზე ღვთის სიყვარულისა. საკვებიც კი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ღვთის სიყვარულია, სიყვარული, რომელიც ჩვენთვის საკვებად იქცა...


kirieeleison1 Send a message
__ __
ლოცვის შესახებ
1573 days ago 27.12.2009 11:11:52 Quote('4452643','4452643','7','803')">Report spam

ეკლესია ესაა ადგილი შეხვედრისა, ადამიანის ღმერთთან შეერთებისა და ამავე დროს ამ შეერთების სასწაულისა. ამასთან დაკავშირებით მართებული იქნებოდა იმის თქმა, რომ მორწმუნის ცხოვრებასა და საერთოდ ეკლესიაში არსებობს სამი მომენტი, რომელიც აბსოლიტურად აუცილებელია. პირველი - ეს, რა თქმა უნდა, ღვთის ქმედებაა, რომელიც ჩვენ მასთან გვაერთებს. აქ მხედველობაში მაქვს არა ხორცშესხმა, არამედ საიდუმლოება, ღვთის ის ქმედებანი, რომელსაც ახდენს ჩვენზე, მაგრამ არა ჩვენს გარეშე, რადგანაც ჩვენის მხრიდან ამას სჭირდება ჩვენი გულახდილობა, რწმენა, წყურვილი მასთან შეხვედრისა. მეორეს მხრივ, ღვთისაგან მადლი კი გვეძლევა, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს მადლი გახდეს ჩვენთვის არა მხოლოდ მონაპოვარი, არამედ მისით განვიმსჭვალოთ გულის სიღრმემდე. და თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ეკლესიის წევრები, ქრისტეს მოწაფეები, მაშინ აქ დგება ერთგულების საკითხიც. ერთგულება კი ეს არის მუდმივი ღვაწლი, მუდმივი ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ ცოდვებთან, ბოროტებასთან, რაც ცხოვრებაში გვხვდება. და ბოლოს ამ ბრძოლის საფუძველზე, ღვთის მადლით, საიდუმლოდ ხდება სულ სხვაგვარი შეხვედრა, მუდმივი, სულ უფრო ჩაღრმავებული, რომელიც ლოცვაში წარმოიშვება. აი, სწორედ ამ ლოცვაზე მინდა გითხრათ ცოტაოდენი რამ.

ჩვენ ხშირად ვფიქრობთ ლოცვის გარეგნულ ან ფორმალურ მხარეზე. ხშირად აღსარებაზე მოსულნი უჩივიან, რომ სათანადოდ ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ლოცვებს. მაგრამ ლოცვა მარტო ამაში არ მდგომარეობს. ლოცვის ძირითადი არსი არის ღვთისკენ სწრაფვა, მასთან პირისპირ შეხვედრა. საბოლოო ჯამში, ლოცვა - ეს არის ღვთის წინაშე წარდგომა, რომელიც იწყება სიტყვებით და შემდეგ გადაიზრდება, ღრმავდება მჭვრეტელობით მდუმარებაში.

მე წამიკითხავს ერთ მოღვაწეზე, რომელიც საფრანგეთის ერთ პატარა ეკლესიაში იყო მღვდელი. ერთხელ მივიდა ეკლესიაში და დაინახა მოხუცი, რომელიც მდუმარედ იჯდა და წინ იყურებოდა. მღვდელმა ჰკითხა:

- პაპა, რას აკეთებ აქ საათობით? არც ბაგეებს ამოძრავებ, არც სკვნილი გიჭირავს ხელში. რას აკეთებ აქ?

მოხუცმა შეხედა და მშვიდად მიუგო:

- მე ხატს ვუყურებ. იგი მე მიყურებს, და ჩვენ ისეთი ბედნიერები ვართ.

ეს იყო ჭეშმარიტი შეხვედრა მჭვრეტელობითი მდუმარების სიღრმეებში.

მახსენდება კიდევ ერთი, ნაკლებად ცნობილი ადამიანი, ჩემი სულიერი მამა - მამა ათანასე ნეჩაევი. სიკვდილის წინ მან მომწერა, რომ შეიცნო მჭვრეტელობითი მდუმარების საიდუმლო და უკვე შეუძლია სიკვდილი. სამი დღის შემდეგ იგი მართლაც გარდაიცვალა.

ლოცვაში ჩაღრმავება მდგომარეობს ადამიანის ღმერთთან პირისპირ შეხვედრაში. მე ვიზუალურ აღქმას არ ვგულისხმობ, არამედ ჩვენი სულის ყველაზე საიდუმლო და იდუმალ სიღრმეებში მასთან შეხვედრას. სწორედ ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, და ეს უნდა ვისწავლოთ.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ მდუმარება - ეს ერთი. დავდგეთ ან დავჯდეთ ღვთის წინაშე და ვისწავლოთ მდუმარება. მოგონებები, ყოველი აზრი დავიცხროთ, ყოველი გრძნობა დავიმშვიდოთ. ამის სამაგალითოდ მინდა გავიხსენო მრავალი წლის წინანდელი ამბავი: ის-ის იყო მღვდელი გავხდი და გამგზავნეს მოხუცებულთა თავშესაფარში. იქ ერთი 101 წლის მოხუც ქალს შევხვდი, რომელმაც წირვის შემდეგ მითხრა:

- მამა ანტონ, მინდა მირჩიოთ როგორ მოვიქცე. აგერ უკვე რამდენი ხანია მუდამ ვამბობ იესოს ლოცვას და ვერასდროს ვერ განვიცადე უფლის ჩემს გვერდზე ყოფნა. მითხარით, რა გავაკეთო?

მაშინ ასეთი გამზადებული პასუხი გავეცი:

- იპოვეთ ადამიანი, რომელსაც აქვს ლოცვის სულიერი გამოცდილება და იგი ყველაფერს გეტყვით.

შემომხედა და მითხრა, რომ თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე არაერთ ასეთ ადამიანს შეხვედრია, მაგრამ მათგან პასუხი არ მიუღია.

- ახლა თქვენ გნახეთ. - მითხრა მან, - და ვიფიქრე: „ალბათ არც ამან იცის, მაგრამ იქნებ შემთხვევით (მაპატიეთ ასეთი გამოთქმისთვის) მან წამოროშოს რაღაც ისეთი, რაც სარგებლობას მომიტანს“.

მაშინ მე გავიფიქრე:

„თუ ეს ასეა, მაშინ მე „ბალაამის ვირივით“ ვარ, რომლითაც წინასწარმტყველი ღვთისათვის არა სათნო საქმეზე მიდიოდა და დავასკვენი: „თუ ვირმა შესძლო ალაპარაკება, მეც შეცევდები რაიმეს თქმას“.

- როგორ ფიქრობთ, როდისღა მოახერხებს ღმერთი რაიმე გითხრათ, ან გაგრძნობინოთ გვერდით ყოფნა, თუ თქვენ გამუდმებით ლაპარაკობთ?

- მაშ რა უნდა ვაკეთო?

- აი, რა! დილით რომ ადგებით, მიალაგეთ ოთახი, აანთეთ კანდელი ხატის წინ, დაჯექით ისე, რომ ხედავდეთ ხატებსაც და კანდელსაც, ღია ფანჯარასაც, (მაშინ ზაფხული იყო) და ბუხარზე განლაგებულ ახლობლების ფოტოებსაც. აიღეთ ჩხირები და მდუმარედ ქსოვეთ ღვთის წინაშე. არ გაბედოთ არც ერთი ლოცვის თქმა. იჯექით მშვიდად და ქსოვეთ.

მან უნდობლად შემომხედა და წავიდა. მეორე დღესაც იქ უნდა მეწირა. ვიმედოვნებდი, რომ მოხუცი არ ესწრებოდა წირვას, რადგან ვშიშობდი, რომ მომხვდებოდა მისგან. მაგრამ იგი იქ აღმოჩნდა. მსახურების შემდეგ შემოვიდა ჩემთან და მითხრა:

- მამა ანტონ, იცით, გამომივიდა.

- რა გამოგივიდათ?

- გავაკეთე როგორც თქვენ მითხარით. დავჯექი, ჩუმად ვიყავი. ირგვლივაც სიჩუმე იყო, მერე კი გავიგონე ჩხირების ხმა, როცა ისინი ერთმანეთს ეხებოდნენ. ამან კიდევ უფრო გააღრმავა მდუმარების გრძნობა ირგვლივ. რაც უფრო აღვიქვამდი ამ მდუმარებას, მით უფრო შევიგრძნობდი, რომ ეს არ იყო მხოლოდ სიჩუმე, მის შუაგულში თვითონ უფალი იდგა. მაშინ ვიგრძენი, რომ სიტყვებით ლოცვა იგივეა, რაც უსიტყვო; და ვიგრძენი, რომ მე უფალთან ვიყავი. იგი მე მიცქეროდა, მე კი მას. და ისე კარგად ვიყავით ორივე ერთად!

დიახ, ახლა მან უკვე იცოდა, რომ თუ მოუნდებოდა ლოცვა ან ღვთის არსებობის შეგრძნება, მისთვის საკმარისი იქნებოდა დადუმებულიყო, სანამ არ იგრძნობდა, რომ მდუმარებით გააღწია გრძნობათა იმ უწესრიგობიდან, რომელიც მასში არსებობდა, და მას უკვე შეეძლო საუბარი ღმერთთან, რადგან იგი მასთან პირისპირ იდგა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, და ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ ამის კეთება. რასაც მე ვამბობ ჩემი მოგონილი როდია. ამის შესახებ დაწვრილებით და ნათლად წერს თეოფანე დაყუდებული.

ჩვენ არ შეგვიძლია მთელი ცხოვრების მანძილზე გამუდმებული ლოცვა, სხვაგვარი მომენტებიც არსებობს. ჩვენ უმეტესად ვკითხულობთ ლოცვებს და არც შეგვიძლია რომ არ ვიკითხოთ, რადგან ჩვენი მცირე სულიერი გამოცდილებით არ ძალგვიძს გამუდმებით ვიყოთ ასეთ ჭვრეტით მდგომარეობაში. ჩვენ არ ძალგვიძს, ამას მივაღწიოთ უცებ, ამისთვის ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა. ამისთვის გვაქვს ჩვენ მოცემული დილისა და ძილად მისვლის ლოცვები, წირვა-ლოცვა, დაუჯდომლები, და ა.შ. როგორ უნდა შევუთავსოთ ყოველივე ამას ის, რაზეც ჩვენ ზემოთ ვსაუბრობდით? მე ხშირად მეუბნებიან:

- ვკითხულობ დილისა და ძილად მისვლის ლოცვებს და არ შემიძლია იმ ყველაფრის კეთება, რაც იქ წერია.

მე ყოველთვის ვეუბნები ამის მთქმელს:

- კი მაგრამ რატომ გგონია, რომ ყოველივე ამის გაკეთებას შეძლებ. შეხედე, ყოველ ლოცვას აწერია რომელიმე წმინდანის სახელი: ბასილი დიდი, სიმონ ახალი ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი და ა.შ. ნუთუ შენ შეგიძლია ლოცვიდან ლოცვაზე გადასვლისას განიცადო და თითოეული მათგანის გამოცდილებას შეუერთდე, შეურწყა შენსას იმათი გამოცდილება, რომელთაც დაწერეს ან შეადგინეს ეს ლოცვები?!

მე შეგნებულად ვიხმარე სიტყვა „დაწერეს ან შეადგინეს“. ფსალმუნები და ლოცვები არავის არ დაუწერია. არავინ მჯდარა მაგიდასთან და არ შეუთხზავს ისინი. ეს ლოცვები სულის ძახილია, რომელიც ისევე გადმოედინება, როგორც სისხლი ჭრილობიდან, აღფრთოვანების ან სინანულის, სასოწარკვეთის ან ტკივილის, ან იმედის დროს. და რომელიც წმინდანმა მერე აღბეჭდა ფურცელზე, რომ არ დავიწყებოდა ის, რაც ოდესღაც შეემთხვა. და თუ ჩვენ გვინდა წმიდათა ლოცვებით ლოცვა, ჯერ ერთი, უნდა შეგვეძლოს მათი წრფელი გულით კითხვა, მათ წაკითხვამდე კი უნდა მივმართოთ წმინდანს და ვითხრათ:

- წმინდაო ბასილ, წმინდაო იოანე, წმინდაო სვიმეონ, მე გამოვიყენებ შენს ლოცვებს, მაგრამ მე არ ძალმიძს მათი დატევა. მე მათ გავიმეორებ მთელი სიწრფელით, მთელი ჩემი გონებით, გულისხმისყოფით, შენ კი აღამაღლე ისინი ღვთის ტახტამდე.

ასე დავიწყებთ ურთიერთობას წმინდანთან და იმასთან, რაც მან ჩადო ამ ლოცვაში. ამ ლოცვაში კი მან ჩადო ყველაფერი: თავისი ცოდნა ღვთის შესახებ, ცოდნა თავისი თავის შესახებ, თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება - იგი შეერწყა ამ ლოცვას.

როცა ჩვენ ვიწყებთ ლოცვების კითხვას, ზოგიერთი ადგილი ჩვენთვის გასაგები და ახლობელია, მაგრამ ზოგი მათგანი ჩვენთვის დაფარული და გაუგებარია. ჩვენ უძლურნი ვართ ჩვენგან გამომდინარე ვთქვათ ზოგიერთი სიტყვა, რომელიც თავისი გამოცდილების სიღრმიდან წარმოსთქვა წმინდანმა.

ჩემი ჭაბუკობისას ერთ ამხანაგს ვეჩხუბე. მივედი მამა ათანასესთან და ვუთხარი:

- რა ვქნა, ვეჩხუბე კირილეს და არ შემიძლია მისი პატიება.

მამა ათანასემ მშვიდად შემომხედა და მითხრა:

- „მამაო ჩვენო“-ს წაკითხვისას იმ ადგილამდე რომ მიხვალ „და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი“, ასე თქვი „უფალო, ნუ მომიტევებ მე თანანადებს ჩემსას, რადგან არ შემიძლია კირილეს მივუტევო“.

- არ შემიძლია ამის თქმა.

- ასე უნდა თქვა, სხვანაირად არ შეიძლება შენ რომ თქვა.

მაშინ შევეცადე ასე მეთქვა, მივედი ამ ადგილამდე და რომ ვერ შევძელი ამ სიტყვების წარმოთქმა, დავბრუნდი მამა ათანასესთან.

- მაშ, თუ არ შეგიძლია ამ სიტყვების წარმოთქმა, გამოტოვე.

ამასაც შევეცადე და ვერ შევძელი, რადგან სწორედ ეს მიტევებაა ის ზღვარი, რაც დევს ჩემს ცხონებასა და დაღუპვას შორის. ისევ დავბრუნდი მამა ათანასესთან.

იგი მეუბნება:

- რაო, გეშინია რომ დაიღუპები? მაშინ აი, ასე თქვი:

- უფალო, მე ძალიანაც მინდოდა მეპატიებია კირილესთვის, მაგრამ ვერ შევძელი. შენ ხომ შეგიძლია შემინდო, რადგან მე ეს მსურდა.

ეს რომ ვცადე გამომივიდა და რომ დავინახე როგორ თანდათან ვიძირებოდი ამ განცდებში, ვიგრძენი ჩემი სიბრაზის უაზრობა. ამან კი მაფიქრებინა:

„შემიძლია კირილეს პატიება; იგი არც ისე დამნაშავეა ჩემს წინაშე. ჩვენ ორივე დამნაშავე ვართ“.

ამის შემდეგ მას შევურიგდი, მერე კი თავისუფლად, მშვიდად შევძელი იმ ღვთაებრივი სიტყვების წარმოთქმა, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანის ცხონება.

ლოცვის სიტყვები უნდა წარმოსთქვა წრფელი გულით. და თუ არ შეგვიძლია რაიმეს თქმა წრფელდ, ასე მაინც ვუთხრათ უფალს:

- მე მხოლოდ იმ სიტყვებს ვამბობ, რომლებიც წერია ამ ლოცვებში. ჩემი მხრიდან კი არ შემიძლია შენთვის ამის თქმა. შემეწიე, რომ ოდესმე მაინც შევძლო ეს.

მაგრამ ამას, მართლაც, ვერასდროს შევძლებთ, თუ არ მივუბრუნდებით და არ ჩავუღრმავდებით ლოცვის სიტყვებს. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია გავაკეთოთ ორი რამ: ჯერ ერთი, ის, რასაც წმინდა თეოფანე დაყუდებული გვასწავლის: ლოცვების კითხვისას კი არ უნდა შევიგრძნოთ და გავიაზროთ სიტყვები, არამედ მაშინ, როცა შეგვეძლება მშვიდად დავჯდეთ და ჩავუფიქრდეთ მას. ჩვენ შეგვიძლია ასე დავსვათ საკითხი:

- აი, სიტყვები, რასაც განიცდიდა წმინდანი ღვთის წინაშე მდგარი, როგორც ხედავდა საკუთარ თავს, ცხოვრებას. მაგრამ რას განვიცდიდი მე მათი წარმოთქმისას?! ჩვენ უნდა შევიგრძნოთ, მივიყვანოთ ჩვენს შეგრძნებამდე, ჩვენს გულამდე და თითქოსდა ჩვენი მოგონებების სიღრმიდან, ჩვენი ცხოვების გამოცდილებიდან გამომდინარე ამოვატივტივოთ ზედაპირზე ყველაფერი ის, რაც შეესაბამება ლოცვის სიტყვებს, ისე, რომ მისი კითხვისას, მთელი ჩემი სულიერი და ადამიანური გამოცდილება მოვიხმო ლოცვის სიტყვებით. მაშინ ყოველი ლოცვა თანდათანობით გაცოცხლდება, იქცევა ჩემს ლოცვად; და მაშინ თითოეული სიტყვა დაიტვირთება ჩემი პირადი გამოცდილებით. მეორეც, არსებობს ლოცვები, რომელთაც ადამიანის ცხოვრების წესის განსაზღვრაც შეუძლიათ. მაგალითად, წმინდა იოანე ოქროპირის დღის ყოველი საათისთვის საკითხავი 24 მოკლე ლოცვა. იგი ძილად მისვლისას იკითხება. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ყოველ დღე ამოვარჩიოთ ამ ლოცვებიდან ერთი და მთელი დღის განმავლობაში თუ არა, რამდენიმე საათით მაინც დავუთმოთ მასზე ფიქრს ადგილი. მაგალითად ეს სიტყვები ლოცვიდან:

„უფალო, მასწავლე მე სინანული!“

დაფიქრდი, შეიგრძენი, რას ნიშნავს სინანული. როცა ამას გაიაზრებ და შეიგრძნობ, რამდენიმე საათი მაინც შეიცადე, რომ ისწავლო სინანული.

არის სხვა ლოცვებიც:

„უფალო, მომეცი მე ცრემლი და ხსოვნა სიკვდილისა! უფალო, მომეცი უბიწოება, მორჩილება და სიმდაბლე!“

ანდა ავიღოთ ამ ლოცვიდან ერთ-ერთი სათნოება და ერთი დღე მაინც მთლიანად მას ვადუთმოთ. შევეცადოთ რამდენიმე საათის განმავლობაში მაინც ამ სიტყვის შესაბამისად არ ვცოდოთ. მაშინ ყოველი ლოცვა გაცოცხლდება. და როცა ჩვენ დავდგებით სალოცავად ღვთის წინაშე, ჩვენ უბრალოდ კი არ გავიმეორებთ წმინდანის სიტყვებს, არამედ მისივე სიტყვებით აღვავლენთ ლოცვას ღვთის წინაშე იმ ბიჭუნასავით, დედას რომ უთხრა, მას შემდეგ რაც იძულებით წააკითხა ძილად მისვლის ლოცვები:

- დედა, ახლა კი მოდი მართლა ვილოცოთ. ვევედროთ ღმერთს ჩვენი სიტყვებით.

ჩვენც ამით ხომ არ დაგვეწყო...


kirieeleison1 Send a message
__ __
სულიერებისა და სულიერი მოძღვრობის შესახებ
1573 days ago 27.12.2009 11:12:42 Quote('4452643','4452643','7','804')">Report spam

თავდაპირველად მინდა განვმარტო სიტყვა „სულიერება“, რადგან როცა საუბრობენ სულიერებაზე, ჩვეულებრივ მხედველობაში აქვთ ხოლმე სურლიერი ცხოვრების გარკვეული რელიგიური გამოხატულებანი, როგორიცაა ლოცვა, ღვაწლი. ჩემის აზრით კი, სულიერებაზე საუბრისას უპირველეს ყოვლისა უნდა გვახსოვდეს, რომ სულიერება იმაში მდგომარეობს, თუ რას ახდენს ჩვენში სული წმიდა, რადგან ის, რასაც ჩვენ სულიერებას ვუწოდებთ - არის სული წმიდის მოქმედების საიდუმლო გამოვლინება.

ეს მოძღვრებს თავისებურად ზღუდავს, რადგან აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ადამიანი აღიზარდოს ამა თუ იმ პრინციპის მიხედვით, რომ მან ისწავლოს ლოცვა ანდა ტრაფარეტული ასკეტიზმი. მოძღვრობა იმაში მდგომარეობს, რომ მოძღვარმა, სულიერების რა საფეხურზეც არ უნდა იმყოფებოდეს, ფხიზლად ადევნოს თვალყური სული წმიდის მოქმედებას ადამიანზე და ადამიანშიც, მოამზადოს იგი სული წმიდის მადლის მისაღებად, ამავე დროს დაიცვას და დაიფაროს იგი საცდურის, დაცემისა და რწმენაში ორჭოფობისაგან. მოძღვრის ღვაწლი ერთის მხრივ, ამ დროს შეიძლება ნაკლებად აქტიური გვეჩვენოს, მეორეს მხრივ კი, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ჩვენ ეს გვგონია.

წინასწარ მინდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა იმის შესახებ, რომ „მოძღვრობა“ - მრავალმხრივი ცნებაა.

ჩემის აზრით არსებობს სამი ტიპის მოძღვარი. უპირველეს ყოვლისა, ახლადნაკურთხი მღვდელი, რომელისაც მიცემული აქვს მადლი მღვდლობისა, რაც მასში აერთიანებს არა მარტო უფლებას, არამედ მადლისმიერ ძალასაც ევტარისტიის, ნათლობის, მირონცხებისა და აღსარების საიდუმლოს აღსასრულებლად, ე.ი. შეარიგოს ადამიანი ღმერთთან.

ახალგაზრდა, ჯერ კიდევ გამოუცდელ მღვდელს, რომლიც აღსავსეა ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით, დიდი წარმოდგენა ექმნება თავის თავზე, რომ ხელდასხმისაგან მას მოეცა სიბრძნეც, გამოცდილებაც, მიეცა უნარი სულების განსხვავების გამოცნობისა. ასკეტურ ლიტერატურაში ამ მოვლენას „უმწიფარ მოძღვრობას“ უწოდებენ. მღვდელი, რომელიც ჯერ კიდევ სულიერად მოუმწიფებელია, რომელსაც ჯერ კიდევ არ გააჩნია ის ცოდნაც კი, რასაც უბრალო გამოცდილება იძლევა, მაგრამ რომელიც ფიქრობს, რომ მას ასწავლეს ყოველივე ეს. იგი თვლის, რომ, რაკი უკვე ისწავლა, შეუძლია ხელი მოჰკიდოს მონანულს და აიყვანოს იგი მიწიდან ზეცაში. სამწუხაროდ, ეს ხდება ძალიან ხშირად და ყველგან. ასეთი ახალგაზრდა მღვდელი მხოლოდ თავისი მღვდლობის ძალით და არა თავისი სულიერი გამოცდილებით და არა იმის შეგრძნებით, რომ ღმერთმა მიიყვანა იგი აქამდე, თავისი სულიერი შვილების მართვას ბრძანებებით იწყებს:

- ეს არ გააკეთო!

- ეს გააკეთე!

- ეს წიგნი არ წაიკითხო!

- ეკლესიაში იარე!

- მეტანიები აკეთე!

რის შედეგადაც მისი მსხვერპლის ცხოვრება სულიერი ცხოვრების მხოლოდ კარიკატურად თუ გამოდგება, იმის გამო, რომ ცდილობს აკეთოს ის, რასაც აკეთებინებენ მხოლოდ მოღვაწე მამები, ამით კი იგი მიემსგავსება გაწვრთნილ ცხოველს.

ასეთი მოძღვარი კატასტროფაა, რადგანაც იგი იჭრება იმ სფეროში, რომლის უფლება და გამოდცილება არ გააჩნია.

ხუცესობა ადამიანს მხოლოდ ღვთის მადლით ეძლევა - ეს ქარიზმატული მოვლენაა, მადლია, და მისი სწავლა ისევე არ შეიძლება, როგორც არ შეიძლება შენი სურვილით გახდე გენიოსი. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიოცნებოთ საკუთარ გენიალურობაზე, მაგრამ როცა ვეხებით რაიმე სფეროს, შესანიშნავად ვგრძნობთ, რომ ბეთჰოვენს ან მოცარტს, ლეონარდო და ვინჩს ან რუბლიოვს ჰქონდათ ისეთი ტალანტი, რასაც ვერც სკოლა და ვერც ცხოვრება ვერ ასწავლის ადამიანს. აი, სწორედ ეს არის ღვთაებრივი მადლი. მე ამას ხაზგასმით აღვნიშნავ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საჭირბოროტო თემა, რადგან ამ შემთხვევაში მღვდელი ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენს. ხშირად ახალგაზრდა მღვდლები ასაკით, ან თავიანთი სულიერი გამოცდილებით, სულიერ შვილებს მართავენ, იმის ნაცვლად, რომ მცენარეებივით გამოზარდონ ისინი. გამოზრდა ნიშნავს მოეპყრან მათ და იმოქმედონ მათზე ისე, როგორც მებაღე ექცევა ყვავილებს, ან მცენარეებს. უნდა ვიცნობდეთ ნიადაგს, მცენარეთა ბუნებას, უნდა გავითვალისწინოთ კლიმატური და სხვა პირობები, რომელშიც ისინი იმყოფებიან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია მათთვის დახმარების გაწევა - დახმარება იმაში, რომ იგი განვითარდეს ისე, როგორც მისთვისაა დამახასიათებელი, მისი ბუნებრივი მონაცემების მიხედვით; არ შეიძლება ადამიანი ვაიძულოთ ჩვენნაირი გახდეს.

ერთი მამა წერს:

- როგორ აკეთებდნენ ამას დიდი მამები იცით?! ისინი თუმცა თავისთავადნი რჩებოდნენ, მაგრამ ამავე დროს შეეძლოთ სხვებში განეჭვრიტათ მათი განსაკუთრებული და განუმეორებელი თვისებები და ხელი შეეწყოთ მათთვის შეენარჩუნებინათ ეს პიროვნული თვისებები, რათა ისინი არ ქცეულიყვნენ მოძღვრის ტრაფარეტულ ასლებად.

მაგალითისათვის გამოდგება ანტონი პეჩორელი და თეოდოსი. თეოდოსი ანტონის მოწაფე იყო. მაგრამ მათი ცხოვრება არაფრით არ ჰგავდა ერთმანეთს. ანტონი დაყუდებული ბერი იყო, თეოდოსი მონასტრების დამაარსებელი. ხომ არ შეიძლებოდა ანტონს თეოდოსი ეიძულებინა ეკეთებინა ის, რასაც თვითონ არაფრით არ გააკეთებდა, ეიძულებინა ყოფილიყო ისეთი, როგორსაც თვითონ არაფრით არ ინდომებდა და რისკენაც მას ღმერთი არასდროს მოუწოდებდა.

მე მგონი, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ სურვილი იმისა, რომ ვაქციოთ ადამიანი ჩვენს მსგავსად და სურვილი, რომ ადამიანს დავეხმაროთ მიემსგავსოს ქრისტეს. ხუცესობა, როგორც უკვე გითხარით, ღვთის დიდი წყალობა, სულიერი ნიჭია. ამიტომ არცერთმა ჩვენგანმა არ უნდა იფიქროს, რომ შესძლებს მათ მსგავსად მოძღვრობას. თუმცა არსებობს რაღაც შუალედი, მაგალითად სულიერი მამობა. ძალიან ხშირად ახალგაზრდა და არცთუ ახალგაზრდა მღვდლები იმის გამო, რომ მათ მამაოთი მიმართავენ, წარმოიდგენენ, რომ ისინი არიან მოძღვრები იმ გაგებით, რაზეც პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში ამბობს: „გამზრდელები ბევრი გყავთ, მაგრამ მე გშობეთ თქვენ ქრისტეში“. იგივეს თავის დროზე ამბობდა სერაფიმე საროველი. სულიერი მამობა მდგომარეობს იმაში, რომ ამა თუ იმ ადამიანმა - და შესაძლოა იგი სულაც არ იყოს მღვდელი, - სხვა ადამიანი შვას სულიერი ცხოვრებისათვის და რადგან ამ ადამიანმა მის სახეზე და თვალებში დაინახა სულიერი ცხოვრების ნათება, ამიტომ მას შეუძლია მივიდეს მასთან და სთხოვოს იყოს მისი დამრიგებელი, რადგან მათ შორის სულიერი და მშვინვიერი თანხმობაა.

ალბათ გსმენიათ, ადრე როგორი გადაჭედილი იყო მოღვაწეებითა და ხუცესებით ეგვიპტის უდაბნოები. მაგრამ, ადამიანები მაშინ თავისთვის მოძღვრებს მათი დიდებისდა მიხედვით კი არ ირჩევდნენ და კი არ მიდიოდნენ მხოლოდ იმათკენ, რომლებზეც უმეტესად კარგი სმენოდათ, არამედ ეძებდნენ ისეთ მოძღვარს, რომელსაც მათი გაგება შეეძლო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მორჩილება არ ნიშნავს, ბრმად აკეთო ის, რასაც მოძღვარი გეუბნება; მორჩილს, რომელმაც ამოირჩია მოძღვარი, უსიტყვოდ უნდა სჯეროდეს მისი, მასში ხედავდეს იმას, ვისაც ეძებდა, არა მხოლედ ესმოდეს მისი სიტყვები, არამედ შეეძლოს მისი ხმის ტონშიც კი სათქმელის ამოცნობა; მან უნდა შეისისხლხორცოს მოძღვრის სულიერი გამოცდილება და თავისი შესაძლებლობების მაქსმალურად გამოვლინება შესძლოს. მორჩილება - უპირველეს ყოვლისა არის ნიჭი არა მარტო გონებით, ყურით მოსმენისა, არამედ მთელი არსებით, გახსნილი გულით, სხვა ადამიანის სულიერი საიდუმლოებების კრძალული ჭვრეტით. სულიერი მამის მხრიდან კი, რომელმაც შესაძლოა გშობათ, ანდა მიგირქვათ უკვე შობილი, მამობა გამოიხატება იმაში, რომ მას უნდა ჰქონდეს ღრმა მოწიწება იმისადმი, რასაც ადამიანში ახდენს სული წმიდა.

სულიერ მამას და უბრალო, ჩვეულებრივ მღვდელსაც უნდა შეეძლოს ადამიანში დაინახოს ღვთის ხატების სილამაზე, თუნდაც ამისთვის დასჭირდეს საკუთარ თავზე ძალდატანება, იგი კრძალვით უნდა ეპყრობოდეს ყველა მასთან მისულს. ადამიანი თუნდაც ცოდვებში იყოს ჩაფლული, სულიერი მამა მასში მაინც უნდა ხედავდეს იმ ხატს, რომელიც დაზიანდა ცხოვრებისეული პირობებით, ადამიანთა უგულისყურობით, ან მკრეხელობით; უნდა დაინახოს მასში ხატება და კრძალვით უნდა მოექცეს იმას, რაც დარჩენილა ამ ხატებიდან და მხოლოდ ამ ღვთაებრივი სილამაზის გულისთვის, რომელიც მასში ჯერ კიდევ არის, იღვაწოს იმისათვის, რომ მოაცილოს მას ყველაფერი ის, რაც ამახინჯებს ამ ხატებას.

მამა ევგრაფი კოვალევსკიმ, ჯერ კიდევ ერში ყოფნისას, ასეთი რამ თქვა:

- ღმერთი, როცა ადამიანს უყურებს, ხედავს არა მის სათნოებებს, რომლებიც შესაძლოა მას სულაც არ გააჩნია, არამედ საკუთარი ხატების ბრწყინვალე სილამაზეს. თუ მოძღვარს არ შეუძლია დაინახოს ადამიანში ეს მშვენიერება, თუ არ შეუძლია მასში დაინახოს სწრაფვა იმისკენ, მიემსგავსოს განკაცებულ ქრისტეს, ეს ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია ამ ადამიანის ტვირთვა. ადამიანს არ აშენებენ, არ ქმნიან; მას უბრალოდ ეხმარებიან ზრდაში.

აქ აუცილებელია გავიაზროთ მორჩილების არსი. ჩვეულებისამებრ სულიერი მოძღვრის ხელქვეითობა მონურ მორჩილებასა და მის ძალაუფლების ქვეშ ყოფნას როდი ნიშნავს; ასეთი დამოკიდებულება საზიანოა, როგორც ჩვენთვის, ასევე მოძღვრისთვის. მორჩილება მდგომარეობს როგორც მორჩილის, ასევე მოძღვრის მხრიდან მთელი გულისხმიერებით ჩაწვდეს და მოუსმინოს (რადგან მოძღვარი მთელი თავისი გამოცდილებით, მთელი თავისი არსებით, მთელი თავისი ქმედებით, უნდა მორჩილებდეს სული წმიდას), სული წმიდის მოქმედებას იმ ადამიანში, რომელიც მას მიენდო. მოძღვარს უნდა შეეძლოს თვალი ადევნოს სული წმიდის გზას ადამიანში, იგი კრძალვას უნდა განიცდიდეს იმის მიმართ, რასაც ღმერთი აღასრულებს და არ უნდა ცდილობდეს აღზარდოს სულიერი შვილი თავისი დასკვნების მიხედვით, რადგან ადამიანი ამ შემთხვევაში მისი მსხვერპლი ხდება; და ეს ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა ორივეს მხრიდან მორჩილება. ჩვენ მორჩილებას ველით მორჩილისაგან, ანდა სულიერი შვილისაგან, მაგრამ მორჩილება მართებს თვითონ მღვდელსაც, მოძღვარს იმისათვის, რომ არ შეიჭრას სული წმიდის სფეროში და მოექცეს ადამიანის სულს ისე, როგორც მოსეს ებრძანა მოქცეოდა იმ მიწას, სადაც იდგა შეუწველი მაყვლის ბუჩქი. ყოველი ადამიანი პოტენციურად ანდა რეალურად უკვე წარმოადგენს მაყვლის ასეთი შეუწველ ბუჩქს და ყველაფერი ის, რაც მას გარს აკრავს - ეს არის წმიდა მიწა, სადაც მოძღვარს მოსეს მსგავსად „მხოლოდ ფეხშიშველს“ თუ შეუძლია შესვლა, კრძალვით, იმ მეზვერეს მსგავსად, რომელიც იდგა ტაძრის შესასვლელში თვალებდახრილი, რადგან იცოდა, რომ ეს იყო ცოცხალი ღმერთის სახლი და რომ მას არა აქვს უფლება შევიდეს იქ მანამ, სანამ უფალი არ მოუხმობს. მოძღვრის ერთ-ერთი მოვალეობაა აღზარდოს ადამიანი სულიერ თავისუფლებაში, რომ ყოველი წვრილმანის გადასაწყვეტად მასთან გამორბოდეს. მოძღვარმა იგი უნდა აღზარდოს ისე, რომ თავადაც ისწავლოს იმის შეგრძნება, რასაც სული წმიდა დაადებს გულზე.

რომ გავიგოთ, რა არის მორჩილება, მოვიყვან ორ განსაზღვრებას: მორჩილება ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი ემორჩილება ღვთის ნებას, ეძლევა მას მთლიანად, სიხარულით და ამბობს: „იყოს უფალო ნება შენი, როგორც შენ გსურს“. ამის შემდეგ იგი მშვიდად ხვდება ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება. ყველაფერი ღვთისგანაა: კეთილიც და საშინელიც. ღმერთმა ჩვენ გვიხმო, რომ ვიყოთ მისი მოციქულები დედამიწაზე. იგი ჩვენ გვიხმობს იქ, სადაც წყვდიადია, რათა შევიტანოთ ნათელი, სადაც სასოწარკვეთაა - იმედი, სადაც სიხარული ჩამკვდარა - სიხარული. ჩვენი ადგილი იქ კი არაა, სადაც სიმშვიდეა, მაგალითად ტაძარში, სადაც ლიტურგიისას ჩვენ მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით, არამედ იქ, სადაც მარტონი ვდგავართ, როგორც ქრისტეს მხედარნი, ამ გაუკუღმართებული სამყაროს წყვდიადში.

ლათინურად სიტყვა „მორჩილება“ ნაყოფიერ ნიადაგს ნიშნავს.

„დაუკვირდით რას წარმოადგენს მიწა, - წერს თეოფანე დაყუდებული, - წევს იგი მდუმარე, გახსნილი, მოწყლული და ნატანჯი ცის ქვეშ. იღებს მისგან თაკარა სიცხესაც და მზის სხივებსაც, წვიმასაც და ცვარსაც, ასევე იღებს ნეხვს და ყველაფერს, რასაც მასში ვყრით, სანაცვლოდ კი იძლევა ნაყოფს. და რაც უფრო მეტად იტანს იმას, რასაც ჩვენ ვეძახით დამცირებას, შეურაცხყოფას, მით მეტი ნაყოფი გამოაქვს“.

მორჩილებაც მდგომარეობს იმაში, რომ გავიხსნათ ღვთის წინაშე მთლიანად და არანაირად არ დავიფაროთ თავი მისგან, სული წმიდის მოქმედებისგან, ქრისტეს ხატებისაგან და მისი მოძღვრობისაგან, ვიყოთ მოწყვლადნი მადლისადმი ისევე, როგორც ჩვენი ცოდვისას ვართ დაუცველნი ადამიანთა ავსიტყვაობისაგან, სასტიკი ქმედებისაგან, დაცინვისაგან; მივეცეთ ღმერთს ისე, რომ ჩვენივე ნებით ღმერთმა იმოქმედოს ჩვენზე, იმოქმედოს, როგორც თავად ნებავს და რაც არ უნდა ისურვოს, ყველაფერი მივიღოთ, გავეხსნათ და ასე მივცეთ საშუალება სული წმიდას დაგვიმორჩილოს.

მე მგონი, მოძღვარი თუ შეეცდება ასეთი მორჩილების შესწავლას, თუ შეეცდება დაინახოს ადამიანში მშვენიერება, თუ ეცოდინება თავისი ადგილი, მშვენიერი და წმიდა, ადგილი სიძის მეგობრისა, რომლის დანიშნულებაა, გაუფრთხილდეს სიძე-პატარძლის შეხვედრას, მაშინ მოძღვარი, მართლაც, გახდება თავისი სულიერი შვილის თანამგზავრი, ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყვება მას, დაიცავს, ხელს მოჰკიდებს და არასდროს შეიჭრება სული წმიდის სფეროში. მაშინ მოძღვრობა იქცევა სულიერების ნაწილად, რისთვისაც თითოეული ჩვენგანია მოწოდებული, და ადამიანი იწყებს სულიერად ზრდას, რაშიც ყოველი მოძღვარი უნდა ეხმარებოდეს თავის სულიერ შვილს.


kirieeleison1 Send a message
__ __
მონაზვნობა და თანამედროვეობა
1573 days ago 27.12.2009 11:14:06 Quote('4452643','4452643','7','805')">Report spam

თუ მონაზვნობას მივუდგებით როგორც გზას, რომელზეც მდგარი ადამიანი უარყოფს საკუთარ თავს, შეუდგება მკაცრ მოღვაწეობას და სიკვდილისთვისაც კი მზადაა, ე.ი. თავის სიცოცხლეს თმობს ღვთის მსახურებისათვის, თავს დებს, რომ ყოველგვარ გარემოებაში იყოს ღვთის მოციქული, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მონაზვნობამ შეიძლება სახე იცვალოს. წმიდა თეოფანე დაყუდებული (ჯერ კიდევ მაშინ, რევოლუციამდე), წერდა, რომ მოვა დრო, როცა განიბნევიან ბერები და ერში იცხოვრებენ სხვებისთვის შეუმჩნევლადო. და თუმცა მათ ვერ იცნობენ, ისინი ყველა სიტუაციაში მაინც მონაზვნის ბეჭდის - თავისი თავის უარყოფისა და ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულის - ამ სამონაზვნო ღვაწლის მატარებლები იქნებიანო.

მახსენდება ბერი სილუანის ნაამბობი მონაზვნის ლოცვის შესახებ, რომელიც იწყება მიწაზე, ადის ღმერთამდე და მასთან ერთად ისევ მიწას უბრუნდება. ასე ლოცულობდა თავად სილუანი თავისი მუშებისათვის, ფიქრობდა თითოეულ მათგანზე, ღმერთს უამბობდა მათი ცხოვრების თითოეულ დეტალზე და ევედრებოდა მათ მფარველობას და კეთილდღეობას. და იგი, როგორც თვითონ აღნიშნავს, ლოცვისას თანდათან ისე იზრდებოდა, შეირგძნობდა რომ ღმერთი იქვე იყო, რომ იყო მომენტები, როცა ავიწყდებოდა მიწაც, ცაც, და ისინიც, ვიზეც ლოცულობდა; ასე, ნაკადულივით, იჭრებოდა იგი ღვთის სიღრმეებში და იქ პოულობდა იმათ, ვიზეც ლოცულობდა. მერე ამ სიღრმეებიდან ღმერთი აბრუნებდა მას მიწაზე, რათა მასავით ჰყვარებოდა ისინი და ელოცა მათთვის, მაგრამ უკვე სრულიად სხვაგვარად.

ამიტომაც არ იქნება მართებული იმის მტკიცება, რომ ჭეშმარიტ მონაზვნობას ცხოვრების მხოლოდ ერთი წესი წარმოადგენს. საუბარია იმაზე, რომ მონაზვნობა შეინარჩუნო ცხოვრების ნებისმიერ ვითრებაში. რა თქმა უნდა, ძალიან ადვილია მოტყუვდე და თავი ჩათვალო მიწაზე ანგელოზად, როცა არ გაგივლია მორჩილების, ქალწულების, უპოვარებისა და სიმტკიცის ნამდვილი სკოლა, ის, რაზედაც ახლა ვსაუბრობთ. მაგრამ ეს უცებ არ ეძლევა ადამიანს. სიმტკიცეზე საუბრისას ისევ მივუბრუნდეთ თეოფანე დაყუდებულის წერილებს, სადაც იგი ჰყვება, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა თანდათან ამ სიმტკიცეს. ჩვენ ვიცით, როგორი მლოცველი იყო იგი. როგორ უერთდებოდა ღმერთს ლოცვაში ჩაღრმავებული. იგი იყო ჭეშმარიტი მოღვაწე, მასწავლებელი და ეპისკოპოსი. ყოველივე ამაზე მან უარი თქვა და მონასტერში დაეყუდა. იქ მოხვედრილმა კი, უცებ თითქოსდა საპყრობილეში იგრძნო თავი; მონასტრის კედლები ეფარებოდნენ იმ ქვეყანას, რომლის ცქერასაც ასე იყო შეჩვეული. იგი მიჩვეული იყო ეცქირა უკიდეგანო ტრამალებისა და უსაზღვრო სივრცისათვის. მაშინ მან გადაწყვიტა თანდათანობით მიეჩვია თავის იმისათვის, რომ შემოეფარგლა თვალთახედვის არე. გადაწყვიტა, არასდროს გასულიყო მონასტრიდან. თავდაპირველად იგი ადიოდა მონასტრის გალავანზე და იქიდან უყურებდა სივრცეს, რადგან ამის გარეშე მას არ შეეძლო ჯერ ცხოვრება. შემდეგ ცოტა შეიზღუდა თავი. არა იმიტომ, რომ ტყვეობას მიეჩვია, არამედ იმიტომ რომ ჩაუღრმავდა თავის თავს. და ასე მორჩილად, მხოლოდ ტაძარში და მონასტრის ბიბლიოთეკაში დადიოდა. მერე თანდათან კიდევ უფრო სიღრმეებში ჩაიძირა. ყველაფერი იმით დამთავარდა, რომ დაეყუდა და 29 წელი იცხოვრა მხოლოდ ერთ ოთახში. და აი, თავის თავში წასულმა და თავის გულში მცხოვრებმა, მან ასეთი შესანიშნავი რამ აღმოაჩინა. იგი წერს, რომ მისთვის ეს ოთახი გახდა ძალზედ ვრცელი და მას აღარ სჭირდებოდა კვადრატული მეტრები გარშემო. იგი სულ მთალიანად ჩაიძირა თავის თავში, როგორც ის ამბობდა, ჩააღწია მის სიღრმეებს.

მაგრამ ისე კი არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს ამის მიღწევა შეიძლებოდეს კარის გამოხურვით, რომ ასე დავიცავთ თავს გარე სამყაროსაგან. საპყრობილეში მოხვედრილი ადამიანი არის დაყუდებული, იმის გამო რომ გონება და აზრები მუდამ ამ კედლებს მიღმა ტრიალებს. არა! მონაზვნობა სულ სხვაა, სხვაგვარი გზაა.

მონაზვნური ცხოვრება თავისი მრავალსახეობით ჯერ კიდევ მისი ჩამოყალიბების პირველ წლებშივე გამოვლინდა. უდაბნოში მეუდაბნოებიც ცხოვრობდნენ და საერთო საცხოვრებლის ტიპის მონასტრებიც იყო, იყვნენ ამა თუ იმ მოძღვრის გარშემო პატარ-პატარა დაჯგუფებებიც და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ყველასთან განშორებით ცხოვრობდნენ; ისეთებიც არსებობდნენ, რომელთა კარიც ყველასთვის ღია იყო. ღირს მოსეს რომ ჰკითხეს, რატომ აირჩია მან თავისი სენაკი ასე, გზის პირას, ნუთუ გამვლელები მას ხელს არ უშლიდნენ, მან უპასუხა:

- არა, როცა ჩემთან მწირი ადამიანი მოდის, მე მასში ქრისტეს ვხედავ; იგი აკაკუნებს ჩემს კარზე. მე მას ვაპურებ, ვასვენებ, რომ მან შეძლოს გზის გაგრძელება. მსგავსი შეკითხვით მიმართეს არსენი დიდს, რომელიც რომის იმპერატორის შვილების მოძღვარი იყო. ერთხელაც მასთან უდაბნოში მივიდა ერთი ქალბატონი, რომელსაც იგი რომში იცნობდა და სთხოვა დამოძღვრა. არსენი დიდმა სენაკიდან გამოსძახა:

- შეასრულებ კი იმას, რასაც გეტყვი?

- დიახ, მამაო, შევასრულებ.

- მაშინ, როცა გეტყვიან არსენი ამა და ამ ადგილზე იმყოფება, საპირისპირო მხარეს წადი. და როცა მას ჰკითხეს, რისთვის გაურბის იგი ადამიანებს, მან უპასუხა, რომ ცაში ათასობით ანგელოზსა და მთავარანგელოზს ერთიანი ნება-სურვილი აქვთ, მიწაზე კი ყოველ ადამიანს სხვადასხვა ნება გააჩნია და მას არ შეუძლია დარჩეს თავისთავადი და თავის ნებაზე, როცა გარშემო მყოფნი ცდილობენ დაჯიჯგნონ იგი თავიანთი ნება-სურვილებით.

ძველად იყვნენ მოღვაწენი, რომლებიც ღვთის წინაშე განცალკევებით, სრულ სიმარტოვეში ლოცულობდნენ, ფიზიკურად ყველაფრისაგან, გარშემო სამყაროსაგან სრულიად მოწყვეტილნი. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ ჰქონდათ საერთოდ ურთიერთობა გარე სამყაროსთან. მაგალითად, სერაფიმე საროველი ერთის მხრივ, დაყუდებული იყო, მეორეს მხრივ კი მთელი ქვეყნისათვის და ყველა იმათთვის ლოცულობდა, რომელთა გასაჭირსაც ღმერთი უხსნიდა. ეს არ იყო მარტოობა ამ სიტყვის ჩვენებური გაგებით, როცა ადამიანი ჩაიკეტება და აღარავის აღარ ცნობს, აღარავისი ესმის.

ეკლესია ეს სიყვარულის ორგანიზმია. საეკლესიო თემი, როცა იგი ერთად იკრიბება, არის ადამიანთა ერთობა, რომლებიც ერთმანეთში ქრისტეს ცოცხალ ხატს ხედავენ, და მას ისინი კეთილი კრძალულებითა და ლოცვით შესცქერიან. სწორედ ამიტომ საზოგადო ლოცვა ქრისტეს სხეულის (ეკლესიის) ერთსულოვანი ლოცვაა, ე.ი. ეს არის ქრისტეს სუფევა იმ ადამიანთა შორის, რომლებიც თავიანთ თავში ატარებენ მაცხოვრის - ქრისტეს რაღაც ანაბეჭდს.

მოღვაწეობის ეს სახეები ერთმანეთს არ გამორიცხავს. იყვნენ ისეთი მოღვაწენიც, რომლებიც განმარტოებით მოღვაწეობდნენ; იყვნენ ისეთებიც, რომლებიც საერთო საცხოვრებლის ტიპის მონასტრებს ჰქმნიდნენ და ერთად ლოცულობდნენ. იყო სავანეებიც, მაგალითად, ნილოს სორელის ირგვლივ 12 ბერი ცხოვრობდა. თითოეული მათგანი თავის სენაკში, ცალკე ლოცულობდა, მაგრამ კვირაში ერთხელ ლიტურგიაზე იკრიბებოდნენ და ქრისტეს სხეულივით ერთნი იყვნენ. ისინი აღავლენდნენ წირვას, რომელსაც არსებითად თვით ქრისტე აღასრულებდა.

აღკვეცის წესის გადაკითხვისას ძალიან მკტივნეულად განვიცდი, რომ 50 წლის შემდეგაც კი არ შევდგომივარ ბერობას, რომლის აღთქმაც ოდესღაც დავდე ღვთის წინაშე. ამიტომ ბერ-მონაზვნობაზე საუბრისას იმასაც გავითვალისწინებ, რომ ადამიანი „თავისი სიტყვით გამართლდება და თავისი სიტყვით განიკითხება“, მაგრამ არა მარტო სიტყვებით, არამედ საქმეებითაც, და რომ საგანთა ცოდნა ჩვენ მეტ პასუხისმგებლობას გვმატებს და ისევ და ისევ ითხოვს შვენს განწმენდას, სინანულს, იმ ცხოვრებაში შესვლას, რომელიც ადამიანმა ოდესღაც დაისახა მიზნად და რომლის განხორციელებაც მან უმეტესად ვერ შესძლო.

საუბარი მონაზვნობაზე შეუძლებელია ქორწინების გააზრებისაგან მოწყვეტით. ამის ხსოვნა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგიერთს ბერობა წარმოდგენილი აქვს როგორც ეკლესიის არსისაგან მოწყვეტილი, განსაკუთრებული გზა და რომელიც თითქოსდა გამონაკლისს წარმოადგენს და ეს ადვილი წარმოსადგენია თუ გავიხსენებთ მონაზვნობის დასაწყისს, იმას, თუ როგორ იშვა იგი, რითი დაიწყო. სანამ ეკლესია იდევნებოდა, მონაზვნობა არ არსებობდა. ქრისტიანები იდგნენ წამების, სიკვდილის საშიშროების წინ. თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ სიტყვა მოწამე, ნიშნავს მოწმეს, მოწმეს, რომელიც სიტყვითაც და საქმითაც ამოწმებს ქრისტესთვის თავის დადების მზადყოფნას, მაშინ ადვილი გასაგები გახდება ის, თუ რატომ დადგა დევნის შეწყვეტის შემდეგ ეკლესიის წინაშე საკითხი, ასეთ ახალ გარემოებაში როგორმე მოეძებნათ საგმირო, სამეუფო გზა. ეს ძალიან ძნელი გახდა, როცა ეკლესიის დევნას თავი ანებეს და როცა ბიზანტიის იმპერიამ მიიღო ეს სარწმუნოება. იგი გახდა იმპერატორის სარწმუნოება, და ესე იგი იმ ადამიანთა სარწმუნოება, რომლებიც მიჰყვებოდნენ მის მაგალითს და ზოგჯერ არა მის სარწმუნოებას. იმ პერიოდში ეკლესიაში მოდიოდა ადამიანთა დიდი ნაწილი, რომელთაც ზერელედ, შეიძლება ითქვას გარკვეული სიღრმითაც ირწმუნეს ქრისტე, მაგრამ ეკლესიის დევნისას არც კი შედიოდნენ ეკლესიაში და მხოლოდ იმის შემდეგ მოვიდნენ, როცა იგი აღარ წარმოადგენდა გოლგოთისკენ მიმავალ გზას. ეს ისტორიული ჭეშმარიტებაა.

მახსოვს მამა გიორგი ფლოროვსკი მეუბნებოდა, რომ მოწამეობის პერიოდის დამთავრების შემდეგ დაიწყო მონაზვნობა; გმირული სულის ადამიანებმა, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ მოდუნებულ და დასუსტებულ ქრისტიანობას, ამა ქვეყნიდან განშორება იწყეს არა დევნის, ან წარმართობის გამო, არა! ისინი ტოვებდნენ ქრისტიანულ თემს, რომელიც უკვე აღარ წარმოადგენდა ქრისტეს სხეულს, ქრისტესას, რომელიც ქვეყნის საცხოვნებლად ჯვარზე გაეკრა. ისინი წავიდნენ უდაბნოში იმ ბოროტებასთან საბრძოლველად, რომელაც საკუთარ თავში ხედავდნენ. ისინი წავიდნენ იქ, რათა დაპირისპირებოდნენ ადამიანურ უძლურებას, დარჩენილიყვნენ პირისპირ თავიანთ თავთან, დაეძლიათ ბოროტება არა მარტო საკუთარი თავის, არამედ მთელი ქვეყნის გამო, რადგანაც იმ ბოტორების დაძლევა, რომელიც მარცხდება ერთ ადამიანში, ამცირებს ბოროტებას მთელ ქვეყანაზე. თუ რომელიმე ადამიანი უკუნეთში აანთებს სულ პატარა სანთელს, ის უკვე აღარ იქნება უკუნეთი; თუმცა შესაძლოა ესვერც ვერავინ შენიშნოს, მაგრამ სინათლის სხივი გაკვეთს სიბნელის ფარგლებს. და აი, ბერ-მონაზვნები მიდიოდნენ უდაბნოში, დგებოდნენ რა ღვთის პირისპირ, უღრმავდებოდნენ თავს და იმავდროულად ლოცვით, შინაგანი ღვაწლით სულ უფრო ღრმად და მეტად შეიცნობდნენ თავიანთ შემოქმედს, თავიანთ ღმერთს, თავიანთ მაცხოვარს; და ასეთი შეცნობით, ხედავდნენ მის უსაზღვრო მშვენიერებას, მის სრულყოფილებას, ჭეშმარიტებას, ჩაუქრობელ ნათელს. მასთან კონსტრასტში კი ხედავენ თავიანთ თავს და სიმდაბლით განიმსჭვალებოდნენ, იმიტომ, რომ ღვთის წინაშე მდგარი, მისი მშვენიერების მხილველნი, შეიცნობდნენ თავიანთ უღირსებას, ეთაყვანებოდნენ მას და იმავდროულად სწავლობდნენ უსაზღვრო თავმდაბლობას.

მაგრამ ეს ამ პრობლემის მხოლოდ ერთი ისტორიული ასპექტია. ბერ-მონაზვნობა დარჩებოდა პირად, კერძო საქმედ და გამონაკლის იშვიათობად, იგი რომ არ გამოხატავდეს ეკლესიის არსს. სახარებასა და მოციქულთა საქმეების კითხვისას ჩვენ ვხედავთ, რომ ეკლესია ეს არის ადამიანთა ერთობა, რომელიც რწმენით, სასოებით, სიყვარულით შერწყმულია ქრისტესთან. ეს ერთობა ბევრთან აღწერილია საქორწინო ლხინად, ე.ი. ღმერთი შეერთებულია თავის ქმნილებასთან სიყვარულით.

არის ეკლესიის სხვა სახეც, რომელიც გამოითქმის მოკლედ: ეკლესია სასძლოა ქრისტესი, რომელიც მზადაა გაჰყვეს თავის სასიძოს, სადაც არ უნდა წავიდეს იგი; რომელმაც შეიყვარა იგი მთელი არსებით; რომლისთვისაც არ არსებობს რაიმე მისი შესადარი ამქვეყნად. წმიდა მეთოდი ამბობს, რომ სანამ მამაკაცი არ შეიყვარებს გოგონას, ეს ქვეყანა მისთვის სავსეა კაცებით და ქალებით, მაგრამ, როგორც კი ვინმეს შეიყვარებს და გაუჩნდება სასძლო, მაშინვე მის ირგვლივ ყველა ზოგადად ადამიანად იქცევა, განურჩევლად სქესისა. ეს არ ეხება, რა თქმა უნდა, მხოლოდ სიძე-პატარძლის ურთიერთობას. აი ასეთია ბერ-მონაზვნობის გზაც. ზოგმა ისე შეიყვარა ღმერთი, რომ მისთვის ამქვეყნად არაფერია მისი სადარი, არაფერია ისეთი ძვირფასი, რომ მისი გული, მისი ფიქრი, მისი ცხოვრება მოსწყვიტოს ღმერთს, რადგან იგი შეიყვარა მთელი არსებით და ქრისტესთვის თავდადებით. ასეთი ადამიანები მზად არიან, გაჰყვნენ უფალს, სადაც არ უნდა წავიდეს იგი.

ჩვენ ვიცით ქრისტეს გზა. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის გოლგოთის გზა, ეს არის გზა ჯვარცმისა ქვეყნიერების გადასარჩენად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მონაზვნური ჯვრის ტარებაც პიროვნული ღვაწლი კი არ არის მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად, არამედ ქრისტეს ჯვარცმასავით, არის სრულიად ეკლესიის ღვაწლი - მონაწილეობა მსოფლიოს გადარჩენაში.

ვალაამზე 60 თუ 70 წლის წინათ ცხოვრობდა ერთი მორჩილი - ნიკოლოზი. ჩემი მოძღვარი, რომელიც იმ წლებში მონასტერში წავიდა სამოღვაწეოდ, მას ესტუმრა. იგი მოხუცი იყო, 50 წელზე მეტი უკვე ვალაამზე ცხოვრობდა და ბერად ჯერ კიდევ არ აღკვეცილიყო. მამა ათანასეს უკითხავს მისთვის, მონასტერში ბერული წესით მცხოვრებმა, უპოვარმა, მხოლოდ ამ ცხოვრებით მცხოვრებმა, რატომ არ ისურვე ბერობაო. ნიკოლოზს თვალცრემლიანს უპასუხია: „მე არც ახლა შემიძლია აღკვეცა, ჯერაც ვერ შევძელი თანაგრძნობით ტირილი მთელი ქვეყნიერებისათვის“. ეს ძალიან ყურადსაღები ნათქვამია, რადგანაც ჩვენ ძალიან ადვილად ვამბობთ, რომ თითოსდა ბერი - ის ადამიანია, რომელიც ამ გზაზე მხოლოდ საკუთარი სულის სახსნელად მიდის. რასაკვირველია, ასეთი ბერ-მონაზვნებიც არსებობენ. რასაკვირველია, ქვეყნის ხსნა თავის თავად გულისხმობს საკუთარი სულის ხსნასაც. მაგრამ რა სარგებელი აქვს ადამიანს, რომელიც მთელ ქვეყანას შეიძენს, თავის სულს კი არად დაგიდევთ? მაგრამ აქ ორივე გზა ერთმანეთს ერწყმის.

თუ ბერ-მონაზვნობა და საქორწინო ლხინის საიდუმლო, მართლაც, წარმოადგენს ეკლესიის ორ განუყოფელ ასპექტს, მაშინ იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რა არის მათ შორის საერთო და რა განასხვავებთ ერთმანეთისაგან. აღკვეცისას ადამიანი დებს აღთქმას, რომ არასდროს განეშორება მონასტერს. შესაძლოა ეს ეხებოდეს ფიზიკურ განშორებასაც, მაგრამ ამაში დევს უფრო ღრმა აზრი. საუბარია იმაზე, რომ ადამიანს არ შეუძლია გახდეს მონაზონი, ვერ განმტკიცდება სულიერად, თუ არ ესმის, რომ მან აქ ღმერთი თუ ვერ იპოვა, სხვაგანაც ვერ იპოვის, რადგან ღმერთი აქ ან იქ კი არ არის, არამედ ყოველი ადამიანის სულის სიღრმეშია. ცოცხალ შეხვედრას ღმერთთან კი ადამიანი ლოცვით, ღვაწლით, მარხვით აღწევს. პირველი პირობა, რაც ბერ-მონაზვნის წინაშე დგება, ეს არის სიმტკიცე. „გაიგე, იცოდე, რომ ღმერთის სადმე ძებნა არ არის საჭირო, რადგან მას აქ თუ ვერ იპოვი, მაშინ ვერსადაც ვერ იპოვი, რადგან თუ შენი გული და გონება აქ დაკეტილი აღმოჩნდა მისთვის, ასევე დაკეტილ გულსა და გონებას წაიღებ, სადაც არ უნდა წახვიდე მის საძებნად“.

წმიდა პრაქტიკული თვალსაზრისით ასეთი პირობა ეძლეოდათ ძველად თემში ცხოვრების მსურველს. მაგრამ ადრეული თემები არ იყო შემოფარგლული მონასტრის კედლებით. ისინი წარმოადგენდნენ ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც იკრიბებოდნენ მოძღვრის ირგვლივ და სხვას არც არაფერს ეძებდნენ. ასეთი მდგომარეობა კი რომ მოეპოვებინათ და შინაგანი სიმტკიცე შეეძინათ, ისინი იღებდნენ ისეთ ვალდებულებებს, რასაც ჩვენ ახლა მონაზვნად აღკვეცისას ვდებთ. ეს აღთქმა ადამიანს აძლევს საშუალებას ურყევად იდგეს ღვთის წინაშე, არ ეძებოს იგი არსად, გარდა თავისი სულის სიღრმისა, რომელსაც თვითონ უფალი ეხება. ეს აღთქმებია: მორჩილება, უპოვარება და ქალწულება. ეს სიტყვები კი გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხშირად არ ვუფიქრდებით სინამდვილეში რა იმალება ამ სიტყვებში.

მორჩილების ბევრ მაგალითებს ვხვდებით წმინდანთა ცხოვრებაში. იყო ერთი მორჩილი, რომელიც უდრტვინველად ასრულებდა ყოველგვარ საქმეს და არ განსჯიდა, რის გაკეთებასაც უბრძანებდა მოძღვარი, იმ საქმესაც კი, რაც ერთი შეხედვით ჩვენთვის შეიძლება უშინაარსო ყოფილიყო, უსიტყვოდ, დაუფიქრებლად ასრულებდა, რადგან სულის სიღრმეში სწამდა, რომ ამ დავალებაში ჩადებული იყო აზრი და ადამიანი მხოლოდ მაშინ შეძლებს სულიერად ზრდას, თუ მთლიანად მიენდობა მოძღვარს. მორჩილება მდგომარეობს იმაში, რომ შეასრულო ყოველგვარი დავალება ჯერ უდრტვინველად, გარეგნული გამოხატვის გარეშე, და მერე შინაგანი დრტვინვის გარეშეც. ეს უცებ არ ეძლევა ადამიანს. არსებობს ნაამბობი იმის შესახებ, თუ როგორ დაავალა მოძღვარმა მონასტერში მყოფებს დაეცინათ ახალმოსულისათვის, რომელსაც იგი აფასებდა და რომლის აღზრდაც უნდოდა მისი შესაძლებლობების ფარგლებში. და, მართლაც, როცა იგი მივიდა ეკლესიაში, დაუწყეს დაცინვა:

„შენნაირმა ადამიანმა როგორ გაბედა და ეკლესიაში ფეხი როგორ შემოდგა?“

იგი გაეცალა მათ. როცა მოძღვარმა ჰკითხა, რას განიცდიდა, მან უპასუხა, რომ განრისხდა და ეს გინებით გამოხატა. ერთი კვირის შემდეგ იგივე განმეორდა. მაგრამ მორჩილი მთელი ამ ხნის განმავლობაში ფიქრობდა იმის შესახებ რაც მოხდა, და რაც მასში გამოიწვია მომხდარმა. ამიტომ, როცა იგივენაირად მოიქცნენ ეკლესიაში დამხვდურები, გამოვიდა და როცა მოძღვარმა ჰკითხა თუ რას განიცდიდა, უპასუხა, რომ ახლაც განრისხდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. და როცა მესამეჯერაც იგივე განმეორდა, იგი აღარ განრისხებულა. ეს იმის მაგალითია, რომ ადამიანს ასე თანდათანობით უმუშავდება უნარი მოძღვრის იდუმალი სვლების გამგებისა და თავისი თავის აღზრდისა.

მაგრამ მორჩილება არ მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ დავალება ისმინო და შეასრულო ჯერ ძალის დატანებით, მერე კი მსუბუქად; და ბოლოს სიხარულით. მორჩილება მდგომარეობს იმაში, რომ ისმინო მთელი გულითა და გონებით, მთელი არსით იმის, ვინც გესაუბრება. საბოლოო მიზანი კი ის არის, რომ ადამიანმა ისწავლოს საკუთარი ხმისა და ღვთის ხმის მოსმენა, რომლითაც გვესაუბრება სახარება და რომელიც ისმის ადამიანის სულის სიღრმეში მდუმარებისა და ლოცვისას; ამ მდუმარებაში ადამიანი მზად უნდა იყოს მთელი არსებით ისმინოს მოძღვრისა, რომ თავისი მოძღვრის ღირსეული შვილი გახდეს. ყოველივე ამას ჩვენ ვხედავთ იმ წმინდათა ცხოვრებაში, რომლებიც იყვნენ კეთილი მოძღვრები და რომელთაც შესძლეს თავიანთი მორჩილების ისეთ სიწმინდემდე აყვანა, რომლისთვისაც თვითონვე ვერ მიეღწიათ. ბერ-მონაზვნური მორჩილება თავდაპირველად სკოლაა, მერე აღმოჩენა, ისეთი შინაგანი მდუმარებისა, რომელიც იძლევა საშუალებას უსმინო და შეერწყა ცოცხალ ღმერთს. სხვა სიტყვებით, შეიძლება ითქვას, რომ მორჩილების მეშვეობით, ადამიანი წარიმართება ისე, რაზეც პეტრე მოციქული კადნიერად ამბობს: „ჩვენ მოწოდებულნი ვართ გავხდეთ თანაზიარნი ღვთაებრივი ბუნებისა“, ჩვენ მოწოდებულნი ვართ ჯერ ვეზიაროთ მადლს, ე.ი. გამვიმსჭვალოთ მისი ღვთაებრივი ყოფნით და შემდეგ გავხდეთ ღვთის მსგავსი, ქრისტეს სხეულის ცოცხალი ნაწილები, სული წმიდის სამკვიდრებელი, ვიქცეთ ჭურჭლად, რომელიც სავსეა სიწმინდით.

უპოვარება არ არის დამოკიდებული სიღატაკეზე ან ქონებაზე. შეიძლება არაფერს არ ფლობდე, მაგრამ მთელი შენი არსებით ოცნებობდე სიმდიდრეზე, გსურდეს რაიმეს მოპოვება. უპოვარება მდგომარეობს იმაში, რომ არაფერზე არ იყო მიჯაჭვული და დამოკიდებული. პავლე მოციქული ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში ამბობს, რომ მან ისწავლა ცხოვრება საღარიბეშიც და სიმდიდრეშიც; მან ისწავლა ის, რომ არაფერს ებატონა მასზე. ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, ჩვენ როგორღაც გვიპყრობს და მონებად გვაქცევს. გავიხსენოთ იგავი წოდებულებსა და რჩეულებზე, მეფემ შვილის ქორწინების გამო გამართულ წვეულებაზე რომ მოიწვია მეგობრები. ერთმა უთხრა, რომ მიწის ნაკვეთი იყიდა და ახლა მის დასამუშავებლად მიდიოდა, ამიტომ ვერ მივიდოდა. ეს ადამიანი ფიქრობდა, რომ ეს მიწის ნაკვეთი მას ეკუთვნოდა. სინამდვილეში კი, იგი თავად ეკუთვნოდა ამ მიწის ნაკვეთს, რადგან არ შეეძლო მისგან მოწყვეტა, თითქოსდა ფესვები ჰქონდა მასში ჩაზრდილი და იგი უკვე აღარ იყო თავისუფალი, ამიტომ უნდა დარჩენილიყო და დაეთვალიერებინა თავისი ნაკვეთი. მეორემ უთხრა, რომ ხარები შეიძინა და საჭირო იყო მათ გამოცდა. ისიც ფიქრობდა, რომ იგი იყო ხარების მესაკუთრე. მაგრამ სინამდვილეში თვითონ იყო ხარებზე დამოკიდებული. და როცა ვოცნებობთ, შევიძინოთ რამე, ჩვენც იგივე გვემართება, რადგან ცხოვრების მიზნად ვიხდით ამას და არ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ ამ ოცნებებს. ამის გამო ზოგჯერ ისეც ხდება, რომ არ შეგვიძლია ღმერთთან მიახლოებაც კი, რადგანაც, გვგონია, რომ უფრო დიდი საქმეებით ვართ დაკავებულნი. ხომ საშინელებაა?! მესამემ უთხრა, რომ თავადაც დაქორწინდა და ისე იყო ამ სიხარულით აღსავსე, რომ ვერ მივიდოდა, ვერ გაიზიარებდა სხვის სიხარულს. აი, მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება ადამიანი დამონებული, თავად კი ჰგონია, რომ იგი რაღაცის პატრონია.

საბოლოო ჯამში, უპოვარების საკითხს მივყავართ ღვთის ნეტარების პირველ მცნებასთან: „ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. ვინ არიან ეს „სულით გლახაკნი?“ ესენი არიან ადამიანები, რომელთაც მთელი თავიანთი არსებით შეიცნეს, რომ მთლიანად დამოკიდებულნი არიან ღვთის სიყვარულზე, რომ მისგან გაჩნდნენ ამ ქვეყანაზე, მისგან მიეცათ ცხოვრება, სიხარული, უკვადვება. შეიცნეს მათში არსებული ღვთაებრივი სუნთქვა, რომელიც მათ მიეცათ, რომ მათ არ გააჩნიათ საკუთარი სიცოცხლე, რომელიც შეიძლება მათ ეკუთვნოდეს და ეს არის ღვთის წყალობა; ეს მათ კი არ იპოვეს ღმერთი, არამედ ღმერთმა იპოვა ისინი, განუცხადა მათ თავისი თავი და მოუწოდა მათ. ღმერთმა შეიყვარა ისინი და მათი სულის სახსნელად გარდამოავლინა მათთან მხოლოდშობილი ძე, რომელიც გახდა ძე კაცისა; რომ ყველაფერი ცხოვრებაში ღვთის წყალობაა და ნიჭი, ჩვენ არაფერი გვაქვს ამაზე ძვირფასი. მეგობრობა - წყალობაა, მშობლის სიყვარული - წყალობაა, სიძე-პატარძლის სიყვარული - წყალობაა. და რომელიმე მათგანი ჩვენ რომ გვეკუთვნოდეს, გამოგლეჯილი იქნებოდა სიყვარულის საიდუმლოდან, რადგან რასაც კი ჩემსას ვუწოდებთ, აღარ იქნებოდა არც ადამიანური და აღარც ღვთებრივი სიყვარულის წყალობა. ამიტომაც მხოლოდ ისინი, რომლებიც ჭეშმარიტად გახდნენ სულით ღატაკნი, დაიმკვიდრებენ ცის სასუფეველს, სადაც ღმერთი წარმოადგენს მათ მიერ არჩეულ, აღიარებულ, საყვარელ მეფეს, მხოლოდ მისგანაა ყველაფერი, რაც მათ გააჩნიათ, რასაც თვითონ წარმოადგენენ. ეს ჭეშმარიტად უპოვარება მდგომარეობს არა იმაში, რომ არაფერი გაგვაჩნდეს, არამედ თანდათანობით „სულის სიღატაკის“ ისეთი მდგომარეობის მოხვეჭაში, როცა ყველაფერი, ყველაზე უბრალო, უმნიშვნელო საგნებიც კი საყვარელი გვეჩვენოს...

და ბოლოს, ქალწულება.

ქალწულება - რთული სიტყვაა. ქალწულება ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული მორჩილებასთან. ქალწულება - ეს იმ ადამიანის მდგომარეობაა, რომელმაც მიაღწია სულიერ სრულყოფილებას, მთლიანობას, ისეთ შინაგან სიბრძნეს, რომელიც არ აძლევს საშუალებას გადაიხაროს ღვთისაგან, გადაიხაროს სიწმიდისაგან, გადაიხაროს თავისი ადამიანური ღირსებისაგან, ე.ი. თავის თავზე ღვთის ხატების მსახურებისგან. ქალწულება და მორჩილება ერთმანეთთან ახლოს მდგომი ცნებებია. მორჩილება ისეთი მდგომარეობაა, როცა ადამიანი სინდისთან თანხმობაშია, თანხმობაშია ახლობლებთან, თავისს ბედთან და იმ საგნებთანაც კი, რომლებიც მის გარშემოა; როგორც წმიდა ისააკ ასური ამბობს: არავის შეუძლია წმიდა გულით ილოცოს ღვთის წინაშე და თუ იგი თანხმობაში არ არის ღმერთთან, რომლებთანაც შეხება აქვს, რადგან ისინიც ღვთის ქმნილებებია და მათაც მოწიწებით უნდა მოვეპყრათ. სიტყვა „მორჩილება“ ლათინურად „ნაყოფიერ ნიადაგს“ ნიშნავს. წმიდა თეოფანე დაყუდებული ერთ წერილში ამბობს:

„დაუკვრდით ნიადაგს. იგი უხმოდ წევს ცის ქვეშ. გული აქვს გადაშლილი ცისთვის, მზის სხივებისთვისაც და წვიმისთვისაც. უფრო მეტიც, მასზე დააბიჯებენ, თელავენ. უარესიც, მასზე ნარეცხ წყალს ღვრიან. იგი კი მაინც უხმოდ წევს ცის ქვეშ, ყველაფერს იღებს და ყველაფრისაგან ნაყოფს იძლევა, იმით გამდიდრებული, რაც ეძლევა ცისა და მიწისაგან“. აი, ამ კუთხით მორჩილება და ქალწულება ერთმანეთის გვერდი-გვერდ დგანან.

ბერ-მონაზვნური აღთქმები, რაც ასე ნათლად გამოიხატება აღკვეცის წესებში, ასევე ცოლ-ქმრული ცხოვრების მანათობელი ვარსკვლავები და წარმმართველიცაა. მონაზონი უნდა იყოს მტკიცე და ურყევი. ქორწინებისას ამას ცოლ-ქმრულ ერთგულებას უწოდებენ. მეუღლენიც ისე უნდა იყვნენ ერთმანეთს შერწყმული, ისე უნდა ისმინონ ერთმანეთის, რომ საკუთარ თავზე კი არ უნდა იფიქრონ, არამედ ერთმანეთის სულს უნდა ჩასწვდნენ. აი, ეს არის ჭეშმარიტი მორჩილება, რადგანაც სწორედ ამით გამოიხატება თავის ისეთი უარყოფა, რაზეც საუბრობს მაცხოვარი ქრისტე: თუ გინდათ შემომიდგეთ მე და ჩემი მოწაფეები გახდეთ, უარყავით თქვენი თავი, მოაშორეთ საკუთარ თავს მზერა და მომაპყარით იგი მე, ცოცხალ ღმერთს და თქვენს მოყვასს, რომელიც არის მომართული თქვენსკენ ვედრებით, რათა ყურადღება მიაქციოთ, გიყვარდეთ, იზრუნოთ მასზე, თანაუგრძნოთ მას, შეიცოდოთ, გაახაროთ. როცა ვსაუბრობთ ქალწულებაზე, იგი ამ შემთხვევაში წარმოადგენს ერთგულების ნათელ, ზუსტ გამოხატულებას. ეს არის სულის, გონების და თვითონ ადამიანის სისრულე. სიძვა მაშინ კი არ იწყება, როცა ფიზიკურად ხდება იგი, არამედ მაშინ, როცა სული თვალს მოაცილებს თავის სიყვარულს და მიაპყრობს გარშემო მყოფთ. და ბოლოს, უპოვარება ქორწინებაში იმაში კი არ მდგომარეობს, არაფერი გაგაჩნდეს, პირიქით, ქორწინებაში ადამიანი ვალდებულია იზრუნოს მეუღლეზე, ბავშვებზე, მშობლებზე. უპოვარება ამ შემთხვევაში ნიშნავს არაფერს ფლობდე საკუთარი თავისთვის, რათა ყველაფერი რაც გაგაჩნია, წარმოადგენდეს სხვებისთვის საჩუქარს. აქ უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ქორწინებაში არსებობს ტრაგიკული სამოღვაწეო განზომილებაც, როცა ადამიანმა თავისი თავი უნდა გადალახოს, დასძლიოს ბოროტება, თავისი შეზღუდულობა, გაიხსნას, ქრისტეს ძალითა და მადლით.

ბერ-მონაზვნობაში მეორე მხარეცაა: ეს არის სიხარული იმის გამო, რომ ღმერთს ვუყვარვართ, და მოგვცა საშუალება, მიუხედავად ჩვენი უღირსებისა, უძლურებისა, ცოდვებისა გვიყვარდეს ღმერთი, რამდენადაც ძალგვიძს მადლიერნი ვიყოთ იმისათვის, რომ მას ვუყვარვართ ისეთები, როგორებიც ვართ, ვუყვარვართ ჩვენი უძლურებით, ვუყვარვართ იმ მებაღესავით, რომელიც ზრუნავს უსუსური ყლორტისათვის, იცავს მას ყველაფრისაგან, რამაც შეიძლება დაღუპოს, ზრუნავს, რომ ყლორტი გამაგრდეს და ხედ იქცეს.

ასე რომ, ბერ-მონაზვნობაშიც და ქორწინებაშიც არსებობს როგორც მკაცრი ღვაწლი და ასევე დიდი სიხარულიც.


kirieeleison1 Send a message
__ __
სულიერ და ხორციელ სნეულებათა შესახებ
1573 days ago 27.12.2009 11:14:56 Quote('4452643','4452643','7','806')">Report spam


ხშირად მეკითხებიან ხორციელ და განსაკუთრებით სულიერ სნეულებათა შესახებ. როგორი დამოკიდებულება აქვს ავადმყოფობასთან ეკლესიას? როგორ უნდა მიუდგეს მორწმუნე თავისი და ახლობელი ადამიანის სნეულებას?

საერთოდ ადამიანი საკუთარ ავადმყოფობას უფრო ადვილად, მშვიდად და მამაცურად ეგუება, ვიდრე ახლობლისას, რომელიც იტანჯება და თანდათან სულ უფრო და უფრო უახლოვდება სიკვდილს. თავდაპირველად მინდა გესაუბროთ ჩვენს ჩვეულებრივ, ხორციელ სნეულებაზე.

სნეულება, ისევე როგორც სიკვდილი, მართლმადიდებელი ეკლესიის შეხედულებით, ღვთისგან ადამიანის დაშორების შედეგია. ღმერთი ჰარმონიაა, სიცოცხლეა, სიმრთელეა, და რამდენადაც ჩვენ ვცილდებით ღმერთს, იმდენად ვკარგავთ სიცოცხლისუნარიანობას. იმ სიცარიელეს კი, რომელიც ამ დროს უკან რჩება, სულ უფრო ავსებს სნეულება და ბოლოს სიკვდილი. ეს ყოველივე ეხება თითოეულ ჩვენგანს; არსებობს კიდევ ერთი მომენტი. ჩვენს წინაშე შეიძლება დაისვას კითხვა: კარგით, ჩვენ ცოდვილნი ვართ, დაავადებულნი, ეს არის იმის შედეგი, რომ ჩვენ არა ვართ შერწყმულნი ღმერთთან, ანდა მთელი არსებით არ მივილტვით მისკენ. მაგრამ წმინდანები? ისინი რატომღა ავადმყოფობენ, ისინი ხომ აღსავსე არიან ღვთის მადლით?

წმინდანი მთელი ქვეყნიერების ჯვრის მატარებელია. წმინდანი - ესაა ადამიანი, რომელიც ქრისტესთან ერთად თავის თავზე იღებს კაცობრიობის ცოდვების ნაყოფს. ამიტომაცაა, რომ წმინდანი ავადმყოფობს, განსაცდელში ვარდება, იგი იზიარებს ქვეყნის განსაცდელს, ტირის და გოდებს მის ცოდვებზე, მთელი ქვეყნიერების ღვთისგან დაშორებაზე.

მაგრამ ახლა, როცა ვსაუბრობთ სნეულებაზე, ჩვენ მხედველობაში გვაქვს ჩვენნაირი ადამიანების სნეულებანი. რა უნდა მოვუხერხოთ მათ? მორწმუნე ადამიანები ხშირად მეუბნებიან:

- რისთვის უნდა წავიდე ექიმთან, როცა შემიძლია მივიდე მღვდელთან და ვთხოვო მას ილოცოს ჩემთვის, ანდა ვთხოვო მცხოს ზეთი.

- დიახ, შეგიძლია. მაგრამ რატომ უნდა გააკეთო ეს, როცა ღმერთმა მოგვცა ჩვენ სხვა საშუალებები, უფრო ხელმისაწვდომი, უფრო მარტივი, რაც არ ითხოვს შენგან ღრმა სარწმუნოებას, არ ითხოვს საეკლესიო საიდუმლოებისადმი მიმართვას.

ალბათ იკითხავთ:

- ვისი აზრია ეს?

ვისი და სერაფიმე საროველის! იგი ამბობს:

- იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც და მის ხელშია შენი გამოჯანმრთელება.

ამით კი იგი იმეორებს იმას, რაც წერია ზირაქის წიგნის 38-ე თავში. იქ ნათქვამია, რომ ჭეშმარიტად ღმერთმა შექმნა ექიმიც, წამალიც და მისცა მას ძალა კურნებისა. ზირაქის წიგნში კიდევ ნათქვამია ერთი მნიშვნელოვანი რამ: ექიმთან წასვლამდე შეეცადე თავად განიკურნო, მოინანიე, შეეცადე განიკურნო სულიერიად, სინანულით, რადგან სნეულება ერთის მხრივ კავშირშია კაცობრიობის ბედთან, მის სულიერ დაუძლურებასთან, რომ ჩვენ მოკვდავნი ვართ და ქვეშევრდომილნი განსაცდელსა და სნეულებებს, მეორეს მხრივ კი დაკავშირებულია ჩვენი სულის მდგომარეობასთან.

წმიდა წერილში შესანიშნავად არის აღწერილი ადამიანის მდგომარეობა დაცემის შემდეგ: თუ როგორ დაიმკვიდრა თანდათანობით ადამიანთა მოდგმაში სიკვდილმა ადგილი. სიკვდილმა დაისადგურა, მაგრამ ადამიანი მაინც დიდხანს ცოცხლობდა. თუმცა თუ თვალს გავადევნებთ კაცორბიობის ისტორიას, დავინახავთ, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა სულ უფრო და უფრო მცირდება, იმიტომ, რომ ადამიანები თანდათან სულ უფრო სუსტდებიან, ისინი სულ უფრო და უფრო ეფლობიან ამქვეყნიურ ცოდვებში, ეს კავშირი ამა სოფელთან სულ უფრო და უფრო ღრმავდება და სიკვდილიც სულ უფრო და უფრო ეუფლება მათ.

ამ საკითხს მე კიდევ დავუბრუნდები, ჯერ კი მინდა გითხრათ:

როგორც კი ადამიანი ავად გახდება, უპირველეს ყოვლისა თავის თავს უნდა ჩაუღრმავდეს და გაანალიზოს რამდენად დაცილდა ღმერთს, რა უსამართლობა ჩაიდინა მოყვასის მიმართ, თავის თავთან მიმართებაში დაინახოს, რამდენად აქვს შებილწული და დამახინჯებული ღვთის ეს ხატება, რომელიც მასშია ჩადებული. და ყოველივე ამის გათვალისწინებით იმის იმედი კი არ უნდა ჰქონდეს, რომ თავისი სინანულით დასძლევს ხორციელ სნეულებას, არამედ ექიმს მიმართოს და მოთმინებით შეუდგეს მასთან მკურნალობას.

კიდევ უფრო სერიოზულად ისმის კითხვა: რა მოსდის ადამიანს, როცა იგი ავადდება სულიერიად, რა არის სულიერი სნეულება?

ჩვენ ვიცით, რომ ფსიქიური სნეულება მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ჩვენს ნერვულ სისტემასთან და ტვინში მიმდინარე ფიზიოლოგიურ მოვლენებთან. ამიტომ, როცა ადამიანი სნეულდება ფსიქიურად, ეს ყოველთვის არ უნდა მივაწეროთ ბოროტებას, ცოდვას ან ეშმაკს. ხშირად ეს გამოწვეულია ნერვული სისტემის დაზიანებით და სულაც არ არის აუცილებელი დაკავშირებული იყოს ბოროტთან და ისეთ ცოდვასთან, რაც ადამიანს აშორებს ღმერთთან.

აი, ასეთ შემთხვევაში მედიცინა ძალმოსილია და მას შეუძლია ბევრის გაკეთება.

მახსენდება ერთი შემთხვევა. პარიზში იყო ერთი შესანიშნავი ხატმწერი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც უცებ დაავადდა: მას აწუხებდა გოგირდის სუნის შეგრძნება. დედამისმა და მისმა დამ გადაწყვიტეს არ ეგრძნობინებინათ მისთვის ეს და როცა იგი დაიწყებდა ჩივილს ამაზე, ისინიც ამბობდნენ, რომ ასეთი სუნი მართლაც იდგა. მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა და ავადმყოფის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. მაშინ მორწმუნე ოჯახმა მიმართა ეკლესიას. მახსოვს, ამ ახალგაზრდა ხატმწერს კვეთებულის ლოცვებს უკითხავდნენ, გაჰყავდათ აღასრებაზე, ასხურებდნენ წმინდა წყალს, აზიარებდნენ, ზეთს სცხებდნენ. იგი კი სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. მაშინ ექიმი ვიყავი და მეც მომმართეს:

- რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთო.

- დაანებეთ ყველაფერს თავი. იგი ავადაა, შეპყრობილი კი არა. გაგზავნეთ საავადმყოფოში, გაუკეთონ მას ელექტროშოკი (იმ დროს ეს იყო ერთადერთი, რაც ამ სფეროში იცოდნენ). მახსოვს როგორ აღაშფოთა ჩემმა პასუხმა მისი ოჯახიც და სამღვდელოებაც.

- ასე როგორ ამბობ? მართლა რომ იყოს შეპყრობილი?! თუმცა, ეტყობა, ამაში არაფერი გაგეგება!

- შემინდეთ, მაგრამ მე მხოლოდ ის ვიცი (თუმცა შესაძლოა თქვენ ეს ცინიკურად მოგეჩვენოთ), რომ ელექტროშოკი, თუ ის შეპყრობილია, სულაც არ ავნებს მას. მაგრამ ეს ავადმყოფობითაა გამოწვეული იგი მალე გამოჯანმრთელდება.

ხატმწერი ერთი წლის შემდეგ განიკურნა. მისი ავადმყოფობის პერიოდში მოხდა ერთი ძალზედ საინტერესო რამ. იგი მანამდე არცთუ ისე კარგად წერდა ხატებს, იგრძნობოდა, რომ ამისთვის ჯერ კიდევ მოუმწიფებელი იყო, მაგრამ ავადმყოფობის შემდეგ ძალიან დაიხვეწა, მისი ხატები უფრო ღრმა, უფრო დახვეწილნი გახდნენ. ხშირად ვფიქრობდი ამ ამბავზე და სულ მაწუხებდა კითხვა, მაინც რა იყო ეს? როგორ მოხდა მისი განკურნება.

მოგვიანებით კი წმინდა იოანე კრონშტადტელთან წავაწყდი ამაზე პასუხს. იგი წერს, რომ არსებობენ ფაქიზი სულები, რომელთაც გარემო პირობები დამსხვრევას უქადიან. სწორედ ამიტომ ღმერთი მის სულსა და გარემოს შორის რაღაც საფარველს აფარებს, შესაძლოა ეს იყოს გონების არევა, ან რაღაც გაუცხოების და გაუგებრობის განცდა. ადამიანი ასეთ მდგომარეობაში იმყოფება მანამ, სანამ სული არ მოუმწიფდება. შესაძლოა ადამიანის სული ამქყვეყნად ცხოვრების პერიოდში სულაც არ მომწიფდეს, მაგრამ განკურნების ეს პროცესი სულ გრძელდება ე.წ. სიგიჟის მდუმარებაში, ამ სამყაროდან მოწყვეტილი და ასე შედის უკვდავებაში უკვე მომწიფებული, დახვეწილი. ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ ეს საფარველი აქვე, ამქვეყნად ეხსნება, როგორც ეს დაემართა ამ ხატმწერს. უცებ აღმოჩნდება, რომ ამ საფარველს მიღმა მოხდა რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ ღმერთმა და იმ ადამიანებმა უწყის, ვის თავზეც ეს მოხდა. ამიტომ მასში არავინ არ უნდა ჩაერიოს. როცა ადამიანი ფსიქიურად ავადდება, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს შესაძლოა იყოს ფიზიოლოგიური მოვლენა, რასაც ექიმმა უნდა უმკურნალოს. მეორეს მხრივ, ჩვენ იმავდროულად უნდა დავიწყოთ ამ ადამიანზე ლოცვა ისე, როგორც ვლოცულობთ ყოველ გასაჭირში ჩავარდნილზე, უნდა ვილოცოთ მთელი გულით. შეიძლება მივიმართოთ ზოგიერთ ეკლესიურ საიდუმლოს: ვაცხოთ მას ზეთი, ვაზიაროთ. ამ დროს მასზე მოქმედებს ორმაგი ძალა - ღვთაებრივი - ზიარების მეშვეობით და ადამიანური - ექიმისა და წამლის მეშვეობით.



kirieeleison1 Send a message
__ __
სიწმიდისა და სულიერების შესახებ
1573 days ago 27.12.2009 11:15:54 Quote('4452643','4452643','7','807')">Report spam


ჩვენ ვაღიარებთ რომ ეკლესია წმიდაა. პავლე მოციქულიც ეუბნება ქრისტიანებს:

„თქვენ წმინდა ხართ“.

ეკლესია მართლაც წმიდაა. ეს ნათელი და გასაგებია, მაგრამ მტკიცება იმისა, რომ ქრისტიანები წმინდანები არიან, უფრო მეტიც, რომ ისინი ეკლესიის სიწმინდესთან არიან ნაზიარები, საკითხს სერიოზულობას ანიჭებს. საკუთარი თავისა და გარემომცველი ადამიანების შემხედვარეს კი ჩვენ არ შეგვიძლია ამ აზრის გაზიარება.

დავიწყოთ ეკლესიის სიწმინდით. ეკლესიის სიწმინდე იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის ადგილი, სადაც უფალი თავისი სისავსით სუფევს თავის რჩეულ ადამიანებს შორის. ქრისტე - ღმერთ-კაცი, როგორც ადამიანი და როგორც ღმერთი, აღავსებს მთელ ეკლესიას. ქრისტეს მიერ და სული წმიდით ჩვენ ღვთისა და მამის შვილებად შევიქმენით. ეს კადნიერი გამოთქმა ეკუთვნის წმიდა ერმას. სწორედ ამ შეხედულებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკლესია წმიდაა ღვთის იმ სიწმიდით, რომელიც მასში არსებობს და მოქმედებს. მაგრამ რა გვეთქმის საკუთარ თავზე? მართალია, ჩვენ ჩვენი ერთგულებიდან გამომდინარე, ღვთისა და ეკლესიის საიდუმლოებებთან შეზრდილი, რაღაც ზომით ვეზიარებით ამ სიწმინდეს, მაგრამ როცა პავლე მოციქული ამბობს, რომ ქრისტიანები წმიდანები არიან, მას მხედველობაში სულაც არა აქვს ის, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ სიწმინდეს. აქ ქრისტეს სიწმინდეზე კი არ არის საუბარი, ან იმ წმინდათა სიწმინდეზე, რომელსაც ეკლესია იხსენიებს.

სიწმინდე იწყება იმ მომენტიდან, როცა ჩვენ თავს მივუძღვნით ღმერთს, როცა ჩვენ ნებაყოფლობით ვხდებით მისი საკუთრება.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ სულიერებაზე, ვფიქრობთ, რომ (არა მარტო წმინდანებს, არამედ ჩვენ, ცოდვილებსაც) შეგვიძლია ვიცხოვროთ სულით, გვავიწყდება, რომ, ადამიანი სულიერი და ხორციელი არსებაა. აი აქ უნდა განვმარტოთ, თუ რა იგულისხმება „სულიერებაში“. სულიერება ეს მიღწევა კი არა, გზაა. სულიერება მდგომარეობს იმაში, რომ სული წმიდა მოქმედებს ჩვენში, რადგანაც ჩვენ ქრისტიანები ვართ, და რომ ჩვენ თანდათან ვიზრდებით სული წმიდის ზემოქმედებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევუერთდეთ ქრისტეს, შევუერთდეთ სული წმიდას მთელი არსებით და არა მარტო ჩვენი ყოფის იმ კუთხით, რითაც ისედაც ღვთის მსგავსნი ვართ, შევუერთდეთ მას სულით. წმიდა სერაფიმე საროველი ამბობს, რომ ჩვენ ამ სიწმინდის მიღწევა ჩვენი გადაწყვეტილებით შეგვიძლია. გადაწყვეტილება კი ნებელობის სფეროა, ეს არის გონების, შეგნების სფერო. ამ შემთხვევაში ჩვენი სულიერება დიდ როლს ასრულებს. ჩვენ სულს არ შეუძლია ზრდა, არ შეუძლია აღმავლობა, ღვთისკენ სვლა ჩვენი სულიერების გარეშე, მას არ შეუძლია ამის გარეშე ადგილიდან დაძვრაც კი.

ხშირად, იმის მაგივრად, რომ სულიერად ვიღვაწოთ, მხოლოდ სიტყვიერად მივმართავთ ღმერთს: „უფალო ჩემს მაგივრად გააკეთე ის, რისი გაკეთებაც შენთვის მინდა, ანდა ის, რისი გაკეთებაც მე არ ძალმიძს, იმიტომ, რომ მე არ გამაჩნია მტკიცე განზრახვა და არც ზეგარდმო შთაგონება“, არადა ჩვენში არის ის სულიერი მომენტი, რაც ესაჭიროება სულს რომ აღენთოს და მაშინ ღმერთიც უფრო ღრმად შეგვაკავშირებდა.

მაგრამ აქ საუბარია არა მარტო მშვინვიერებაზე და სულიერებაზე, სულსა და სამშვინველზე, არამედ ადამიანის სხეულზეც. ადამიანის სხეული ღმერთმა იმისთვის შექმნა, რომ მასში დამკვიდრებულიყო მისი სული და სამშვინველი. ჩვენი სხეულიც მოწოდებულია იყოს ისეთივე წმიდა, როგორც სული, და ამიტომაც იგი განმსჭვალული უნდა იყოს ღვთაებრივი მადლით. წმიდა სილუან ათონელი ერთ-ერთ წერილში ამბობს, რომ ღვთის მადლი სული წმიდის სუნთქვით ეხება პირველად ჩვენს სულს, ეხება წმიდა საიდუმლოთა ქმედებით, ღმერთთან ჩვენი ზიარებით, როცა ჩვენ მთალიანად ვეძლევით მას, ხოლო შემდეგ, როცა სული აენთება, ამ ალით თანდათან განიმსჭვალება ჩვენი სამშვინველიც. როცა ადამიანი აღწევს ღმერთთან თანაზიარობის რაღაც დონეს, მაშინ ეს მადლი განმსჭვალავს მთელ სხეულს. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ წმინდანთა სხეულებს არ ეხება ხრწნილება. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ სიწმინდე იწყება იმ მომენტიდან, როცა მთლიანად ვეძლევით ღმერთს. იგი იზრდება იმისდა მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებით ვებრძვით ყველაფერს იმას, რაც ხელს გვიშლის ვიყოთ ღვთის მეგობრები და ქრისტეს მოწაფეები, სული წმიდის ტაძრები. იგი ბოლომდე შემოდის ჩვენში. აქ, კი უკვე უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ამ შემთხვევაში ადამიანებთან.

ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ სხვისი დახმარება მხოლოდ სულიერად თუ შეუძლიათ, და ავიწყდებათ, რომ მათაც აქვთ სამშვინველი და სხეული, რომ ისინი თუ ილოცებენ მისთვის, ეს საკმარისი იქნება. მაგრამ შესაძლოა ადამიანი საჭიროებდეს ბევრ სხვა რამესაც, სულიერ და ხორციელ დახმარებასაც. ამიტომ ჩვენ უნდა გავიგოთ, როგორი სულიერი ცხოვრებითაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, მოყვასს სულის იმ ნაწილით ვემსახუროთ, რომელიც განწმენდილია. სახარებაში ამის შესახებ ნათქვამია: ჩვენი გონება თანდათან უნდა განიწმინდოს. უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არავითარი ჭუჭყი, არავითარი უსამართლობა, ტყუილი არ იჭრებოდეს ჩვენს გონებაში. ახლა თქვენ იტყვით:

- კი მაგრამ ეს რომ ასე არ ხდება? გამოცდილებით ვიცი, რომ ეს ასე არ არის. მაგალითად, როგორც კი დავდგები სალოცავად, მაშინვე წამომეშლებიან ფიქრები, მოგონებები, წამორსახვები, ფანტაზიები, ზოგჯერ კი მკრეხელური აზრებიც.

იოანე კიბისაღმწერელიც ამბობს, რომ ლოცვაზე მდგართ, ეშმაკი გვიახლოვდება, რათა გაგვიფანტოს ლოცვის სიტყვები. მაგრამ ამან არ უნდა შეგვაცბუნოს. უბრალოდ მას უნდა ვუთხრათ:

- განვედი ჩემგან, დროს ნუ კარგავ, რადგან მე მაინც განვაგრძობ ლოცვას.

და ამის შემდეგ უნდა გავიმეორო ლოცვის ის ნაწყვეტი, რომელიც შეიბილწა უწმინდური ფიქრებით. და თუ ჩვენ ასე მოვიქცევით გამუდმებით, მაშინ, ერთი მოღვაწის სიტყვებით, ეშმაკი რომ დაინახავს მაინც რომ ვაგრძელებთ ლოცვას, შეწყვეტს თავდასხმას და განგვეშორება.

ერთი ბერის ცხოვრების აღწერაში ნაამბობია, თუ როგორ ესხმოდა ეშმაკი თავს მას, როცა მოსანათლად ქალი მოვიდოდა, როგორ წამოეშლებოდა მაშინვე სიძვისა და უწმინდური აზრები. და ამით შეწუხებულმა როგორ მიმართა ვედრებით წმინდა იოანე ნათლისმცემელს:

- წმინდაო იოანე, შენ ხომ წმინდა ხარ ყოველგვარი უწმინდური აზრებისაგან. ევედრე ღმერთსა, მეც რომ გამათავისუფლოს ამ უწმინდურებისაგან, რათა არ შევბილწო ის საქმე, რასაც აღვასრულებ.

მაშინ მას გამოეცხადა წმიდა იოანე ნათლისმცემელი და უთხრა:

- მე შემიძლია გაგათავისუფლო ამ უწმინდური აზრებისაგან, მაგრამ თუ მე ამას შევთხოვ ღმერთს, მაშინ დაკარგავ მოწამის გვირგვინს. განაგრძე ბრძოლა, ებრძოლე შენში უწმინდურ აზრებს, ამ სახეებს, ხორციელ სურვილებს. ებრძოლე ულმობლად. ადრე თუ გვიან ღვთის მადლი, რომელსაც შენ უხმობ, გაიმარჯვებს და მაშინ შენ დაიდგამ მოწამის გვირგვინს.

და ეს ბერი განაგრძობდა ნათლობას, იბრძოდა, იბრძოდა მანამ, სანამ სრულიად არ გათავისუფლდა ყოველგვარი უწმინდური აზრებისაგან და სანამ არ შეძლო ნათლობის ისე ჩატარება, როგორც ამას იოანე ნათლისმცემელი აღასრულებდა იორდანეში.

ამიტომ ჩვენც არ უნდა შეგვაცბუნოს ლოცვის დროს სულში შემოჭრილმა ასეთმა აზრებმა, რადგან როცა ვლოცულობთ და უფალი სულს მოჰფენს თავის ნათელს, ჩვენ უეცრად ვიწყებთ იმ წყვდიადის დანახვას, რასაც ჩვენს გულში დაუსადგურებია და რასაც ადრე ვერ ვაფიქსირებდით და ვერ შევიგრძნობდით. სწორედ ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სხეული, ჩვენი სამშვინველი, ჩვენი სული წარმოადგენენ ერთ მთელს, რომელიც ჩვენ თანდათან უნდა ჩავრთოთ ღვთის საიუდმლოებაში. მაშინ ადამიანი სრული ხდება და მისი სხეულიც იმსჭვალება იმ მადლის ძალით, რომლითაც განმსჭვალულია მისი სული. გაიხსენეთ მოტოვილოვის ხილვა, როცა იგი ესაუბრებოდა სერაფიმე საროველს. გაიხსენეთ, თუ როგორ გაუბრწყინდა წმიდა სერაფიმეს სახე; იხილა როგორ გაბრწყინდა მისი სამოსი, როგორ გაბრწყინდა იგი მთლიანად, განრწყინდა ქრისტეს მსგავსად, როცა იგი თაბორის მთაზე, მოსესა და ელიასთან ჯვარცმაზე მოსაუბრე იხილეს მოწაფეებმა.

სახარებაში წერია, რომ მაშინ ქრისტეს სამოსიც ისე გასპეტაკდა, როგორც არავის შეეძლო გაესპეტაკებინა.

ეს სიტყვები ჩვენს ყურადღებას წარმართავს იქითკენ, რომ ჩვენ, როგორც მშვინვიერად და სულიერად, ასევე ხორციელადაც უნდა განვიმსჭვალოთ მადლით, და, რომ ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს იმ წინააღმდეგობებმა, რაც ჩვენში ხდება. ბრძოლა - ეს არის მომენტი, როცა უნდა დავფიქრდეთ და ვთქვათ:

- უფალო, ნუთუ შენ იმდენად მენდობი, რომ მანდობ სატანასთან, ბოროტებასთან ბრძოლას?! იმასთან ბრძოლას, რაც ჩემში ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა?!

დიახ, ეს ის მომენტია, როცა ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რომ ღმერთი გვაძლევს საშუალებას მის მაგივრად, მასთან ერთად ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. და როცა ჩვენ ვამარცხებთ ჩვენში ბოროტებას, ვამარცხებთ მას საეთოდ, რადგან ჩვენში დამარცხებული ეშმაკი, მთელი სამყაროსთვისაც დამარცხებულია. როცა რაიმე ცოდვა ჩვენში აღმოიფხვრება, როცა მისგან ჩვენში აღარფერი რჩება, და როცა ჩვენი მთლიანობა შეიკვრება მთელი სისავსით, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბოროტება მოკვდა მთელი სამყაროსათვის. ამიტომ, როცა სულიერი ცხოვრების გზაზე წინააღმდეგობას ვაწყდებით და ვხედავთ, რომ ცოდვა ჩვენში იწყებს ახალი ძალით მოქმედებას, მაშინ უნდა ვმადლობდეთ ღმერთს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ერთი ძალზე მნიშვნელოვანი რამ: სხეული არ წარმოადგენს ჩვენში ბოროტების მიზეზსა და წყაროს. ერთი წმიდა მამა აშკარად ამბობს, რომ სხეული არის ვნებით დამაშვრალი მოწამე, იგი არის იმ უსამართლობი მსხვერპლი, რაც ცხოვრობს ჩვენს გულში და სულში. და როცა ჩვენ ვსაუბრობთ ხორციელ ცოდვებზე, მხედველობაში გვაქვს, რომ ჩვენი ცოდვა, რომელიც ცხოვრობს სამშვინველსა და სულში, იმონებს ჩვენს სხეულს, ბილწავს მას. ამიტომ უნდა ინანიებდეს უპირველეს ყოვლისა სული და არა სხეული. და ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ხშირად ყოველგვარი ბოროტების წყაროდ სწორედ სხეული მიგვაჩნია. არადა ეს წყარო სწორედ ჩვენს გაუწმენდელ, გაუნათებელ სულში, ჯერ კიდევ ბოლომდე გაუღვივებელ სულიერებაშია.


kirieeleison1 Send a message
__ __
ქორწინებისა და აღზრდის შესახებ
1573 days ago 27.12.2009 11:16:43 Quote('4452643','4452643','7','808')">Report spam


ერთი წმიდა მამა ამბობს, რომ სამყარო ვერ იარსებებდა საეკლესიო საიდუმლოებათა გარეშე, ე.ი. ღვთის ზემოქმედებისა და იმ ფერისცვალების გარეშე, რასაც ახდენს ეს ზემოქმედება ადამიანებზე. ერთადერთი საიდუმლოება, რომელიც ადამიანმა ღვთისაგან განშორებისა და სამოთხიდან განდევნის შემდეგ შემოინახა, ქორწინების საიდუმლოა. ქრისტიანული გამოცდილების გარეშეც ქორწინება საიდუმლოს იმ აზრითაც წამოადგენს, რომ ამ დროს ქალსა და მამაკაცს შორის ხდება იმ ერთობისა და სიხარულის აღდგენა, (რამდენადაც ეს შესაძლებელია დაცემული სამყაროსათვის), რაზედაც საუბარია შესაქმის წიგნში.

ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ეს არის მომენტი, როცა ერთმანეთზე შეყვარებულ ორ ადამიანს შეუძლიათ ერთხორცნი გახდნენ, არა მარტო ფიზიკურად, არამედ იმ ერთ რეალურ სხეულად, რომელიც მოიცავს თავის თავში სხვადსხვა მშვინვიერებასა და სულიერებას.

ძველ აღთქმაში ვკითხულობთ, რომ პირველ ადამიანში ჩადებული იყო მთელი სრულყოფილება, მასში, ზოგიერთ მამათა სწავლებით, ჩადებული იყო ერთდროულად ქალური და მამაკაცური არსი. ადამიანმა იწყო ზრდა, მომწიფება, დადგა მომენტი, როცა ერთმა უკვე ვეღარ დაიტია ეს სისრულე - ქალური და მამაკაცური არსი. მაშინ ღმერთმა მიყვანა მას ყველა ცხოველი, რათა ადამიანს დაენახა, ყველა მათგანს რომ გააჩნდა თავისი საპირისპირო სქესის სხვა ცხოველი და შეეგრძნო თავისი მარტოობა ამ ქვეყანაზე. და მართლაც მან შეიგრძნო ეს მარტოობა. მაშინ დააძინა იგი ღმერთმა ღრმა ძილით და გამოყო მასში მამაკაცურისაგან ქალური. გამოყო ისე, რომ თითოეულ მათგანში დატოვა მეორის რაღაც ნაწილი, ის, რაც მათ აძლევდა საშუალებას ერთმანეთის ცნობისა. და ასე, ეს ორივე ნახევარი ერთად შეადგენდა ერთ მთელს. როცა ადამმა დაინახა თავის წინ ევა, შესძახა:

- „ეს კი, მართლაც, ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“.

მას ამავე დროს შეეძლო ეთქვა:

- ეს მე თვითონ ვდგავარ ჩემს თვალწინ!

რადგან ორივენი იმდენად ჰგავდნენ ერთმანეთს, იმდენად ერთნაირები იყვნენ, რომ სიშიშვლესაც კი ვერ გრძნობდნენ. ისინი ერთმანეთს ხედავდნენ როგორც ერთეულს, როგორც ადამიანს ორი გვამით.

მოგვიანებით, როცა მოხდა დაცემა, მათ დაინახეს თავიანთი სიშიშვლე, ესე იგი გაუუცხოვდნენ ერთმანეთს. და აი, ამ მომენტიდან დაიწყო ბრძოლა კვლავ გაერთიანებისათვის. სწრაფვა ერთმანეთისადმი, სასოწარკვეთილი, ბრმა ლტოლვა, ძახილი „დამიბრუნდი“. ყველაფერი ეს კი წარმოიშვა საქორწინო სიყვარულში, ორი ადამიანის სიყვარულში, თითოეული მათგანი ცნობს მეორეში თავის თავს და ამავდროულად ხედავს მეორეს არა მის კერძო შემოსაზღვრულობაში, არამედ ახალი სისავსით, ახალი სილამაზით, ახალი გააზრებით. ქორწინება, ესე იგი ამ შეხვედრის საიდუმლო, ხდება მაშინ, როცა ხდება ორი ადამიანისაგან ერთმანეთის შეცნობა, როცა ისინი ხედავენ ერთმანეთში თავიანთ მთლიანობას, ცხოვრების იმ მთლიანობას, რაც მხოლოდ ერთმანეთთან შეიძლება ჰქონდეთ. და ასე ხორციელად და სულიერად შეერთებულნი, რადენადაც შეიძლება ეს მოხდეს ამ დაცემულ სამყაროში, ისინი მთლიანდებიან ყოვლად სრულყოფილ ადამიანად. ეს არის გასაოცარი საიდუმლო. ეს არის ორი პიროვნების ერთ სრულ ადამიანად გამთლიანება. ქორწინება - ეს არის საიდუმლო, რადგან ახლა ის გაყოფა, რაც მოხდა ცოდვით, მნიშვნელოვნად და გარკვეულ წილად იხსნება.

ერთი წმიდა მამა ამბობს ისეთ რამეს, რამაც ზოგიერთი შეიძლება შეაცბუნოს, განაცვიფროს. იგი გამოთქვამს აზრს, რომ ქორწინებით კაცი და ქალი ისე მთლიანდებიან, რომ იგი შეიძლება შევადაროთ ქრისტესა და მორწმუნე ადამიანის ერთობას, როცა ეს უკანასკნელი ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს. აი მთლიანობის ის საზომი, რასაც ეს მამა ხედავდა ცოლ-ქმრის ხორციელ და სულიერ მთლიანობაში. ეს კი ნიშნავს, რომ ცოლი და ქმარი ერთმანეთში საკუთარ თავს ხედავენ, მაგრამ იმ ჩრდილების გარეშე, იმ სიმახინჯეების გარეშე, რომელსაც ყოველი ადამიანი ჩვეულებისამებრ ხედავს სხვაში. და როცა ერთდებიან, პავლე მოციქულის სიტყვებით, ისინი იქცევიან მცირე ეკლესიად. მართლაც, ქრისტეში, ღმერთში სული წმიდის მადლით ისინი ხდებიან ერთხორც, ერთარსად, და ამავე დროს რჩებიან ერთადერთ და განუმეორებელ პიროვნებებად. ქორწინებაში გადაილახება გაყოფის უკანასკნელი ზღვარი. იდეალური ცოლ-ქმრობისას ურთიერთობაში არ არის გახელება, არ არის სურვილი ერთმანეთის დაუფლებისა; პირიქით, ეს არის მოკრძალებული და ერთმანეთისთვის თავგანწირული, სიყვარულის საიდუმლოს ჭვრეტა.

ასეთია ქორწინების იდეალური სახე.

რა თქმა უნდა ქორწინებაში, დაცემულ სამყაროში სხვა ძალებიც მოქმედებენ. თავს იჩენს სქესობრივი მოთხოვნილებები, გახელება. მაგრამ ხდება, როცა ორნი შეერთდებიან ისეთი სიყვარულით, რომელიც შლის ყოველნაირ გაყოფის ზღვარს. ასე ხდებიან ისინი ერთნი და როცა ამის შედეგად იბადება ბავშვი, იგი კი არ წარმოადგენს მიტაცების ნაყოფს, არამედ ერთი ადამიანის მეორესადმი თავგანწირვის ნაყოფს.

აი, აქ კი მინდა შევეხო ბავშვების საკითხს. თამამედროვე მეცნიერება თანდათანობით ადასტურებს ეკლესიის სწავლებას. იმ მომენტში, როცა ხდება სულიერი არსების ჩასახვა, მასში უკვე დევს კაცობრიობის სისავსე. იგი უკვე ადამიანია. შეიძლება ითქვას, რომ ხორცშესხმა მოხდა მაშინ, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა ქალწულ მარიამს ქრისტეს განკაცების შესახებ. და მან უპასუხა:

- „აჰა მხევალი უფლისა, მეყოს მე შენი სიტყვისაებრ“.

სწორედ მაშინ მოხდა ხორცშესხმა მთელი სისავსით.

იგივე ხდება ქორწინებისას. ბავშვის ჩამოყალიბების პროცესში ჩანასახი დედისაგან უკვე იღებს ყველაფერ იმას, რაც ხდება მასში და მის გარშემოც. ბავშვამდე აღწევს ხმები, ჰაერის მოძრაობა. ასე იქცევა იგი დედის მეშვეობით სამყაროს ნაწილად. ამიტომაც ეკლესია ურჩევს დედას ილოცოს, ილოცოს არა ფორმალურად, არამედ მთელი არსებით, ესაუბროს ღმერთს, გაუზიაროს მას თავისი სიხარული. ამ დროს შეიძლება ილოცოს ხმამაღლა, რადგანაც ამ ლოცვის ხმა უჩვეულო სახით აღწევს ჩანასახამდე, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ბავშვამდე. როცა დედა ლოცულობს კრძალვით, მშვიდად, გააზრებული, ბავშვიც ეზიარება დედის ლოცვის საიდუმლოს. ეს გასაოცარია! ხოლო როცა ბავშვი უკვე დაიბადება, აუცილებელია მის საწოლთან ლოცვა. მან უნდა ვუგალობოთ საგალობლები; ყოველთვის მის სიახლოვეს ვილოცოთ საეკლესიო სიტყვებით, და მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვების მას არაფერი გაეგება, დედის ხმის ტემბრით მას გადაეცემა ეს განწყობა და ამ ლოცვით ეზიარება იგი ღმერთს. ხოლო როცა ბავშვი ცოტათი წამოიზრდება და იწყებს საგნებთან შეხებას, ამ დროს მასზე უკვე ზემოქმედებას ახდენს ყველაფერი, და ყოველივე ამან მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეიძლება შეასრულოს. ამიტომ თუ ოჯახში ჩხუბია, ყვირილი, ერთმანეთის მტრობა, ეს ამსხვრევს მისი სულის მთლიანობას, რადგან თითოეული შეყვირება აძრწუნებს მის სულს და ზოგჯერ სრულიად ამსხვრევს მას ისევე, როგროც მინას ამსხვრევს ძლიერი ხმა.

თუ ბავშვს ლოცვით ვზრდით, ლოცვის ხმოვანებას იგი შეისისხლხორცებს. ამასთან დაკავშირებით მინდა გიამბოთ ერთი ამბავი, რამაც დიდი კვალი დატოვა ჩემს სულში.

ჩვენს ტაძარში იყო მგალობელი ბასილი. მას შესანიშნავი ბანი ჰქონდა. იგი დაავადდა კიბოთი და საავადმყოფოში იწვა მომაკვდავი. მე მასთან ყოველდღე დავდიოდი. თავიდან ჩვენ ერთად ვგალობდით. მე ცოტა უხერხულად,რადგან არ გამაჩნდა არც სმენა და არც ხმა, ვუკითხავდი პარაკლისს მისი და მისი ცოლ-შვილის ჯანმრთელობისათვის, რომლებიც იმ დროს მისგან შორს იმყოფებოდნენ და იგი ძალიან ნატრობდა მათ ნახვას. დღითი-დღე სუსტდებოდა. ერთხელაც რომ მივედი, ექთანმა მითხრა, რომ უკვე უგონოდაა და კვდებაო. ოთახში რომ შევედი, დავინახე სასთუმალთან ცოლ-შვილი ეჯდა. ისინი სულ ცოტა ხნის წინ ჩამოსულიყვნენ იაპონიიდან და უგონო მომაკვდავისთვის ჩამოესწროთ. გამახსენდა, ბასილი რომ მეუბნებოდა როგორ ჩაესმოდა ყოველთვის, ძილ-ბურანშიც კი ჩემი ლოცვები და ვთხოვე მის ცოლ-შვილს გვერდი-გვერდ დამსხდარიყვნენ. მერე დავიჩოქე და დავიწყე, როგორც შემეძლო (ცუდად!) დიდი მარხვის ვნების საგალოებლი. და ყველამ დავინახეთ, როგორ უბრუნდებოდა თანდათან მომაკვდავს ცნობიერება. მალე მან თვალები გაახილა. მე ვუთხარი:

- ბასილ, შენ ცოლ-შვილი გადგას თავზე, შენ კვდები, დაემშვიდობე მათ.

იგი სრულიად გამოცოცხლდა. მერე ერთმანეთს გამოემშვიდობნენ მშვიდად, მთელი გულით და ამაღელვებლად. ბოლოს ვუთხარი:

- ახლა კი შეგიძლიათ მშვიდად განისვენოთ.

მან თვალები დახუჭა და მშვიდად მიიცვალა. სწორედ იმ საგალობელმა, რომელსაც მთელი ცხოვრება გალობდა, მოაბრუნა იგი იმდენი ხნით, რაც ცოლ-შვილთან გამომშვიდობებას სჭირდებოდა.

კიდევ ერთ შემთხვევას მოგიყვებით, რომელმაც ძალიან შემძრა.

ერთხელ მსახურებას ძალიან ხნიერ, 86 წლის დიაკვანთან ერთად ვატარებდი. მას ხანდაზმულობისაგან ხმაც კი წართმეოდა, მაგრამ მაინც გალობდა, რადგან ერთადერთი იყო, ვისაც ამის გაკეთება ყოველდღიურად შეეძლო. იმ დღეს იგი გალობდა, მე კი ვკითხულობდი. მაგრამ იგი ისე სწრაფად კითხულობდა და გალობდა, რომ ძლივს ვადევნებდი თვალს საკითხავს. ამით დაქანცულმა მსახურების შემდეგ ვუთხარი:

- მამა ექვთიმე, თქვენ დღეს მე მთელი ლოცვა წამართვით, მაგრამ ყველაზე უარესი ისაა, რომ ეს ლოცვა თქვენს თავსაც წაართვით. თქვენც არ შეგეძლოთ ასეთ სისწრაფეში რაიმე მოგესმინათ დღეს.

იგი ატირდა და მითხრა:

- შემინდეთ, მაგრამ იცით, მე სიღატაკეში გავიზარდე. მშობლებს წესიერად ჩემი გამოკვებაც კი არ შეეძლოთ, ამიტომ ხუთი წლისა უკვე მონასტერში მიმიყვანეს. რევოლუციამდე იქ ვცხოვრობდი. იქ ვისწავლე კითხვა და გალობა. ყოველდღე ვისმენდი წირვა-ლოცვას და ასე გახდა ყოველივე ეს ჩემი სულის ნაწილი. და ახლა, როცა ვისმენ ამ სიტყვებსა და ამ საგალობლებს, აღარ მჭირდება ყურადღების მოკრება მათ მოსასმენად, რადგან იგი ჩემი სუნთქვის ნაწილია. მათი გაგონებისთანავე თითქოს ღვთის სიმი ეხება ჩემს გულს და არფის მსგავსად, გული თვითონ იწყებს გალობას. ამიტომ ვახერხებ ასე სწრაფად გალობას, რადგან ეს მე კი არა, თვითონ არფა, ჩემი გული გალობს. ასე მივეჩვიე ბავშვობიდან ამას და ასე ვარ მთელი ჩემი ცხოვრება.

აი, როგორი საუნჯის მიცემა შეგვიძლია ბავშვისთვის; აი ყველაფერი ის, რისი თქმაც მინდოდა ქორწინებასთან დაკავშირებით. დიახ, ქორწინების შუაგულში სუფევს იესო ქრისტე, სული წმიდის მადლი და ასე მოქმედებს ეს საიდუმლო ქრისტეს მიერ.


kirieeleison1 Send a message
__ __
სიკვდილისა და საუკუნო სიცოცხლის შესახებ
1573 days ago 27.12.2009 11:17:43 Quote('4452643','4452643','7','809')">Report spam

სიკვდილთან ჩემეული, თავისებური დამოკიდებულება მაქვს. და ახლა, მინდა გაგიზიაროთ, თუ რატომ მაქვს სიკვდილთან არამცთუ მშვიდი, სასურველი, იმედიანი, თითქოსდა მოწყურებული დამოკიდებულებაც კი.

ჩემში პირველი ნათელი შთაბეჭდილება სიკვდილთან დაკვაშირებით მამაჩემთან საუბრისას შემოვიდა. ერთხელ მან მითხრა, რომ უნდა მეცხოვრა და მესწავლა სიკვდილის მოლოდინი, რომ ეს უნდა ყოფილიყო ისეთი მოლოდინი, როგორადაც საქმრო ელის სასძლოს; ველოდო მას, მსურდეს იგი, წინასწარ ვზეიმობდე მასთან შეხვედრას და შევხვდე მას თბილად, ალერსით.

აი, პირველი შთაბეჭდილება.

მეორე შთაბეჭდილება კი უკვე დიდი ხმის შემდეგ, მამის სიკვდილის დროს გამიჩნდა. იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. შევედი მასთან. ეს იყო პატარა ოთახი. ფრანგული სახლის მეორე სართულზე იდგა საწოლი, მაგიდა, ტაბურეტი და რამდენიმე წიგნი; შიგნით შევედი, კარი დავხურე და ისეთმა სიჩუმემ მომიცვა, რომ დავიყვირე:

- ადამიანებს ჰგონიათ, რომ სიკვდილი არსებობს?! ეს ხომ ტყუილია!

მთელი ოთახი სავსე იყო ისეთი სიცოცხლით, როგორსაც არ ქუჩაში, არც ეზოში და არც არსად არ შევხვედრივარ. აი, რატომ მაქვს ასეთი დამოკიდებულება სიკვდილთან და აი, რატომ განვიცდი ასე ძალუმად პავლე მოციქულის სიტყვებს: „ქრისტეა ჩემი ცხოვრება, ამიტომაცაა სიკვდილი მონაპოვარი“. სანამ ხორცში ვარ, მანამდე განშორებული ვარ ქრისტეს. მისმა სხვა სიტყვებმაც შემძრეს. მას მთელი ძალისხმევით სურს სიკვდილი და ქრისტესთან შეერთება: „თქვენ გჭირდებათ, რომ დავრჩე თქვენთან, მე ვიცოცხლებ“. ეს არის უკანასკნელი მსხვერპლი, რაც მას შეუძლია გაიღოს. ყველაფერი, რისკენაც ის მიისწრაფვის, რაზეც იმედოვნებს, რაც სურს, იგი მზადაა გადასდოს, რადგან იგი სხვებს სჭირდება.

მე ბევრი სიკვდილი მინახავს. 15 წელი ექიმად ვიმუშავე, მათგან 5 წელი ფრონტზე ვიმსახურე საფრანგეთის არმიაში. ამის შემდეგ 46 წელი მღვდელი ვიყავი და ნელ-ნელა დავასაფლავე ჩვენი ადრეული ემიგრაციის მთელი თაობა. მე გამაოცა იმან, რომ მართლმადიდებლები მშვიდად კვდებოდნენ, სხვები კი შიშით. და ეს ხდებოდა იმიტომ, რომ მართლმადიდებლებს სწამთ მარადისობა, სწამთ, რომ გარდაცვალების შემდეგ საუკუნო სიცოცხლეს ეზიარებიან. უპირველესი ჭეშმარიტება, რომელსაც ყოველი მღვდელი და ყოველი ადამიანი უნდა უმეორებდეს თავის თავასაც და სხვასაც, არის ის, რომ ადამიანი სიკვდილისთვის კი არა, მარადიული ცხოვრებისთვის უნდა ემზადებოდეს.

სიკვდილის შესახებ გამოცდილება ჩვენ არა გვაქვს, არა გვაქვს გამოცდილება იმისიც, რაც სიკვდილის დროს ხდება. მაგრამ იმის შეგრძნება კი გვაქვს, თუნდაც ჩანასახის დონეზე, თუ რა არის მარადისობა. თითოეულ ჩვენთაგანს გამოუცდია წამი, როცა ადამიანი დროის გარეშე არსებობს, არსებობს ცხოვრების მთელი იმ სისავსით და იმ აღმაფრენით, რაც არ ეკუთვნის მიწას. ამიტომაც პირველი, რაც უნდა ვისწავლოთ და სხვასაც ვასწავლოთ - ეს არის ის, რომ სიკვდილისთვის კი არ უნდა ვემზადოთ, არამედ ცხოვრებისთვის. და თუ ვსაუბრობთ სიკვდილზე, მაშინ ვისაუბროთ მასზე, როგორც კარზე, რომელიც ფართოდ გაიღება და საშუალებას მოგვცემს შევიდეთ მარადიულობაში. მაგრამ სიკვდილი ადვილი მაინც არაა. რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ სიკვდილზე, მარადიულობაზე, მაინც არაფერი ვიცით სიკვდილზე თავისთავად.

მინდა გიამბოთ ომის დროინდელი ჩემი ცხოვრებიდან ერთი რამ:

ფრონტზე უმცროსი ქირურგი ვიყავი. გვიკვდებოდა ახალგაზრდა ჯარისკაცი, 25 წლისა. მასთან საღამოს მივედი, გვერდით დავუჯექი და ვეუბნები:

- როგორ გრძნობ თავს?

შემომხედა და მითხრა:

- ამაღამ მოვკვდები.

- გეშინია სიკვდილის?

- სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ მეძნელება ყველაფერ ამასთან განშორება, რაც ასე მიყვარს; ჩემს ცოლთან, სოფელთან, მშობლებთან. ის კი, მართლაც, საშინელებაა, მარტო რომ ვკვდები.

- შენ მარტო არ მოკვდები.

- ეს როგორ?

- მე შენთან დავრჩები.

- თქვენ ვერ შეძლებთ მთელი ღამის ჩემთან გატარებას.

- ვითომ რატომ? შევძლებ.

იგი ჩაფიქრდა და თქვა:

- ჩემთანაც რომ დარჩეთ, რომელიღაც მომენტში ჩემთვის ამის შეგრძნება შეუძლებელი გახდება, და მაშინ მე წყვდიადში მარტო ჩავეფლობი.

- არა, სულაც არ იქნება ასე. შენ მე მიამბობ შენს სოფელზე, შენს ბავშვობაზე, ყველაფერზე, რაც გახსოვს და რაც სულში ჩაგრჩენია, რაც გიყვარს. მე შენი ხელი მექნება ხელში, თანდათანობით დაგღლის ლაპარაკი, მაშინ მე უფრო ბევრს ვილაპარაკებ, ვიდრე შენ. და როცა დავინახავ, რომ უკვე თვლემ, მაშინ ხმადაბლა განვაგრძობ საუბარს. შენ დახუჭავ თვალებს; მე ლაპარაკს შევწყვეტ, მაგრამ შენი ხელი მაინც მეჭირება და შენ პერიოდულად ხელს მომიჭერ ხელზე, რათა დარწმუნდე, რომ მე შენთან ვარ. თანდათან ვეღარ შეძლებ ხელის მოჭერას, მაგრამ ჩემს სიახლოვეს ახლა მე გაგრძნობინებ, მე მოგიჭერ ხოლმე ხელზე ხელს. და რაღაც მომენტში შენ აღარ იქნები ჩვენს შორის, მაგრამ შენ წახვალ მარტო კი არა, ჩემთან ერთად. ჩვენ მთელ გზას გავივლით ერთად.

და მართლაც, იმ ღამით რამდენიმე საათი ერთად გავატარეთ. რაღაც მომენტიდან მან ვეღარ შეძლო ხელის მოჭერა, მაშინ მე დავიწყე ამის კეთება, რომ მას თავი მარტო არ ეგრძნო. მერე მისმა ხელმა იწყო გაციება, გაიშალა და იგი უკვე აღარ იყო ჩვენთან... დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიკვდილის დროს, როცა ადამიანი მარადისობაში გადადის, მარტო არ იყოს. არსებობს კიდევ სხვა. ზოგჯერ ადამიანი დიდხანს ავადმყოფობს და იგი გარემოცულია ახლობელთა სიყვარულით, სითბოთი, მზრუნველობით. ამ დროს სიკვდილი ადვილია, თუმცა მტკივნეული. მაგრამ ძალიან მძიმეა სიკვდილი, როცა ადამიანს გარს აკრავს ისეთი ადამიანები, რომლებიც მოელიან მის სიკვდილს, რადგან ისინი მისი ავადმყოფობის ტყვეებად იქცნენ, მათ არ შეუძლიათ მოსცილდნენ მის საწოლს, მათ არ შეუძლიათ თავიანთი ცხოვრებით ცხოვრება, არ შეუძლიათ იხარონ თავიანთი სიხარულით; სნეული შავი ღრუბელივით ადგათ მათ თავზე:

„ნეტავ მალე მოკვდეს!“

ასეთი ფიქრები იპყრობს მათ. მით უმეტეს, თუ ეს თვეების მანძილზე გრძელდება; ახლობლები სულ უფრო მეტი და მეტი გულგრილობით კითხულობენ, როგორ გრძნობს თავს და ხომ არ ჭირდება რამე, მერე კი იმიზეზებენ საქმეებს, ამბობენ, რომ მალე დაბრუნდებიან და მარტო სტოვებენ. ამას მომაკვდავი გრძნობს; და თუმცა, მათი ხმა შესაძლოა სულაც არ ჟღერდეს სასტიკად, ადამიანმა იცის, რომ იგი მოინახულეს მხოლოდ იმიტომ, რომ უნდა მოენახულებინათ, სინამდვილეში კი მის სიკვდილს მოუთმენლად ელიან.

ზოგჯერ სხვაგვარადაც ხდება; ადამიანი კვდება, კვდება დიდხანს, მაგრამ იგი მაინც ძვირფასი და ახლობელია. ამ დროს ახლობელი ადამიანი მისთვის ყველაფერს სწირავს, გამუდმებით მის გვერდით იმყოფება და ამით ანიჭებს მას სიხარულს.

Login Password
advanced... ( / Registration )

Subject

In the text you can use Wiki or HTML tags.



Abuse | Hosted by MyLivePage | | © Kolobok smiles, Aiwan